Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-186-კ 30 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. მეტრეველი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა გ. წ-ის საკასაციო საჩივარი მოპასუხე ბათუმის მერიასთან ქ. ბათუმის საბჭოს პრეზიდიუმის 1937 წლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი ბაბუის _ ი. ექვთიმეს ძე წ-ის პატივისა და ღირსების აღდგენის თაობაზე.

სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მოსარჩელე გ. წ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ 1933 წლის 2 აპრილს ქ. ბათუმის სახელმწიფო სანოტარო კანტორაში დამოწმებული შენობის გასხვისების გარიგების შესაბამისად, მის ბაბუას _ ი. წ-ეს, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირის სასოფლო-სამეურნეო არტელ «წ-ისათვის” უჩუქებია თავის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹48-ში მდებარე ორი მაღაზია, ხოლო 1937 წლის 5 აპრილს ქ. ბათუმის საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ი. წ-ის განცხადების საფუძველზე ზემოთ მითითებული ორი მაღაზია ჩაირიცხა ქ. ბათუმის კომუნალურ ფონდში. მოსარჩელის თქმით, ცენტრალურ არქივში დაცული არ არის მოქ. ი. წ-ის განცხადება მისი ქონების კომუნალური ფონდისათვის გადაცემის თხოვნით, რის საფუძველზეც _ გ. წ-ე ამტკიცებს, რომ მსგავსი განცხადება ი. წ-ეს არასოდეს დაუწერია. მოსარჩელის აზრით, ი. წ-ეს მსგავსი განცხადება კიდევაც რომ დაეწერა, იგი მაინც უკანონო იქნებოდა, რადგანაც აღნიშნული ორი მაღაზია 1933 წელს უკვე გადაცემული ჰქონდა არტელ _ «წ-ს” და მოქ. ი. წ-ე არ იყო უფლებამოსილი 1937 წელს მოეთხოვა აღნიშნული ორი მაღაზიის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა.

მოსარჩელე _ გ. წ-ე თვლის, რომ 1937 წ. ქ. ბათუმის პრეზიდიუმის საბჭოს მიერ უნებართვოდ იყო გამოყენებული მისი ბაბუის ი. წ-ეს სახელი, რაც «შეურაცხმყოფელია მორალური თვალსაზრისით, რადგანაც ჩირქს სცხებს მისი ოჯახის პატიოსან სახელს”. გ წ-ემ მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, გაუქმებულ იქნეს ქ. ბათუმის საბჭოს პრზიდიუმის 1937 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

გ. წ-ის თქმით, მისი ოჯახისათვის მითითებული ფაქტის თაობაზე ცნობილი გახდა 2000 წლის 29 თებერვალს და ითხოვს, მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ იქნეს მიჩნეული გაშვებულად.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2000 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «გ” პუნქტის თანახმად, განსჯადობის შესაბამისად გ. წ-ის საქმე განსახილველად გაუგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას.

აჭარის უმაღლესი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მოპასუხე _ ქ. ბათუმის მერიამ წარმოადგინა შეპასუხება, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ი. წ-ის სახელი არ გამოყენებულა უნებართვოდ, რადგან არსებობს სათანადო დოკუმენტი, სადაც მას ი. წ-ეც ზეპირი ფორმით გაცხადებული აქვს, რომ თავის ქონებას გადასცემს საბინაო ფონდს და თუUმან ერთი და იგივე ქონება ჯერ «წ-ს” გადასცა, ხოლო შემდგომ ქ. ბათუმის საბინაო ფონდს, იგი ითვლება არაუფლებამოსილ გამსხვისებლად და ამ შემთხვევაში პრეტენზიის უფლება «წ-ის” სამართალმემკვიდრეებს უნდა ჰქონდეთ.

ამის გარდა, ქ. ბათუმის მერიის შეპასუხებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის დარღვევის ფაქტს, რადგან არ შელახულა მოსარჩელის ქონებრივი ან არაქონებრივი ინტერესი და მოსარჩელის პაპის _ ი. წ-ის სახელით სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული ქმედება განიხილება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად და არა სამოქალაქო დავად.

გ. წ-ემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის დროს, 2000 წლის 13 ოქტომბერს, წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც კვლავ საეჭვოდ მიიჩნია 1937 წლის 5 აპრილის დადგენილების შედგენა ბაბუის _ ი. წ-ის თხოვნის საფუძველზე, რადგან თვლის, რომ ქონების გასხვისებისათვის მხოლოდ ზეპირი თანხმობა არ იქნებოდა საკმარისი. ამის თაობაზე არქივში უნდა იყოს დაფიქსირებული წერილობითი განცხადება და მისი არარსებობა მიაჩნია ი. წ-ის სახელის უნებართვოდ გამოყენების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ის მოითხოვს არა საბჭოს პრეზიდიუმის 1937 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების, არამედ საოქმო დადგენილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც ეხება ი. წ-ის მიერ ქ. ბათუმის საბინაო ფონდში «დ-ის” გადაცემას.

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო კოლეგიამ არ გაიაზიარა გ წ-ის აზრი იმის თაობაზე, რომ რადგან არქივში არ არის შენახული მისი პაპის _ ი. წ-ის განცხადება დარაბების გადაცემის თაობაზე, ამიტომ ასეთი შინაარსის განცხადება არც გაკეთებულა, ვინაიდან არქივიდან წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად, მოქალაქეთა განცხადებების შენახვის ვადა 5 წელია.

სასამართლო კოლეგიამ განმარტა პატივისა და ღირსების ცნებები და მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, ი. წ-ის სახელის გამოყენებით არ შელახულა მისი პატივი და ღირსება.

სასამართლომ უზუსტობანი დააფიქსირა წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორისაც. გარდა იმისა, რომ საქმეში არსებულ დოკუმენტებში სხვადასხვა მისამართებია მითითებული, თვით ქ. ბათუმის საბინაო ფონდშიც ჩარიცხულა სამი დარაბა, მდებარე ..... ქ. ¹50/55-ში და არა ..... ქ. ¹48-ში მდებარე ორი მაღაზია. აღნიშნულ მაღაზიებსა და დარაბებს შორის სხვაობის დასამტკიცებლად სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში მოიყვანა მათ ღირებულებებს შორის სხვადასხვაობაც: არტელ «წ-ისათვის” ნაჩუქარი ორი მაღაზია შეაფსებულია 11 518 მანეთად, ხოლო საბინაო ფონდში ჩარიცხული სამი დარაბა _ 3811 მანეთად.

მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა საქმეთა პალატას და მოითხოვა აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

მ. წ-ემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ აჭარის სასამართლო კოლეგიამ არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რომელი სამოქალაქო კოდექსი უნდა გამოყენებულიყო აღნიშნული დავის გადასაწყვეტად. კასატორის თქმით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გამოიყენა მხოლოდ ახალი სამოქალაქო კოდექსის მე-18, მე-19 მუხლები და მათაც ძალიან ზედაპირულად შეეხო.

ამის გარდა, სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს წარმომადგენელი გაათავისუფლა მტკიცებულის ტვირთისაგან და ამის გარეშე, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე.

მოსარჩელემ არ გაიზიარა სასამართლოს დადგენილება იმის თაობაზე, რომ შეფასების სხვადასხვაობის გამო, საქმეში აღნიშნული მაღაზიები სხვადახვაა, რადგან საბჭოთა კავშირში ჩატარებული ფულის რეფორმის გამო 1993 და 1937 წლებს შორის ფულის კურსი შეიცვალა.

მოსარჩელის თქმით, 1937 წლის 5 აპრილის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საოქმო დადგენილების) ძალაში შესვლისთანავე არსებობდა მისი კანონსაწინააღმდეგობა და სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ნორმის თანახმად, ვალდებული იყო ბათილად ეცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი. სასამართლოს, არც ძველ და ახალ კოდექსებს შორის არჩევანის გაკეთება სჭირდებოდა, რადგან აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოშობილი ურთიერთობაა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, გაუქმდეს აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და უზენაესმა სასამართლომ თვითონ გადაწყვიტოს საქმე.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა კასატორთა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო კოლეგია იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 1993 წელს არტელ «წ-ისთვის” გადაცემულია ორი მაღაზია, მდებარე ..... ქ. ¹50/55-ში, მაშინ, როცა 1937 წლის 5 აპრილს საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით. ი. წ-ის განცხადების საფუძველზე, ქ. ბათუმის საბინაო ფონდში ჩარიცხულია მის საკუთრებაში არსებული სამი დარაბა მდებარე ..... ქ. ¹52-ში. აღნიშნული გარემოებები საქმეში არსებული დოკუმენტებით მტკიცდება.

საკასაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა აჭარის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიას იმის თაობაზე, რომ ი. წ-ის განცხადების საარქივო ფონდში არარსებობის გამო, არ შეიძლება იმის მტკიცება, თითქოს აღნიშნული განცხადება საერთოდ არ დაწერილა. საქმის მასალებში არსებობს აჭარის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, არქივში მოქალაქეთა განცხადებების შენახვის ვადა შეადგენს ხუთ წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს იმის მტკიცება, რომ ი. წ-ეს განცხადება, კუთვნილი ქონების ქ. ბათუმის საბინაო ფონდში ჩარიცხვის თაობაზე, საერთოდ არ დაუწერია, რადგან 1937 წლის ოქმის დაწერის შემდეგ გასულია რამდენიმე ათეული წელი.

საკასაციო კოლეგია ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 1937 წლის 5 აპრილს ქ. ბათუმის საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეილახა ი. წ-ის პატივი და ღირსება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნულ ოქმში არ მომხდარა ი. წ-ის სახელის უნებართვოდ გამოყენება, არამედ იგი ეფუძნებოდა მის პირად განცხადებას; მაგრამ, კოლეგიის აზრით, თუნდაც ასე მომხდარიყო, აღნიშნულ შემთხვევაზე არ გავრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლები. მითითებული მუხლების შესაბამისად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივსა და ღირსებას; ასევე, პირს შეუძლია დაიცვას საკუთარი სახელი უნებართვოდ გამოყენებისაგან, თუ ამით მისი ინტერესები ილახება. ზუსტად ამ მუხლებიდან გამომდინარე თვლის მოსარჩელე, რომ უნებართვოდ იქნა გამოყენებული მისი პაპის _ ი. წ-ის სახელი, რამაც შელახა მისი პატივი და ღირსება.

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, პატივის ცნებაში იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების საზოგადოებრივი შეფასება. ამასთან, პატივი პიროვნების ობიექტური შეფასებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ. ღირსება კი არის პიროვნების მიერ საკუთარი მორალური თუ სხვა თვისებების, უნარის, საზოგადოების წინაშე ვალის მოხდის, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება თავად პიროვნების მიერ. როგორც პატივი, ისე ღირსება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს. აქედან გამომდინარე, პატივისა და ღირსების ცნებები მოიცავს ობიექტურ და სუბიექტურ ასპექტებს ი. წ-ესა და მის შვილს არასოდეს გაუსაჩივრებიათ 1937 წლის საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება, როგორც მისი სახელის გამოყენებით შედგენილი, ასევე აღნიშნული ფაქტი არასოდეს გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის თუ შეფასების საგანი. ამას გარდა, საკასაციო კოლეგია მიიჩნევს, რომ 1937 წ. 5 აპრილის დადგენილება თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიცავს ი. წ-ის პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის პაპის _ ი. წ-ის პატივისა და ღირსების შემლახველად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო კოლეგიას მიაჩნია, რომ გ. წ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 16 ოქტომბრის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორის _ გ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2000 წლის 16 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნეს უცვლელად;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.