Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-188-კ 30 მარტი 2001 წ., ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი),

ნანა კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ხ-ემ და ფ. ლ-ამ 10.08.95 წ. დააფუძნეს შპს «ყ-ი», რომლის ქონება განისაზღვრებოდა შპს-ს კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურით - «გ-ო». 30.01.98 წ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე შპს «ყ-ის» დამფუძნებლის გ. ხ-ის მიმართ, სსკ 160-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის. 30.10.98 წ. საქმე შეწყდა გ. ხ-ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. 22.03.99 წ. გ. ხ-ემ და ფ. ლ-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ «თ-ის» ქუთაისის ფილიალში გ. ხ-ის ანგარიშზე რიცხული 25.460 აშშ დოლარის უკანონო დაყადაღების შედეგად ვერ მოხერხდა შპს «ყ-სა» და ფოთის ელექტრომონტაჟის და ექსპლუატაციის სამმართველოს შორის ნავთობპროდუქტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დადებული კონტრაქტის შესრულება. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელეებმა საბოლოოდ მოითხოვეს მიყენებული ქონებრივი ზიანის – 2.800 000 ლარის და 10500 აშშ დოლარის, ასევე მორალური ზიანის – 200 000 ლარის ანაზღაურება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიამ 26.07.2000 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის საქმის მარეაბილიტირებელი გარემოებებით შეწყვეტისა, სახელმწიფო პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურების დროს არაა უპირობო, იგი უნდა გამომდინარეობდეს დაზარალებულის ქონებრივი დანაკლისიდან, რომელიც თავის მხრივ გამომდინარეობს დადებული კონტრაქტის შეუსრულებლობიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს არც ქონებრივი დანაკლისი განუცდია და არც სავარაუდოდ მისაღები შემოსავალი დაუკარგავს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად გამყიდველს წარმოეშობა ვალდებულება ნავთობის გადაცემაზე მყიდველის მოთხოვნისა და ფულის წინასწარი გადახდის შემთხვევაში. გარიგებაში არ არის მითითებული მიწოდების დაწყების თარიღი, რის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარიგების წინაპირობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ნებაზე დამოკიდებული პირობა, სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, «ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომა ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია». სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი ბიზნეს – გეგმა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ ხელშეკრულების ნაწილად, იგი მხოლოდ ერთი მხარის სამომავლო გეგმაა და მხოლოდ ერთი მხარის – შპს «ყ-ის» მიერაა განხილული, მოწონებული და დამტკიცებული.

სასამართლომ უარი თქვა აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და აღნიშნა, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ამომწურავ ჩამონათვალს შეიცავს, რომელშიც არ არის გათვალისწინებული უკანონოდ სისხლის სამართლის საქმის ააღძვრა და უკანონოდ ქონებაზე ყადაღის დადება.

სასამართლომ უარყო მოსარჩელის მითითება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე თავზე, ვინაიდან კოდექსი ამოქმედდა 1999 წ. 15 მაისიდან, ხოლო სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1998 წ. 30 ოქტომბრის შემდეგ და 1999 წლის 30 აპრილიდან იხილება სასარჩელო წესით. სასამართლომ მიუთითა, რომ კოდექსის აღნიშნული თავის გამოყენება დაუშვებელია ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა გააფართოვა რეაბილიტაციის საფუძვლები და დაამძიმა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ხოლო სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად კანონს არა აქვს უკუქცევითი ძალა თუ იგი აუარესებს პირის მდგომარეობას. სასამართლომ მიუთითა, რომ საჭიროა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებით ხელმძღვანელობა, რომელიც დელიქტურ ვალდებულებას არეგულირებს. სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება თუ მუშაკი ბრალეულად მოქმედებდა, ბრალის გარეშე პაუხისმგებლობა არ დგება. საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის იმერეთის სამმართველოს ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კანონიერი უფლება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წ.) 117-ე მუხლის მე-8 ნაწილი და სსსკ 124-ე მუხლი ითვალისწინებდნენ ამ სამსახურის უფლებამოსილებას საქმის აღძვრაზე, ამავე კოდექსის 108-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ნიშნების გამომჟღავნება წარმოადგენდა საქმის აღძვრის საფუძველს. სასამართლომ კანონიერად ჩათვალა აგრეთვე გ. ხ-ის ქონებაზე ყადაღის დადებაც, ოპერატიულმა სამსახურმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და ქ. ქუთაისის სასამართლოს 28.01.98 წ. განჩინებით ყადაღა დაედო გ. ხ-ის ქონებას, რაც შემდგომში გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «ყ-ის» სარჩელი მოპასუხეების «თ-ის» ქუთაისის ფილიალის, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის, საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის იმერეთის სამმართველოს და შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის მხარის საგამოძიებო სამსახურის მიმართ, უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის 2800000 ლარის და 10500 აშშ დოლარის, ასევე მორალური ზიანის 200 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 26.07.2000 წ. გადაწყვეტილება შპს «ყ-ის» დამფუძნებლების გ.ხ-ის და ფ. ლ-ას მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. კასატორები მოითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 26.07.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კასატორები აღნიშნავენ, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს არ ჰქონდა სარჩელის განხილვის უფლება, რადგან საქმე აცილების წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსახილველად გადაეგზავნა ბაღდათის რაიონის სასამართლოს. საოლქო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქმის განხილვის პროცესუალური ვადები, სასამართლომ გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნია მრიცხველების მაჩვენებლების შემცირების ფაქტი, მაშინ როდესაც ჩატარებული გამოძიებით აღნიშნული არ დადასტურებულა. სასამართლო შეცდომით უთითებს, რომ გ. ხ-ის საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხების გატანის შეჩერების თაობაზე 30.12.97 წ. საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსის «თ-ის» ქუთაისის ფილიალისადმი წერილობით მიმართვამდე, 28.12.97 წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ხ-ის პირად ანგარიშს დაედო ყადაღა. არსებობს მხოლოდ სასამართლოს 05.02.98 წ. დადგენილება ყადაღის დადების შესახებ, რომლის მოხსნის შემდეგ მიღებულ იქნა თანხა.

შპს «ყ-ისა» და ფოთის ელექტრომონტაჟის და ექსპლუატაციის სამმართველოს შორის 25.12.97 წ. ხელშეკრულების დადების დადასტურებულად მიჩნევის მიუხედავათ, სასამართლომ უმართებულოდ ჩათვალა რომ მოთხოვნის უფლება არასახელშეკრულებო, დელიქტური ვალდებულებიდან წარმოიშვა. კასატორები არ ეთანხმებიან ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლების ანალიზიდან გაკეთებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ სახეზეა ნებაზე დამოკიდებული პირობა, ვინაიდან ხელშეკრულების მე-10 პუნქტი ავალდებულებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის. კასატორები, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 46-ე და 47-ე მუხლებზე დაყრდნობით, არ ეთანხმებიან აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიზნეს-გეგმა არ წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს. უმართებულოა აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილში არსებული ჩამონათვალის საფუძველზე, მაშინ როდესაც სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სხვა პირთა მიმართ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შემთხვევაში, ამავე მუხლის I ნაწილი ითვალისწინებს სახელმწიფოს და მოსამსახურის სოლიდარულ პასუხისმგებლობას. მოპასუხეთა განზრახ ან უხეში გაუფრთხლებლობით მოქმედებას ადასტურებს კანონის დარღვევით საქმის აღძვრა, ჩხრეკის ჩატარება, თანხის დაყადაღება, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლის მიხედვით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლებს წარმოადგენენ. სასამართლოს მოსაზრება რეაბილიტირებულთა მიმართ სახელმწიფო პასუხისმგებლობის დამძიმების გამო სსსკ უკუქცევითი ძალის არარსებობის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი იმავდროულად აუმჯობესებს რეაბილიტირებული პირის მდგომარეობას. უმართებულოა აგრეთვე იმერეთის საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული ინსპექციის მიერ საქმის აღძვრის უფლების დასაბუთება 1960 წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომელიც სრულიად სხვა სამართლებრივ სივრცეში იქნა მიღებული. სასამართლომ შეგნებულად აუარა გვერდი «მეწარმეთა შესახებ» კანონის 44-ე მუხლს, რომლის თანახმადაც შპს პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით, რაც გამორიცხავს პირის პირად პასუხისმგებლობას. საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლი, რომელშიც მოცემულია საგადასახადო ორგანოთა უფლებების ჩამონათვალი, არ შეიცავს მითითებას საგადასახადო ორგანოს ოპერატიული სამსახურის უფლებაზე აღძრას სისხლის სამართლის საქმე. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ «თ-ის» ქუთაისის ფილიალმა საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამსახურის ხელმძღვანელობის წერილის საფუძველზე დაყადაღების გარეშე 1997 წ. 30 დეკემბრიდან 1998 წ. 5 თებერვლამდე შეაჩერა საბანკო ოპერაციები, ბანკი ყადაღადადებულ თანხას იყენებდა კომერციული მიზნებისათვის, თანხის უკან დაბრუნებისას ბანკმა არ გასცა საპროცენტო დანარიცხები. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 26.07.2000 წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის და ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 26.07.2000 წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ დარღვეულია საქმის განსჯადობის და სამართალწარმოების წესები. კერძოდ, გ. ხ-ის და ფ. ლ-ას სასარჩელო განცხადება ბაღდათის რაიონის სასამართლოში აცილების საფუძველზე 1999 წლის 29 აპრილს იქნა შეტანილი. საქმე შემოსვლიდან მეორე დღესვე _ 30 აპრილს იქნა წარმოებაში მიღებული. «საერთო სასამართლეობის შესახებ» ორგანული კანონის 862 მუხლის თანახმად, საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ამოქმედებასთან დაკავშირებით, 1999 წლის 1 მაისიდან სასამართლოოებს უნდა შეეწყვიტად საქმეების განსახილველად მიღება. 15.05.99 წ. ძალაში შესული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეთა რიცხვს განეკუთვნა დავები, რომელთა სარჩელის ფასი 500 000 ლარს აღემატება. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის თანახმად, 1999 წლის 15 მაისამდე სასამართლოებში მიღებული საქმეები იმ სასამართლოების მიერ უნდა განხილულიყო, რომელთა წარმოებაშიც იყო ეს საქმეები. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 05.08.99 წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი ბაღდათის რაიონის სასამართლოს 22.06.99 წ. განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც მოპასუხეებს უარი ეთქვათ აცილების განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამასთანავე, მიღებული საქმე გადაეცა საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად. ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმის განხილვა საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის 11.08.99 წ. განკარგულებით დაევალა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიას. ამასთანავე, 2000 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით, სადავო ურთიერთობები საჯარო-ადმინისტრაციულ და არა კერძო - სამართლებრივ (სამოქალაქო-სამართლებრივ) ურთიერთობათა რიგს განეკუთვნა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს, შესაბამისად, საქმე უნდა განეხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს, რაიონული სასამართლოები განიხილავენ ადმინისტრაციულ საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული საქმის კატეგორია არ არის მოცული მე-6 მუხლის ჩამონათვალით. კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, უკეთუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან საოლქო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით არის განსაზღვრული, იგი არ წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას და შეიცავს საოლქო სასამართლოების პირველი ინსტანციის წესით განსახილველი სარჩელების ამომწურავ ჩამონათვალს, ხოლო სსკ 435-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება სასამართლოში ხორციელდება იმ საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის დროს, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსჯადობის საკითხი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით უნდა გადაწყდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა შედეგად იწვევს სამართალწარმოების სრულებით განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, რაც პროცესუალური კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქმის განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მატერიალური ნორმების რეალიზაციის შესაბამისი პროცესუალური, კერძოდ კი ადმინისტრაციულ-პროცესუალური ნორმებით. მიუხედავათ აღნიშნულისა, დავის გადაწყვეტისას კოლეგიამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის (992, 997, 1005.3, 412, 92, 50), 1960 წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (117.8, 124, 108.5), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (244, 243, 249) მუხლებით, კოლეგიის მიერ სრულებით იქნა იგნორირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესები, რის გამო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მთლიანად და ხელახალი განხილვისათვის განსჯადობისამებრ გაეგზავნოს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

საქმის ხელახალი განხილვისას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის ფასის გათვალისწინებით, კოლეგიამ მხედველობაში უნდა იქონიოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-14 მუხლის თანახმად, სამინისტრო (სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას სასამართლოებში იმ საქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, რომელთა სარჩელის ფასი აღემატება ერთ მილიონ ლარს.

სარეზოლუციო ნაწილი :

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-5 და მე-6, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების გ. ხ-ის, ფ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 26.07.2000 წ. გადაწყვეტილება. საქმე განხილვისათვის განსჯადობით გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.