გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-189-კ 14 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განიხილა ც. მ-ძისა და ქ. რ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. მ-ძემ და ქ. რ-ძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ს. და ტ. ა-იანების გამოსახლება მათ მიერ უკანონოდ დაკავებული სარდაფიდან იმ საფუძვლით, რომ მათი საცხოვრებელი ბინის ქვეშ მდებარე სარდაფი 46,72 კვ.მ მათ მიერ შესყიდული იქნა საცხოვრებელ ბინასთან ერთად ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო-სარემონტო გაერთიანებისაგან, რაზეც 1991 წლის 17 ივლისს გაფორმებულ იქნა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
მოპასუხეებმა ს. და ტ. ა-იანებმა შეგებეული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, ქ. რ-ძის, ც. მ-ძის, ქ. ბათუმის მერიის, ქ. ბათუმის ნოტარიუსის მ. მ-ძის მიმართ, რომლითაც მათ სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს 1991 წლის 17 ივლისს ქ. ბათუმის აღმასკომსა და მოქალაქე ვ. რ-ძეს შორის გაფორმებული საცხოვრებელი ბინისა და სამეურნეო ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება. კერძოდ, ხელშეკრულებიდან სამეურნეო ფართის (სარდაფის) ამორიცხვა. შეგებებულ სარჩელში მიუთითებდნენ, რომ ისინი 1920 წლიდან ცხოვრობდნენ ამ სარდაფში. ს. ა-იანი დაიბადა ამ სარდაფში. ჩაწერილი არიან აქ. ქ. ბათუმის ¹ 2 მიკრორაიონის საბინაო საექსპლუატაციო კანტორის მიერ გაცემულია პირადი ბარათი, როგორც სარდაფის დამქირავებლებზე. მათი მტკიცებით, მოსარჩელემ ისე მოახდინა სადავო სარდაფის ყიდვა 1991 წლის 17 ივლისს, რომ მათ არ იცოდნენ. ისინი იმ დროისათვის ჩაწერილი იყვნენ და ცხოვრობდნენ ამ სარდაფში. მოსარჩელემ ისარგებლა იმით, რომ ისინი წასული იყვნენ დროებით რუსეთში სამუშაოდ, დაიკავა სარდაფი და დაკეტა ბოქლომით. მიუთითეს, რომ 1993-94 წლებში მერიამ დააყენა სარჩელი სასამართლოში. რომელ საქმეშიც ჩართულ იყვნენ თვითონაც, როგორც დაინტერესებული პირი, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. იგი წასული იყო რუსეთში და არ შეეძლო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო. 1999 წლის სექტემბერში შვილებთან ერთად შევიდა სადავო სარდაფში და დაიწყეს ცხოვრება. თავიანთი მოქმედება მიიჩნიეს სწორად. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, განიხილა საქმე და 2000 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელეთა სარჩელი. მოპასუხე ა-იანები შვილებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ სადავო სარდაფიდან. შეგებებული სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული უსაფუძვლობისა და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. და ტ. ა-იანებმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქმე სააპელაციო წესით განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო პალატამ და 2000 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. და ტ. ა-იანების სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა: გააუქმა საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება; ნაწილობრივ გააუქმა ქ. ბათუმის ¹ 3 სანოტარო კანტორის მიერ დამოწმებულ 1991 წლის 17 ივლისის ¹ 7421 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმაკომის საბინაო სარემონტო საწარმოო გაერთიანებასა და მოქალაქე ვ. რ-ძეს შორის. კერძოდ, ხელშეკრულებიდან ამოირიცხა 46,72 კვ.მ, სამეურნეო ფართის (სარდაფის) შესყიდვა დანარჩენ ნაწილში ყიდვა-გაყიდვის ხელშკერულება დატოვა უცვლელად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ ისინი არიან სადავო სარდაფის კანონიერი დამქირავებლები. მათი ოჯახი 1920 წლიდან ცხოვრობდა სადავო სარდაფში. არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ა-იანების ოჯახი არ ირიცხებოდა სარდაფის დამქირავებლად, რადგან მათ არ გააჩნდათ ორდერი და მათზე ორდერის გაცემა არ შეიძლებოდა, ვინაიდან სარდაფი საცხოვრებელ ფართად რეგისტრირებული არ იყო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ იმის გამო არ იყო გაცემული ორდერი, რომ სარდაფი საცხოვრებელ ფართად რეგისტრიორებული არ იყო. ქალაქის საბჭოს აღმასკომის მიერ ა-იანებზე გაცემული იყო პირადი ბარათი, რაც სააპელაციო სასამართლომ საბინაო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად მიიჩნია ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელად. მიუთითა, რომ არც დამქირავებლის და არც გამქირავებლის ინიციატივით არ მომხდარა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა საბინაო კოდექსის 95-ე, 99-ე და 100-ე მუხლებიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1991 წლის ივლისში, როცა ვ. რ-ძემ ქალაქის საბჭოს აღასკომისაგან შეისყიდა მისი საცხოვრებელი ფართი და სადავო სარდაფი, ა-იანები ჩაწერილ იყვნენ და ცხოვრობდნენ ამ სარდაფში. არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ა-იანების ოჯახმა 1991 წლის ნოემბერ-დეკემბერში დროებით დატოვეს სადავო სარდაფი და საცხოვრებლად გადავიდნენ კ-ოვის ბინაში, მათ ამით ფაქტობრივად დაკარგეს სარდაფზე ბატონობა. სააპელაციო საამართლომ მიიჩნია, რომ ეს მტკიცება არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მათ სადგომით სარგებლობის უფლება არ დაუკარგიათ. მიიჩნია, რომ ამ მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლი. მიუთითა, რომ აღნიშნული ურთიერთობის დარეგულირებისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სარდაფი არ შეიძლებოდა 1991 წლის ივლისში ყოფილიყო ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, ვინაიდან ა-იანები იყვნენ სადგომის კანონიერი დამქირავებელები. ქალაქის საბჭოს აღმასკომს, ხოლო შემდეგ მერიას შორის სადავო ფართის ქირავნობის ხელშეკრულება არ მოშლილა. ჩათვალა, რომ ვ. რ-ძემ თავის დროზე არასწორად, კანონის დარღვევით, ქალაქის საბჭოს აღმასკომის საბინაო გაერთიანების ზოგიერთი მუშაკის ხელშეწყობით, მოახერხა არასწორი დოკუმენტების წარდგენა ნოტარიუსში და ამ გზით შეძლო მოქმედი საბინაო კანონმდებლობის დარღვევით შეესყიდა მისი ბინის ქვეშ მდებარე სამეურნეო ფართი, სარდაფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვ. რ-ძე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სადავო სარდაფის კეთილსინდისიერ შემძენად და შესაბამისად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-იანებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვათ უარი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე არასწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ა-იანების მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაშვება და ამ მიმართებით ახალი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენება, ჩათვალა, რომ მათ მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით არ ყოფილა გაჩერებული.
ც. მ-ძემ და ქ. რ-ძემ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით. მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო სარდაფი შეადგენს მისი საცხოვრებელი ფართის განუყოფელ ნაწილს. 1991 წელს მოახდინა საცხოვრებელი ფართისა და სარადაფის შესყიდვა. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება სათანადო წესით იქნა გაფორმებული და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მიუთითებს, რომ შესყიდვის დროისათვის სარდაფი იყო თავისუფალი. იქ მცხოვრები ა-იანები გადასული იყვნენ კ-ოვის სახელზე რიცხულ ბინაში. მიაჩნია, რომ ა-იანების ოჯახი სადავო სარდაფში ცხოვრობდა უკანონოდ, როგორც არასაცხოვრებელ ფართში. არ არსებობდა ქ. ბათუმის მერიის გადაწყვეტილება აღნიშნული ფართობის, როგორც საცხოვრებელი ფართობის დაკანონებაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საბინაო კოდექსის 95-ე, 99-ე, მე-100 მუხლები, კასატორის აზრით, ეხება საცხოვრებელ ფართობს და არა არასაცხოვრებელს. ასევე მიუთითებს, რომ ა-იანების ოჯახს სარდაფზე კანონიერი ნფლობელობა არ ჰქონია და მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა აუცილებლობას, რომ ისინი სარდაფის შესყიდვამდე ყოფილიყვნენ ცნობილი სადავო ფართზე უფლებადაკარგულად. მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, იმ დროსიათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 57-ე, მე-60 და 61-ე მუხლები. კასატორების აზრით, ა-იანების მიერ წარმოდგენილი პირადი ბარათი ყალბია და მათი ჩაწერა სადავო ფართში გაყალბებულია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო სარდაფი შეადგენს მათი საცხოვრებელი ფართის განუყოფელ ნაწილს. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ა-იანების ოჯახი 1920 წლიდან ცხოვრობს სადავო სარდაფში და მათი იქ ცხოვრების კანონიერება სადავოდ არავის არ გაუხდია. ის გარემოება, რომ სადავო სარდაფი არის არასაცხოვრებლი ფართი, არ შეიძლება ჩათვალოს ა-იანების იქ ცხოვრების უკანონობის, მათზე გაცემული პირადი ბარათის სიყალბისა და სადავო ფართში მათი ჩანაწერის გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებად. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა-იანები მთელი ამ ხნის განმავლობაში სადავო სარდაფს იყენებდნენ საცხოვრებლად. იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. მათზე გაცემული იყო პირადი ბარათი და ფაქტობრივად, ისინი წარმოადგენენ სადავო სარდაფის როგორც საცხოვებელი ფართის დამქირავებლებს. ის გარემოება, რომ არ არსებობს ქ. ბათუმის მერიის გადაწყვეტილება აღნიშნული ფართის, როგორც საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესახებ, ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს ა-იანების ოჯახის იქ ცხოვრების უკანონობის დამადასტურებლად. შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა იმ დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 95-ე, 99-ე და მე-100 მუხლები. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების დროისათვის სადავო სარდაფი თავისუფალი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს. ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას თაობაზე, რომ სადავო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო სარდაფი არ შეიძლება ყოფილიყო ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, ვინაიდან ა-იანები იყვნენ მისი კანონიერი დამქირავებლები. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ფ. რ-ძე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სადავო სარდაფის კეთილსუნდისიერ შემძენად.
უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო სასამართლოს კასატორების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელააციო სასამართლომ არ გამოიყენა საბინაო კოდექსის 57-ე, მე-60 და 61-ე მუხლები. სადავო სარდაფში ა-იანების ოჯახი ცხოვრობდა 1920 წლიდან, ე.ი. მათი შესახლება მოხდა 1920 წელს, ხოლო საბინაო კოდექსი, რომლის ნორმების არ გამოყენებაზეც უთითებენ კასატორები მიღებულ იქნა 1983 წლის 4 ივნისს და ამოქმედდა ამავე წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად ა-იანების ოჯახის მიერ სადავო სარდაფის დაკავების უკანონობის დამადასტურებლად საბინაო კოდექსის ნორმების გამოყენება უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას ა-იანების მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საკითხთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს არ გაუშვიათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევებს არ აქვს ადგილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 410-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორების _ ც. მ-ძისა და ქ. რ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 18 ნოემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება