გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-199-კ 1 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველიმოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი,
მ. სხირტლაძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1992 წლის 10 თებერვალს თბილისის მერიის ¹127 განკარგულებით დაკმაყოფილდა ...... ფონდის მრავალდარგოვან ასოციაცია «ა-ს” თხოვნა და დიდ დიღომს, გლდანის შემაერთებელ მაგისტრალსა და ...... ქუჩის გადაკვეთაზე ნება დაერთო დროებითი ბაზრის მოწყობაზე. 1995 წ. 5 ოქტომბერს დიდუბის რაიონის სასამართლოში დარეგისტრირდა შპს «მ-ა”, რომელიც ასოციაცია «ა-ს” ბაზაზე შეიქმნა და მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა შესაბამისად, 1995 წლის 9 ნოემბრს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹24.94.1298 დადგენილებით ცვლილება შევიდა ¹127 განკარგულებაში და გამოყოფილი ნაკვეთიდან 2,3 ჰა დროებით დაუმაგრდა შპს «მ-ას”, მანამდე თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993 წ. 6 დეკემბრის ¹04.10.105 დადგენილებით, ასოციაცია «ა-ზე” ¹127 განკარგულებით გამოყოფილი ტერიტორიიდან 1,6 ჰა ნაკვეთი დაუმაგრდა შპს «დ-ს”.
დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 16 აპრილის ¹2/29 გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს «მ-ას” სახელმწიფო რეგისტრაცია, რომლის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 31 ოქტომბრის ¹16.63.1080 დადგენილებით გაუქმდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 9 ნოემბრის ¹24.94.1298 დადგენილება შპს «მ-ასათვის”, როგორც ასოციაცია «ა-ს” სამართალმემკვიდრისათვის, 2,3 ჰა ნაკვეთის მიმაგრების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1996 წლის 27 დეკემბრის ¹4გ/52 დადგენილებით გაუქმდა შპს «მ-ას” სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 6 მარტის ¹06.17.283 დადგენილებით გაუქმდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 31 ოქტომბრის ¹16.63.1080 დადგენილება. ამავე დადგენილებით გაუქმდა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის ¹12.23.769 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც შპს «დ-ს» ავტოსადგომისა და ავტოსერვისის კომპლექსის მოსაწყობად დამატებით მიეცა 6680 კვ.მ მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობის უფლება.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 6 მარტის ¹06.17.283 დადგენილების მეორე პუნქტი, რომელმაც გაუქმა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის ¹ 12.23.769 დადგენილება.
1997 წლის 21 აგვისტოს თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ შპს «დ-ზე» გასცა ტექნიკური პასპორტი და ნახაზი ბაზრის მთელ ტერიტორიაზე. 1997 წლის 1 დეკემბერს შპს «მ-ას” მოთხოვნით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ იმავე ნაკვეთზე ახალი ტექნიკური პასპორტი გადასცა, რომლის მიხედვითაც 1,6 ჰა მიმაგრებული იყო შპს «დ-ზე”, საფუძველი _ თბილისის მერიის 1993 წლის 6 დეკემბრის ¹ 04.10.105 დადგენილება, ხოლო 2,3 ჰა აღირიცხა შპს «მ-ას” სახელზე, საფუძველი თბილისის მერიის 1997 წლის 7 აგვისტოს ¹1827 მიმართვა.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹2.290) დაკმაყოფილდა შპს «ა-ს” სარჩელი, გაუქმდა შპს «მ-ას” სახელმწიფო რეგისტრაცია და შპს «დ-ს» გადაეცა თბილისში, დიდი დიღმის, გლდანის მაგისტრალისა და ...... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობა, რაც ძალაში იქნა დატოვებული 1998 წლის 5 ივლისს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.
1999 წლის 24 სექტემბრის შპს «მ-ას” წარმოამდგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბის რაიონის პროკურორს და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის (1997 წლის 21 აგვისტოს) გაცემის ფაქტთან დაკავშირებით მოითხოვა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს თანამშრომლებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. 1999 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით უარი ეთქვა «მ-ას” სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ტექინვენტარიზაციის ბიუროს თანამშრომებლების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
1999 წლის 25 ოქტომბერს შპს «მ-ას” რწმუნებულმა აღიარებითი სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა თბილისში, დიდი დიღმის, გლდანის შემაერთებელი მაგისტრალისა და ...... ქუჩის გადაკვეთაზე (...... ქ. ¹ 100) მდებარე 3,9 ჰა მიწის ნაკვეთსა და ადმინისტრაციულ შენობაზე 1997 წლის 1 დეკემბერს გაცემული ტექპასპორტისა და ნახაზის ნამდვილობის აღიარება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გაადწყვეტილებით, შპს «მ-ას” აღიარებითი სარჩელი დაკმაყოფილდა და ნამდვილად იქნა ცნობილი თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1997 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ტექნკური პასპორტი და ნახაზი, რაც ამჟამად კანონიერ ძალაშიაAშესული.
2000 წლის 9 მარტს მოპასუხე _ თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელი მიუთითებდა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 31 ოქტომბრის განკარგულებასა ¹16.63.1080 და საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის განჩინებით თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგი საფუძვლით:
1. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ. ახლად აღმოჩენილ გარემოებად დასახელებულ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის ¹12-10 საქმეში თბილისის მუნიციპალიტეტი მოპასუხედ იყო ჩაბმული. ქვემდებარეობის პრინციპიდან გამომდინარე, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება დაყვანილი უნდა ყოფილიყო ტექაღრიცხვის ბიურომდე და ამდენად, 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების შესახებ ტექბიუროსათვის ცნობილი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს «დ-ზე» ტექპასპორტისა და ნახაზის გაცემისას ტექბიურო ვერ დაეყრდნობოდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 აგვისტოს ¹12.23.769 დადგენილებას, რადგან არბიტრაჟის გადაწყვეტილებამდე დადგენილება გაუქმებული იყო.
2. ახლად აღმოჩენილ გარემოებად დასახელებული მეორე გარემოება არის თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 31 ოქტომბრის ¹16.63.1080 დადგენილება, რაც სავალდებულო იყო შესასრულებლად მუნიციპალიტეტის კაბინეტის დაქვემდებარებული ორგანოებისათვის, მათ შორის ტექბიუროსათვისაც და მისი არცოდნა მხარეს ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებას საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო წესით ასაჩივრებს თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური, ითხიოვს მის გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის «ვ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, იმავე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა (საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 31 ოქტომბრის ¹16.63.1080 დადგენილება) გამო. კასატორი, სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების მოტივად, ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ” და «დ” პუნქტებს, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახური პროცესზე კანონით დადგენილი წესით მოწვეული არ ყოფილა, სასამართლო უწყებები არ მისვლიათ, მათ წარმომადგენელ მ. წ-ს სხდომის შესახებ აცნობეს ელსმენით, იგი პროფესიით ინჟინერია, სამსახურის იურისტი ჯ. -ი კი დროულად გაუფრთხილებლობის გამო პროცესს ვერ დაესწრო, ამმიტომ ტექაღრიცხვის სამსახური სასამართლო პროცესზე იურიდიული დაცვის გარეშე დარჩა. ამასთან, სასამართლო პროცესი გაგრძელდა სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, რითაც დაირღვა პროცესის საჯაროობის პრინციპი.
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «მ-ას” წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, ითხოვს უსაფუძვლობის მოტივით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლის, მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
თავდაპირველად შპს «მ-ას” წარმომადგენელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო მიერ 1997 წლის 1 დეკემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის ნამდვილად ცნობა. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო (ამჟამად თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური) თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და არანაირ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ გამოსცემს. თბილისის მთავრობის 2000 წლის 23 მარტის ¹65 დადგენილებით ისევე, როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 4/II ¹03.13.110 დადგენილებით, დამტკიცებული დებულების მიხედვით ტექბიუროს მიზანია თბილისის ტერიტორიაზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების .... ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ინვენტარიზაცია, პასპორტიზაცია, საინვენტარიზაციო ნახაზების, ტექნიკური პასპორტებისა და სანოტარო კანტორაში ცნობა-დახასიათებების გაცემა (მე-4 პუნქტი), რომლის შესაბამისადაც სამსახურს ევალება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე მოუმზადოს და მიაწოდოს მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის ასლები და ტექნიკური პასპორტები, ტექნიკური ცნობა-დახასიათებები და დასკვნები, სხვადასხვა დამახასიათებული ცნობები (მე-6 პუნქტი). ამდენად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახური დროის კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებს უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობას და ადგენს დოკუმენტებს (ტექნიკური პასპორტი, ნახაზი, ცნობა-დახასიათება), რომლებიც თავად არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს, მაგრამ ამ აქტებს ეფუძნებიან ან ასახავენ ადმინისტრაციულ და/ან კერძო სამართლებრივ გარიგებებს.
შპს «მ-აც” აღიარებითი სარჩელით ითხოვდა თბილისის ტექბიუროს მიერ 1997 წლის 1 დეკემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის ნამდვილად ცნობას, რომლებიც თავის მხრივ, მართალია, ემყარებიან თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ადმინისტრაციულ აქტებს, მაგრამ მათი კანონიერების საკითხი დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოში მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ტექნიკური პასპორტი და ნახაზი, რაც არ არის ადმინისტრაციული აქტი, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, ეს დავა არ იყო ადმინისტრაციული და იგი უნდა განეხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამერწამეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
ამდენად, თუმცა მოპასუხე _ თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რადგან სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელი დოკუმენეტის და არა ადმინისტრაციული აქტის ნამდვილად ცნობაზე, განსჯადობის საკითხიც მისგან, დავის საგნიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს და პროცესში საჯარო სამართლის იურიდიული პირის მარტოოდენ მონაწილეობა არ ცვლის ამ დავის სამართლებრივ ბუნებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს დავა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, თუ მხარეები სადავოდ გახდიდნენ ტექპასპორტისა და ნახაზის იურიდიული საფუძვლების _ მერიის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების კანონიერებას ან თუ გასაჩივრდებოდა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მოქმედება ან მოქმედების განხორციელებაზე უარი.
რაც შეეხება დავის საგანს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღიარებითი სარჩელი საკუთრივ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ინსტიტუტი არ არის მხოლოდ, მას ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლიც, რომლის მიხედვით: «აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი”. ე.ი. ადმინისტრაციული პროცესის თანახმად, აღიარებითი სარჩელით მხოლოდ შეიძლება: ა) უფლების, ან ბ) სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით კი დადგენილია: «სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, განსხვავებით ადმინისტრაციული პროცესისგან, აღიარებითი სარჩელით დამატებით კიდევ შეიძლება დოკუმენტის ნამდვილად აღიარება ან მისი სიყალბის დადგენა. შპს «მ-ას” წარმომადგენელმაც სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამასად, აღიარებითი სარჩელით მოითხოვა დოკუმენტის ნამდვილად ცნობა, რასაც მხოლოდ სამოქალაქო პროცესი ითვალისწინებს. ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სპეციფიკურობიდან და დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე აღიარებითი სარჩელით ითხოვდა ტექბიუროს ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის, ანუ ზოგადად დოკუმენტისა და არა ადმინისტრაციული აქტის, ნამდვილად ცნობას, დავა არ იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით, სწორად განიხილა სამოქალაქო პროცედურით. ვინაიდან თავდაპირველი დავა _ ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის ნამდვილად ცნობაზე სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათისა იყო, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე განცხადების განხილვაც შესაბამისად იმავე სამოქალაქო საპროცესო ნორმებით უნდა მომხდარიყო, მაგრამ იგი ადმინისტრაციული პროცედურით განიხილა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელიც საკასაციო პალატის აზრით, არაგანსჯადი სასამართლოა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვა «საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა და, არსებითად, დავა სწორადაც რომ იყოს გადაწყვეტილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა” პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამიტომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო საჩივარში მითითებულ 394-ე მუხლის «ბ” და «დ” პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში კასაცია უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დაწყებული სასამართლო პროცესის გაგრძელება სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ არ წარმოადგენს უხეშ საპროცესო ან საჯაროობის პრინციპის დარღვევას, რადგან სხდომის ოქმის მიხედვით საოლქო სასამართლოში პროცესი გაგრძელდა მხარეთა თანხმობით.
ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის იურიდიული დაცვის გარეშე დატოვებაზე საკასაციო საჩივარიც პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან კასატორს საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი _ თ. წ-ი. ამასთან, ყველა წარმომადგენლის დასწრება აუცილებელიც არ არის, და რადგან პროცესზე გამოცხადდა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ერთი წარმომადგენელი თ. წ-ი, რომელსაც სასამართლოსათვის არ დაუყენებია შუამდგომლობა სხვა წარმომადგენლების გარეშე საქმის განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ, მხარე გამოცხადებულად ითვლება და სასამართლო უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა სასამართლო პროცესი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლის პირველი _ მეორე ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით, 394-ე მუხლის «ა” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.