Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-197-კ 2 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

განიხილა ზ., ი. და ნ. შ-ძეების საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 1 ივნისს მოსარჩელე ჯ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹ 488 გადაწყვეტილების აღსრულება და მისთვის მიკუთვნებული 0,1 ჰა მიწის სარგებლობის წესის განსაზღვრა მოითხოვა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ანგისის მეცხოველეობის სანაშენე სახელმწიფო მეურნეობას დაევალა ჯ. მ-ძისათვის გამოეყო 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც მეურნეობამ არ შეასრულა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ჯ. მ-ძეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,60 ჰა მიწის ნაკვეთიდან 882 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გამოეყო, რასაც ზედმეტად სარგებლობდა შ-ძეების ოჯახი.

ზ. შ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა. ამასთან, მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ იმსჯელოს ი. და ნ. შ-ძეების საქმეში მოპასუხედ ჩართვაზე.

1999 წლის 17 დეკემბერს ზ., ი. და ნ. შ-ძეებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს მოპასუხეების: ჯ. მ-ძის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის და ანგისის მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობის მიმართ და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹ 488 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. ამასთან, მიუთითეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მათ მიღებული აქვთ მიწის სარეგისტრაციო მოწმობები და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მათ საკუთრებას წარმოადგენს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. მ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და დაკმაყოფილდა ზ., ი. და ნ. შ-ძეების შეგებებული სარჩელი, «ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 23 აგვისტოს ¹ 488 გადაწყვეტილება ზ. მ-ძეზე 1960 წელს საერთო წესით 0,6 ჰექტარიდან 0,5 ჰექტრამდე შემცირებული მიწის ხარჯზე ჯ. მ-ძეზე 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში ცნობილ იქნა არაკანონიერად და გაუქმდა. გამგეობის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი მისი მიღების მომენტიდან».

ჯ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ზ., ი. და ნ. შ-ძეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო თავისი განჩინებით ან უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აბრუნებს საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად, თუ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის წანამძღვარები, თუმცა ამ გარემოებების არსებობის დროსაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას საქმის ხელმეორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებისას არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლითა და არც 394-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ დარღვევაზე არ მიუთითებია.

ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული საქმე მომდინარეობს 1999 წლიდან და უკვე ორგზის მოიარა სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, ამიტომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად და გამძაფრებული მიწის დავის დროულად გადასაწყვეტად თვლის, რომ საქმე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ ჯ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში კანონით დადგენილ ვადაში უნდა განიხილოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 390-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ., ი. და ნ. შ-ძეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას დაუბრუნდეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.