¹ 3გ/ად-201-კ 10 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: მიწოდებული ხორბლის ღირებულების ასანაზღაურებლად 5 780 175 აშშ დოლარის და 60 ცენტის ექვივალენტის ლარებში გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
ს.ს. «თ.-მ» 29.09.99წ. სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 5 780 175, 60 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის გადახდის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ შემდეგი საფუძვლით:
1993 წელს საქართველოში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მოსახლეობის პურპროდუქტებით მომარაგების საქმეში. საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა 14.05.93წ. წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს დახმარების გაწევის შესახებ. რუსეთის ფედერალური საკონტრაქტო კორპორაციას, ს.ს. ”მ.-ს", მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრს და საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას შორის 28.05.93წ. დაიდო ხელშეკრულება საკვები ხორბლის მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას მიეწოდა 3.321940 აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი. აღნიშნული თანხა პარტნიორების მიერ სესხად იყო აღებული წლიური 12% განაკვეთით. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი არაერთი მიმართვის მიუხედავად, დავალიანების საერთო თანხა 5.248 940 აშშ დოლარის ოდენობით 1998 წლის ოქტომბრისათვის გაუნაღდებელი რჩებოდა. 28.10.98წ. მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრმა, ვალის დათმობის ხელშეკრულება დადო სს «თ.-თან», უკანასკნელს გადაეცა ზემოხსენებული ხორბლის მიწოდებიდან გამომდინარე ყველა სახის მოთხოვნის უფლება თანხის დაბრუნების მიზნით სს «თ.-მ» არაერთგზის მიმართა ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, საკითხის მოგვარებას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს პარალელურად სთხოვდნენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციის პარტნიორები.
დავალიანების დაფარვის მოთხოვნით 28.09.99წ. «თ.-მ» სარჩელით მიმართა სასამართლოს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიამ 25.01.2000წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა, მისი დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ გააუქმა საოლქო სასამართლოს 25.01.2000წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. პალატამ მიუთითა, რომ როგორც 28.05.93წ. ხელშეკრულების, ასევე 20.04.93წ. ხელშეკრულების მონაწილე მხარე არის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც მოქმედებდა არა საქართველოს, არამედ საკუთარი სახელით. მიუხედავად ამისა, არ იყო გამოკვლეული კორპორაციის იურიდიული სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დავაში სათანადო მოპასუხის დადგენისათვის. ვინაიდან პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის ლიკვიდაცია არ დასრულებულა, სასამართლოს უნდა ემსჯელა არის თუ არა ფინანსთა სამინისტრო სათანადო მოპასუხე და ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია, რომელიც ერთი მხრივ ადასტურებდა ხორბლის ღირებულების დიდი ნაწილის გადახდის ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ უარყოფდა მის მიერვე ანაზღაურებული ხორბლის საქართველოში შემოტანის ფაქტს. აღინიშნა საქმის არსებითად განხილვისას იმის გარკვევის საჭიროება თუ როდის და რა სახსრებიდან დააბრუნა პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციამ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში სავალუტო ფონდიდან მინისტრთა კაბინეტის 09.08.93წ. ¹591-გ განკარგულებით მისთვის გამოყოფილი 750 000 აშშ დოლარი და 27.08.93წ. ¹652-გ განკარგულებით გამოყოფილი 1 მილიონი აშშ დოლარი. ამ საკითხის გარკვევით, გაირკვეოდა ხორბლის საქართველოში შემოტანის რეალობა, ვინაიდან აღნიშნული თანხების დაბრუნება კორპორაციას შეეძლო შემოტანილი ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებიდან. ხორბლის შემოტანის ფაქტის დაუდგენლობის შემთხვევაში უნდა გარკვეულიყო ხორბლის ღირებულების ასანაზღაურებლად გადარიცხული თანხების ბედი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგიამ 22.09.2000წ. განჩინებით საქმის განხილვაში თავისი ინიციატივით მოპასუხის მხარეზე მესამე პირად ჩააბა პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისია. სასამართლო კოლეგიის 10.11.2000წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მთლიანად ეთქვა უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1992 წლის დეკემბრიდან 1993 წლის მაისამდე საქართველოს რეზიდენტმა პირებმა, რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანიზაციებთან ხორბლის შეძენასთან დაკავშირებით გააფორმეს ორი ხელშეკრულება: სს «მ.-სა» და საქართველოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს შორის 07.12.92წ. დადებული ¹610 ხელშეკრულება 3 025 000 აშშ დოლარად ღირებული 25000 ტონა ხორბლის მიწოდების შესახებ (მიწოდება უნდა განხორციელებულიყო პირობით ჩIF-კალინინგრადის საზღვაო პორტი) და 28.05.93წ. ხელშეკრულება «რ.-ის», სს «მ.-ს», მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრსა და საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციას შორის (მიწოდება პირობით ჩIF-ნოვოროსიისკის საზღვაო პორტი). სასამართლომ შსს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს მოპოვებული მასალების (საგზაო უწყებების, ზედნადებების, საბაჟო დეკლარაციების, წისქვილ-ქარხნებში ხორბლის აღრიცხვიანობის საფუძველზე) და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია 28.05.93წ. ხელშეკრულების შესრულების შედეგად ნივოროსიისკის საზღვაო პორტიდან სასურსათო ხორბალის საქართველოში მიღების ფაქტი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.93წ. ¹289 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის დებულების 1.14, 2.1 პუნქტებზე დაყრდნობით, აგრეთვე 01.07.65წ. ძალაში შესული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 31-ე, 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო კოლეგიამ დაასკვნა, რომ საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია არ აგებდა პასუხს სახელმწიფო ვალდებულებისათვის, ხოლო სახელმწიფო არ აგებდა პასუხს კორპორაციის კრედიტორების წინაშე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 19.04.96წ. ¹2-65 ბრძანებით შექმნილი იყო პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისია, რომელმაც ამავე სამინისტროს 08.07.97წ. ¹2-19ზ ბრძანებით დაასრულა საქმიანობა, ბიუჯეტთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ყველა მასალა ჩაბარდა ფინანსთა სამინისტროს. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს 21.08.2000წ. ¹08/01-08-479/3329 წერილის მიხედვით კორპორაციის სალიკვიდაციო პროცედურა არ დასრულებულა და სალიკვიდაციო ბალანსი არ ყოფილა დამტკიცებული. ვინაიდან კორპორაციის სალიკვიდაციო ბალანსი არ დამტკიცებულა კორპორაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ, კოლეგიამ მიიჩნია, რომ კორპორაციის სალიკვიდაციო პროცედურა არ დასრულებულა. «საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ» კონვენციის მე-8 მუხლზე მითითებით, კოლეგიამ აღნიშნა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ოთხი წლით განისაზღვრება. ვადის ათვლა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული უკანასკნელი აქტიდან – 31.05.99წ. ¹მ/54 ბრძანებიდან უნდა მომხდარიყო, რადგანაც სამინისტრო თავისი ქმედებებით უქმნიდა მოსარჩელეს მცდარ წარმოდგენას სასამართლოს მიმართვის გარეშე ვალდებულების შესრულების შესახებ. ამასთანავე, მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრს და სს «თ.-ს» შორის უფლების დათმობის შესახებ 28.10.98წ. ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნის გადაცემული უფლება წარმოიშვა სს «რ.-ის» მიერ ცენტრის მეშვეობით საქართველოში პურპროდუქტების შემოტანით. ცესიის ხელშეკრულებით ცედენტს ცესიონერისათვის უნდა გადაეცა უფლების გამოყენებისათვის საჭირო ყველა საბუთი. მიუხედავად ამისა, სს «თ.-ს» არ მოეპოვება იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ სწორედ ცენტრმა გადაიხადა სადავო ხორბლის ღირებულება.
ვინაიდან 28.05.93წ. ხელშეკრულების მონაწილე იყო პურპროდუქტების კორპორაცია, ბიუჯეტიდან თანხა ვალის დასაფარავად მისთვის იყო გამოყოფილი, კოლეგიის აზრით, სადავო ურთიერთობებში მხარედ არ გვევლინება სახელმწიფო, რომლის საპროცესო ურთიერთობებში მონაწილეობს ფინანსთა სამინისტრო. «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 48-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრა კანონის მიღებამდე სხვადასხვა ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, არ ითვალისწინებს 28.05.93წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობების სახელმწიფო ვალად აღიარებას. ამდენად, სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. სასამართლომ მოსარჩელეს მისცა წინადადება შეეცვალა თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით – კორპორაციის სალიკვდაციო კომისიით, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა, რის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 10.11.2000წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს «თ.-ის» მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სატენდერო ცენტრს ჰქონდა მოსარჩელესთან ცესიის ხელშეკრულების გაფორმების უფლება, ვინაიდან საქმეში არსებობს ფედერალური საკონტრაქტო კორპორაციის «რ.-ის» 09.04.99წ. ¹01-20-100/844 წერილი ფინანსთა მინისტრისადმი, რომლის თანხმად, «რ.-სა» და მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრს შორის გაფორმებული 11.11.95წ. ¹469 და 09.04.99წ. ხელშეკრულების თანახმად, საერთაშორისო სატენდერო ცენტრს მინიჭებული აქვს უფლება 28.05.93წ. ხელშეკრულების საფუძველზე 1993-1994 წლებში ხორბლის მიწოდების შედეგად წარმოშობილი დავალიანებების ამოსაღებად გააფორმოს ნებისმიერი ხელშეკრულება. კასატორი თვლის, რომ 28.05.93წ. ორმხრივ ხელშეკრულებას პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციამ ხელი მოაწერა სახელმწიფოს სახელით, რადგანაც კორპორაციის 1.3 პუნქტის თანახმად სწორედ კორპორაცია აგებს პასუხს პურპროდუქტების სახელმწიფო მარაგების ოდენობის განსაზღვრაზე, მიღებაზე, შენახვაზე და გამოყენებაზე. იმავე დებულების 1.6 პუნქტით კორპორაციის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო საჭიროებისათვის მარცვლეულის შესყიდვა, 1.7 პუნქტის მიხედვით კორპორაციის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა, დებულების 3.2 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს დაკვეთისა და ვალდებულების შესრულების შემდეგ არის კორპორაცია უფლებამოსილი დამოუკიდებლად განახორციელოს სამეურნეო საქმიანობა, ამასთანავე, კორპორაციის ქონება 4.1 მუხლით წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ასეთ პირობებში უნდა იქნეს გამოყენებული 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 32-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად სახსრების გაღების პირობები და წესი სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებათა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციათა დავალიანების დასაფარავად, თუ ეს დავალიანება არ შეიძლება დაიფაროს მათი ხარჯთაღრიცხვის ანგარიშზე, წესდება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს მთავრობის 29.10.93წ. ¹783 დადგენილებით დასტურდება, რომ მანამდე პურპროდუქტები სახელმწიფო დოტაციაზე იმყოფებოდა, რითაც დასტურდება, რომ 28.05.93წ. ხელშეკრულებით პურპროდუქტების კორპორაციამ იკისრა ვალდებულებანი სახელმწიფოს სახელით. იმ დროისათვის ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი აქტის – მინისტრთა კაბინეტის 03.03.92წ. ¹256 დადგენილებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს დებულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებდა საერთო-სახელმწიფოებრივი საჭიროებისა და იმ ღონისძიებათა ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას, რაც მიემართებოდა ეროვნული მეურნეობისა და სოციალური სფეროს დინამიურ და კომპლექსურ განვითარებაზე, აგრეთვე სხვა ღონისძიებებზე, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ფინანსდება (1.2 პუნქტი). სამინისტროს ძირითად ფუნქციას შეადგენდა ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების დანიშნულებისამებრ ხარჯვის უზრუნველსაყოფად (3.3 პუნქტი). სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა კანონი «სახელწიფო ვალის შესახებ», ვინაიდან იგი 05.05.98წ. არის მიღებული, ხოლო მხარეთა შორის ოთხმხრივი ხელშეკრულება 28.05.93წ. გაფორმდა. ამ პერიოდში არ არსებობდა სახელმწიფოს მიერ ვალის ან ვალდებულების აღების წესის მომწესრიგებელი ნორმა.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტრო თავისი მოქმედებით უქმნიდა მოსარჩელეს სასამართლოს გარეშე თანხის ნებაყოფლობითი ანაზღაურების მცდარ წარმოდგენას, ხანდაზმულობის ვადის ათვლა ფინანსთა სამინისტროს 31.05.99წ. ბრძანებიდან, კასატორის აზრით, ადასტურებს იმას, რომ სასამართლო კოლეგიამ აღიარა მოპასუხის სათანადოობა. კასატორი თვლის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 27.08.93წ. ¹652, 06.09.95 წ. ¹632 განკარგულებებით, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროს 03.02.96წ. ერთობლივი ბრძანებით, 25.02.97წ. სახელმწიფო მინისტრთან ჩატარებული თათბირის ¹11/30 ოქმით, ფინანსთა სამინისტროს 09.08.93წ. ¹40 საგადასახადო დავალებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გ.ჭუმბურიძის 20.05.99წ. ¹08-08-317/1978 წერილით ფაქტობრივად აღიარებულია ვალდებულების არსებობა. ამასთანავე, სასამართლომ დადასტურებულად სცნო ნოვოროსიისკის პორტიდან 28.05.93წ. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში სადავო ხორბლის შემოტანის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 10.11.2000წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ფინანსთა სამინისტროსათვის 5780175 აშშ დოლარის და 60 ცენტის ექვივალენტის ლარებში გადახდა.
საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ სს «თ.-ის» ლიკვიდატორსა და მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრს შორის 21.07.01წ. დადებული შეთანხმებით შეწყდა 28.10.98წ. და 28.10.99წ. მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებები. სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე სს «თ.-ის» უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრი, ვინაიდან მას დაუბრუნდა მოთხოვნის უფლება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა საქმის განხილვის მსვლელობისას სარჩელი არ ცნო და მოითხოვა საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. საქმეში მესამე პირად ჩაბმული პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კორპორაციის სალიკვიდაციო კომისია არ გაუქმებულა, არ არის დამტკიცებული სალიკვიდაციო ბალანსი, ამასთანავე უარყო სალიკვიდაციო კომისიის პასუხისმგებლობა დავალიანების მიმართ. მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრის წარმომადგენელმა აღიარა, რომ საქმეზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის სალიკვიდაციო კომისია და მოითხოვა საოლქო სასამართლოს 10.11.2000წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საოლქო სასამართლოსათვის საქმის განხილვისათვის დაბრუნება ან საკასაციო სასამართლო ინსტანციაში კორპორაციის მოპასუხედ ჩაბმა თავდაპირველი მოპასუხის ნაცვლად და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია სადავო ურთიერთობებში გამოდიოდა არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარი სახელით. როგორც 26.04.93წ. ხელშეკრულების, ასევე მის საფუძველზე 28.05.93წ. დადებული ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია. ვინაიდან საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციული კორპორაციის სალიკვიდაციო კომისიას ჯერაც არ დაუსრულებია თავისი საქმიანობა, არ მომხდარა მისი ლიკვიდაცია, შესაბამისად, საქმეზე სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აღნიშნული დაადასტურა აგრეთვე მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრის წარმომადგენელმაც. ვინაიდან სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სხდომის მიმდინარეობისას მართებულად შესთავაზა მოსარჩელეს თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით – საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციული კორპორაციით შეცვლა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის უარი თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა სარჩელზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხედ შეცვლის თაობაზე სასამართლოს შეთავაზებას არ ჰქონდა კატეგორიული ხასიათი, მოსარჩელეს არ ჰქონდა შეგნებული, რომ შეთავაზებაზე უარის თქმა გახდებოდა სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.05.2000წ. განჩინებაში, რომლითაც გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 25.01.2000წ. გადაწყვეტილება და საქმე განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მითითებული იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა არის თუ არა სათანადო მოპასუხე კონკრეტულ საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეხელმძღვანელა სსსკ-ის 85-ე მუხლით. მოსარჩელე გაცნობილი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.05.2000წ. განჩინებას, შესაბამისად მას შეგნებული უნდა ჰქონოდა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე სასამართლოს წინადადების და მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. პალატა შეუძლებლად თვლის აგრეთვე საკასაციო წარმოების სტადიაში არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე კასატორის წარმომადგენლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლოს ამოცანაა სამართლის ნორმის გამოყენების სისწორის, გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. საკასაციო ინსტანციაში არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა სცილდება საკასაციო წარმოების ფარგლებს, ამასთანავე, არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლის სრული შესაძლებლობა მხარეს ჰქონდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, გარდა ამისა, მას სათანადო მოპასუხის მიმართ აქვს ახალი სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საკმაო საფუძველს. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2000წ. გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძველად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი ძალაში უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 10.11.2000წ. გადაწყვეტილება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.