გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹3გ\ად-191-კ 5 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა ლ. ნ-ას წარმომადგენლის მ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წშლის 18 თებერვალს ს. ყ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლ. ნ-ასა და ნოტარიუს ე. გ-ის მიმართ და ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹21/7 მდებარე ბინის პრივატიზაციის 1998 წლის 4 ნოემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. საფუძვლად მიუთითა, რომ მას, ს. ყ-ს, როგორც სამამულო ომის ინვალიდს, 1988 წლის 16 აპრილს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მიეცა ოროთახიანი ბინა ფართით 30 კვ. მ. მასთან ერთად ბინაში ჩაწერილი იყო მისი შვილი გ. ყ-ი, რომელიც 1995 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. ტომსკში და დაქორწინდა მოპასუხე ლ. ნ-აზე. 1998 წელს გ. ყ-ს ტომსკში გაუკეთდა ოპერაცია. ცნობილი გახდა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. 1998 წლის ოქტომბერში გ. ყ-ი ლ. ნ-ამ ჩამოიყვანა ქ. ქუთაისში და ამავე პერიოდიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე ქუთაისის ონკოლოგიურ დისპანსერში, დიაგნოზით კუჭის კიბო, მე-4 სტადია. ამ გარემოებამ იმოქმედა ს. ყ-ზე და ორივენი, მამა-შვილი თითქმის უგრძნობლად იყვნენ. ამით ისარგებლა ლ. ნ-ამ, მოიყვანა სახლში ნოტარიუსი და 1998 წლის 4 ნოემბერს ს. ყ-ის თანხმობით გ. ყ-ზე ბინის პრივატიზაცია გააფორმა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ლ. ნ-ამ ისარგებლა მისი და მისი შვილის უმწეო მდგომარეობით და ყოველგვარი წესის დარღვევით გააფორმა ბინის პრივატიზაცია, რაც უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 58-ე მუხლებისა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა მოსარჩელეს სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობაზე იმ მოტივით, რომ გ. ყ-ი ხელშეკრულების დადებისას იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობის გაგება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ს. ყ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ საქმეში თანამოპასუხედ ჩააბა ქალაქ ქუთაისის გამგეობა, ორჯერ დანიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დადგენილად ცნო, რომ გ. ყ-ის მდგომარეობა იყო მძიმე, ავადმყოფი მიჯაჭვული იყო საწოლზე, დაკარგული ჰქონდა ცნობიერება, გაბრუება და უმწეობა აღწევდა სუბსტუპოროზულ მდგომარეობას, რის გამოც გ. ყ-ს არ შესწევდა უნარი გაეცნობიენებინა თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ყ-ს 1998 წლის 4 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს არ გამოუვლენია თავისი ნება. ნების გამოვლენის გარეშე კი არ არსებობს გარიგება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლისა. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენა, როგორც ქმედობა ან ნებელობითი აქტი, გულისხმობს ნებით განსაზღვრულ მოქმედებას ან უმოქმედობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (ს. ყ-ის განმარტება; მოწმე ბ-ის განმარტება; სპეციალისტ ვ. კ-ოს განმარტება; სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის აქტები), სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ გ. ყ-ს დაკარგული ჰქონდა ცნობიერება და აქედან გამომდინარე მისი ქმედება _ 1998 წლის 4 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა _ არ შეიძლება ჩაითვალოს ნებელობით აქტად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ასეთი ხელშეკრულება ბათილია.
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შეიტანა ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემებში და ქ. ქუთაისში, ..... ქუჩა ¹21/7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამოყოფილი ნაწილი აღრიცხა ს. ყ-ის სახელზე, 1986 წლის 16 ივნისს გაცემული ¹..... ბინის ორდერის საფუძველზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-ას წარმომადგენელმა მ. ს-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილი, რადგან მას არ გააჩნდა მტკიცებულება, რომ გ. ყ-ს სადავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტში ჰქონდა ცნობიერება დაკარგული ან მოშლილი ჰქონდა ფსიქიკა. კასატორი სადავოდ ხდის ს. ყ-ზე სადავო ბინის აღრიცხვის ფაქტსაც, რადგან მიიჩნევს, რომ ამით უხეშად დაირღვა ბინის მესაკუთრის – ქ. ქუთაისის მერიის უფლებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ლ. ნ-ას წარმომადგენლის მ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაკითხა მოწმეები, სპეციალისტები, ორჯერ ჩაატარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დადგენილად ცნო, რომ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის გ. ყ-ის მდგომარეობა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პერიოდში იყო მძიმე, ავადმყოფი მიჯაჭვული იყო საწოლზე, გაბრუება და უმწეობა აღწევდა სუბსტუპოროზულ მდგომარეობას, რის გამოც მას არ შესწევდა უნარი გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე მისი ქმედება _ სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა _ არ შეიძლება ჩაითვალოს ნებელობით აქტად, რის გამოც ხელშეკრულება ბათილია. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე და 58-ე მუხლები, მითუმეტეს, რომ კასატორმა ვერ წამოაყენა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 1998 წლის 4 ნოემბრის სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებას ს. ყ-ის ბინაზე არ ესწრებოდა ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე მხარე _ ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენელი. უფრო მეტიც, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ქალაქ ქუთაისის მერია მხარედაც არ ყოფილა მოწვეული. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და ძალაში უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, თვლის, რომ ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹21/7 მდებარე სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ უნდა აღდგეს ხელშეკრულების ბათილობამდე არსებული მდგომარეობა და ქუთაისის ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროში სადავო ბინის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქალაქ ქუთაისის მერია, ხოლო ერთადერთ დამქირავებლად _ ს. ყ-ი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლია მოახდინოს მისი პრივატიზაცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 249-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კასატორ ლ. ნ-ას წარმომადგენლის მ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. დაკმაყოფილდეს ს. ყ-ის სარჩელი, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹21/7-ში მდებარე სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება თანმდევი შედეგებით.
4. კასატორს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 20 ლარის გადახდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.