Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-194-კ 22 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი:

1. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;

2. სს «ქ.” ჩატარებული კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1998 წლის 14 დეკემბრის შემოწმების აქტით გადასახდელად დარიცხული 6251092,87 ლარის სს «ა.” დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს რუსთავის «ქ. კ.” (ამჟამად სს «ა.”) სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის კომპლექსური რევიზია, რომელიც მოიცავდა 1995 წლის იანვრიდან 1998 წლის 1 მაისამდე პერიოდს. სს «ქ. კ.” 1995 წლის მარტიდან აერთიანებდა სს «ქ.” და სს «აზოტს”. საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1998 წლის 14 დეკემბრის შემოწმების აქტით სს «ქ.”’ ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდებში გადასარიცხად ჯარიმა-საურავების გათვალისწინებით დამატებით დაერიცხა 7121355,12 ლარი, კერძოდ: სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი _ 108201 ლარი; ეკოლოგიური გადასახადი _ 11055 ლარი; ფიზიკურ პირთა საშემომასავლო გადასახადი _ 980875,17 ლარი, აღურიცხავი პროდუქტის ღირებულება _ 45632 ლარი, სოცანარიცხები _ 1966610,18 ლარი; ჯანმრთელობის ფონდი _ 442544,25 ლარი; დასაქმების ფონდი 123151,29 ლარი, საგზაო ფონდი _ 648337 ლარი; სახელმწიფო ბაჟის საურავი _ 273682 ლარი, წყლის გადასახადი _ 378422,23 ლარი. საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1998 წლის 14 დეკემბრის აქტით დარიცხულ 7121355,19 ლარში გათვალისწინებულ იქნა, ასევე, საქართველოს რესპუბლიკის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 1998 წლის 10 ივნისის შემოწმების აქტით სს «ქ.” დარიცხული 1338533 ლარიც. სს «ქ.” არ დაეთანხმა კონტროლის პალატის 14 დეკემბრის აქტს, 24 დეკემბერს შენიშვნებით მიმართა კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს და მოითხოვა დამატებითი მოკვლების ჩატარება, რადგან თვლიდა, რომ დარიცხული თანხები უსაფუძვლოდ იყო გაზრდილი. საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს კოლეგიამ 1998 წლის 23 დეკემბერს მიიღო დადგენილება სს «ქ.” ჩატარებული კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ, რომლითაც უცვლელად გაიზიარა 14 დეკემბრის შემოწმების აქტი სს «ქ.” 7121355,12 ლარის დარიცხვის შესახებ და გადაწყდა რევიზიის მასალების საქართველოს ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისადმი 1999 წლის 11 იანვრის მიმართვაში სს «ქ.” არ დაეთანხმა ქვემო ქართლის ბიუროს შემოწმების აქტს და მისი სისწორის ერთობლივად გადამოწმება მოითხოვა პროკურატურაში საქმის გადაცემამდე, რაც არ განხორციელდა და მასალები გადაიზგავნა ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურაში, სადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაინიშნა სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 1999 წლის 12 ივლისის ¹ 977/17 ექსპერტის დასკვნით სს «ქ.” საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფონდებში გადასარიცხად დაეკისრა ძირითადი თანხა _ 685041 ლარი, ჯარიმა _ 133577,56 ლარი, საურავი _ 3043676,71 ლარი, სულ გადასახდელმა თანხმამ შეადგინა 3862294,96 ლარი, რაც 3259060 ლარით ნაკლებია საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1998 წლის 14 დეკემბრის აქტით დარიცხულ თანხაზე. დარიცხული თანხების ურთიერთშედარების შესაბამისად, 1999 წლის 16 აგვისტოს საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიურომ 1998 წლის 14 დეკემბრის აქტით სს «ქ.” დარიცხული თანხა 7121355,12 ლარი შეამცირა 870262,25 ლარით და სააქციო საზოგადოებას გადასახდელი დარჩა 6251092 ლარი, რაც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის ¹ 660 ბრძანებულებით რესტრუქტურიზებულია 2002 წლამდე, «საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონის შესაბამისად. საქართველოს ქვემო ქართლის ოლქის პროკურორის 1999 წლის 15 ივლისის დადგენილებით წარმოებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე სს «ქ.” ჩატარებული დოკუმენტური რევიზიის შედეგად გამოვლენილ დარღვევათა ფაქტებზე, დანაშაულის შემთხევევის არარსებობის გამო, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის განაჩენით სს «ქ.” ¹ 5 საწყობის გამგე ა. ბ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 94-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტის 1999 წლის 12 ივლისის ¹ 977/47 დასკვნის ასლი სს «ქ.” რუსთავის სასამართლოს მიერ გადაეგზავნა 2000 წლის 10 ივლისს.

2000 წლის 21 ივლისს სს «ა.” სარჩელი აღძრა საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს მიმართ შემდეგი მოთხოვნით: 1. მოპასუხეს დაევალოს ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით 1998 წლის 14 დეკემბრის რევიზიის აქტის კორექტირება და საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფონდებში დარიცხული 6251092 ლარის შემცირება 3883588 ლარამდე, საიდანაც უნდა მოიხსნას საქენერგოსთან მიმართებაში უსწოროდ დარიცხული 1071765 ლარი. 2000 წლის 2 ნოემბრის დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით სს «ა.” გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა იმ საფუძვლით, რომ ექსპერტის დასკვნა მისთვის არავის გადმოუგზავნია, საკუთარი ინიციატივით დასკვნის მოპოვება შეძლო მხოლოდ 2000 წლის 12 ივლისს, ამ მომენტიდან წარმოეშვა სასამართლოში დავის უფლება და ცნობილი გახდა კონტროლის პალატის მიერ უსაფუძვლოდ, ზედმეტად დარიცხული თანხის შესახებ მოპასუხეებმა _ საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიურომ და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტემანტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვებისა და უსაფუძვლობის მოტივით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «ა.” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელდობრ:

1. სს «ქ.» ჩატარებული კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1998 წლის 23 დეკემბრის დადგენილების გასაჩივრებაზე ხანდაზმულობის ვადის გაშვება კოლეგიამ საპატიოდ ჩაუთვალა, ვინაიდან საზოგადოებამ განიცადა რეორგანიზაცია, სს «ქ.” გაიყო სს «ა.”, «ქ.” და «ე.”, რამაც გავლენა მოახდინა «ა.” უფლებების დაცვაზე. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას აქტის შესაბამისად «ა.” არ წარუდგენია საინკასო დავალებები, ექსპერტის დასკვნა კი მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2000 წლის 10 ივლისს. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიამ აღუდგინა სს «ა.” საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1998 წლის შემოწმების აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა და ნაწილობრივ ბათილად ცნო იგი;

2. სასამართლო კოლეგიამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-106-ე მუხლებზე დაყრდნობით მთლიანად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 1999 წლის 12 ივლისის დასკვნა ¹ 977/17, რომელსაც ეფუძნება ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურის 1999 წლის 15 ივლისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ და რუსთავის სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ¹ 1-191-99 სისხლის სამართლის საქმეზე. ვინაიდან ექსპერტის დასკვნა თავად კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროსაც არ გაუხდია სადავოდ, არამედ ნაწილობრივ გაიზიარა და 1998 წლის 14 დეკემბრის შემოწმების აქტით სს «ა.” დარიცხული თანხა ნებაყოფლობით შეამცირა 870262,25 ლარით, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ექსპერტის დასკვნა სრულად ასახავდა სს «ქიმკომბინატის” კომპლექსური რევიზიის შედეგებს და მის შესაბამისად მოსარჩელეს სულ დაარიცხა 3885849 ლარი, ნაცვლად შემოწმების აქტით გათვალისწინებული 6251092 ლარისა, დაკისრებული თანხიდან 708588 ლარი არის ძირითადი გადასახადი, ხოლო 3177261 ლარი _ სანქციები, კერძოდ, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს «ა.” დაეკისრა” მოგების გადასახადი _ 1071765 ლარი; დღგ _ 92074 ლარი. სამეწარმეო გადასახადი - 108201 ლარი; ეკოლოგიური გადასახადი _ 11055 ლარი; საშემოსავლო გადასახადი _ 233255 ლარი. წყლის გადასახადი 94481 ლარი; სოცანარიცხები _ 1400490 ლარი; ჯანმრთელობის ფონდის გადასახადი _ 241 999 ლარი; დასაქმების ფონდი _ 1227578 ლარი; საგზაო ფონდის _ 464138 ლარი. აღურიცხავი საქონლის ღირებულება _ 45633 ლარი;

3. შემოწმების აქტით სს «ა.” დარიცხული მოგების გადასახადის 1071765 ლარით შემცირება, იმ მოტივით, რომ აღნიშნული დარიცხვა ექსპერტის კვლევის საგანი არ ყოფილა, კოლეგიის მიერ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიურო და მის გაუქმებას ითხოვს შემდეგი მოტივით:

1. გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა უმართებულოა, ვინაიდან შემოწმების სადავო აქტი მოსარჩელეს 1998 წლის 23 დეკემბრიდან 2000 წლის 13 ივლისამდე არც კონტროლის პალატაში და არც სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ასევე, უსაფუძვლოა სს «ქ. კ.” რეორგანიზაციის ჩათვლა ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, რადგან სს «ქ.” სს «ე.” გამოეყო 1997 წლის 5 სექტემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრის ¹ 1-3/546 ბრძანებით; ამავე სამინისტროს 1997 წლის 31 ივლისის ¹ 1-3/483 ბრძანებით ცალკე დაფუძნდა სს «ქ.” და ფაქტობრივად, სს «ქ.” რეორგანიზაცია დასრულდა 1997 წელს, 1999 წელს კი საზოგადოებას მხოლოდ სახელი შეეცვალა;

2. სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ექსპერტის დასკვნით და იმაზედ მითითება, რომ დასკვნა საფუძვლად უდევს რუსთავის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, უსწოროა, რადგან რუსთავის სასამართლოს მსჯელობის საგანი ექსპერტიზის დასკვნა არ ყოფილა და არც მისი ქვემდებარე იყო. ასევე, უსაფუძვლოა კოლეგიის არგუმენტი თითქოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს ექსპერტის დასკვნა სადავოდ არ გაუხდია, პირიქით, ნებაყოფლობით ნაწილობრივ გაიზიარა იგი და დარიცხული თანხა შეამცირა 870262,25 ლარით. კონტროლის პალატას საერთოდ არ გაუზიარებია ექსპერტის დასკვნა, ვინაიდან იგი სათანადოდ არ ეყრდნობა იმჟამინდელ საგადასახადო კანონმდებლობას.

3. კასატორი არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას საშემოსავლო გადასახადების დაბეგვრის ნაწილში. ვინაიდან, მართალია, თანხები გადარიცხულია იურიდიულ პირებზე და საშემოსავლო გადასახადის დაკავება მათზე არ წარმოებს, მაგრამ ეს თანხები სასწავლებლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე გაცემულია «ქ.” თანამშრომლების ან მათი ახლობლების სწავლისა და მკურნალობის საფასურის ასანაზღაურებლად.

4. 81300,36 ლარის ნაწილში კასატორი არ იზიარებს ექსპერტის დასკვნას, რომ ფინანსთა სამინისტროს 1992 წლის 21 დეკემბრის ¹ 130 ბრძანებით დამტკიცებული «ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა” არ არის რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში და იურიდიულ დოკუმენტს არ წარმოადგენს. კასატორს მიაჩნია, რომ ექსპერტმა ფაქტობრივად საქართველო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშთა გეგმის გარეშე დატოვა 1992 წლიდან 2001 წლამდე, ვინაიდან კანონმა «ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” ძველი «ანგარიშთა გეგმა” ძალაში დატოვა 2001 წლამდე.

5. პროდუქციის დამტკიცებულ ფასებსა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის რეალიზაციისაათვის კონტროლის პალატის აქტით სს «ქ.” დაეკისრა დღგ _ 526986 ლარი, რაც მართებულია და გამომდინარეობს «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს 1993 და 1997 წლების კანონის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებიდან, რომელთა იგნორირებაც მოახდინა ექსპერტმა თავის დასკვნაში, სასამართლო კოლეგიამ კი გადაწყვეტილებაში უკრიტიკოდ გაიზიარა იგი, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორმა წერილობით წარმოადგინა «ქ.» შემოწმების შედეგებზე 1998 წლის 14 დეკემბრის აქტის მოკლე განმარტება, მაგრამ უარი განაცხადა რევიზიის სადავო აქტის პუნქტობრივად განხილვაზე. წარმომადგენლებმა შეცვალეს საკასაციო მოთხოვნა და სადავო აქტით «ა.» დარიცხული 6251092 ლარის დაკისრების ნაცვლად მოითხოვეს არსებითად განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნება, რადგან I ინსტანციის სასამართლოს არ მოუხდენია კონტროლის პალატის სადავო აქტის დეტალური განხილვა, არ უმსჯელია აქტით დარიცხული თანხების კანონიერებაზე და საკანონმდებლო აქტებთან მის შესაბამისობაზე.

მესამე პირმა – საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დამატებით მიუთითა «ა.» მიერ სარჩელის შემოტანისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაზე, ვინაიდან «საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს შემოწმების აქტი მისთვის ცნობილი იყო 1998 წლიდან და ამ მომენტიდან შეეძლო სასამართლოში სარჩელის აღძვრა. ამასთან, სარჩელის აღძვრისას, ასევე, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 361-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადაც. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

მოწინააღმდეგე მხარემ – სს «ა.» არ ცნო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო, ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და არსებითად განსახილველად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორის პირველ არგუმენტს სს «ა.» მიერ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით შეტანაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის მოტივით, ვინაიდან უტყუარად დადგენილია, რომ სს «ა.» საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1998 წლის 14 დეკემბრის სადავო აქტი, «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში, 24 დეკემბერს გაასაჩივრა იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში. ზემოაღნიშნული 57-ე მუხლით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე, აქვთ კონტროლის პალატის ორგანოთა აქტების სასამართლოში დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება, რაც სს «ა.» სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში განახორციელა 2000 წლის 21 ივლისს, რადგან საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის მიხედვით, გადასახადებთან დაკავშირებულ დავებზე ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი.

2. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-106-ე მუხლების დარღვევით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 1999 წლის 12 ივლისის დასკვნისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების უმართებულობის თაობაზე. სსკ-ის 106-ე მუხლის «გ» პუნქტის თანახმად მტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები მხოლოდ იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი. სს «ა.» შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის კანონიერებაზე განსახილველი დავა კი არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საქმეს, თავისი სამართლებრივი ბუნებითა და არსით სრულიად განსხვავებული დავაა, ამასთან სსკ-ის 105-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას, მათ შორის ექსპერტის დასკვნასაც არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს და მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნისათვის პრეირუდიციული მნიშვნელობის მინიჭება, გადაწყვეტილების მხოლოდ მასზე დაფუძნება და სათანადო შესწავლა-შემოწმების გარეშე მის საფუძველზე სს «ა.» გადასახადის თანხების დაკისრება წარმოადგენს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რასაც მოჰყვა სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

3. მხარეთა განმარტებითა და სხდომის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ არც სადავო აქტი – საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1998 წლის 14 დეკემბრის შემოწმების აქტი და არც ექსპერტის 1999 წლის 12 ივლისის დასკვნა საოლქო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს დეტალურად არ განხილულა, კოლეგიას პუნქტობრივად არ შეუმოწმებია თითოეული გადასახადით სს «ა.» დაბეგვრის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობა და სისწორე, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე საქმის მასალების ყოველმხრივ, სრული და ობიექტური განხილვის გარეშეა გამოტანილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, ამიტომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იგივე შემადგენლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს საკასაციო საჩივარი.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.