გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-202-კ 14 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი:
1. ამხანაგობა «ბ.»-თვის «გამარჯვების სკვერში» საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის აკრძალვა;
2. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12.26.278 დაგენილების მე-15 პუნქტით, ამხანაგური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «ბ.» დაუმაგრდა ... მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთი. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998 წლის 15 ივლისის ¹ 7-10-109 გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა «ბ.» და ამავე გადაწყვეტილებით ნება დაერთოთ მრავალსართულიანი ამხანაგური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. 1998 წლის 16 ივლისს თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ ... არსებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ დამტკიცდა ამხანაგობა «ბ.» ამხანაგური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად დამაგრებული 402,5 მ2 მიწის ნაკვეთის გეგმა. 1998 წლის 24 ივლისს თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტმა გასცა სამშენებლო პასპორტი ¹ 1943. 1998 წლის 29 ივლისს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, სარეგისტრაციო კოდი მიენიჭა «ბ.» სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს - 389 მ2 ფართობს, სარეგისტრაციო ¹ 639/98. 1998 წლის 27 აგვისტოს თბილისის მთავარი არქიტექტორის ¹ 512 ბრძანებით დამტკიცდა “ბ.” დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე 6-ბინიანი 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი. 1998 წლის 4 დეკემბერს 389 მ2 სადავო ნაკვეთზე, ამხანაგობა «ბ.» სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სარეგისტრაციო ¹ 1/10/17/3/1. 1998 წლის სექტემბერში თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კოტროლის ინსპექციამ გასცა მშენებლობის დაწყების ნებართვა ¹ 336ა. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 1 თებერვლის ¹ 63 ბრძანებით გაუქმდა მისივე 1998 წლის 27 აგვისტოს ¹ 512 ბრძანება და შეთანხმებული იქნა ამხანაგობა «ბ.» საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი.
1999 წლის 1 აპრილს უმაღლეს სასამართლოსთან არსებული მშენებელი კოოპერატივი ¹ 306-ის წევრებმა, რომლებიც ... მობინადრეები არიან, სარჩელით მიმართეს თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს სამშენებლო კოოპერატივ «ბ.» წინააღმდეგ და მოითხოვეს მათ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე დაწყებული ამხანაგური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შეჩერება. 1999 წლის 29 ივნისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა საბინაო კოოპერატივ ¹ 306-ის გამგეობამ და ... მობინადრეთა რწმუნებულმა მოითხოვეს ამხანაგობა «ბ.» გამარჯვების სკვერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის აკრძალვა იმ მოტივით, რომ აღნიშნული მშენებლობით ილახება მათი დასვენების უფლება, მათ უკანონოდ ჩამოერთვათ ... სახლის ეზოში შესასვლელი გზა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის III ნაწილით, მობინადრეთა საერთო კუთვნილებას წარმოადგენს. მოსარჩელეთა აზრით, «ბ.» მშენებლობის ნებართვის გაცემა ეწინააღმდეგება შემდეგ სამართლებრივ აქტებს: თბილისის მუნიციპალიტეტის 1996 წლის 25 ივნისის ¹ 10-10-639 და 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12 01.255 დადგენილებებს, ასევე იგნორირებულია საქართველოს პარლამენტის 1998 წლის 17 ივნისის დადგენილება და ქალაქებში ტერიტორიების გაშენების ნორმები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია 1998 წლის 2 დეკემბერს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ... მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ამხანაგობა «ბ.» საცხოვრებელი სახლის მშენებლობის აკრძალვაზე, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა სკვერს და იმ ადგილზე 1970 წელს დამტკიცებული თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სამშენებლო კოოპერატივ ¹ 306-ის წევრებმა და ... მობინადრეებმა. სააპელაციო სასამართლოში აპელანტებმა გაზარდეს დავის საგანი და მოითხოვეს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივლისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტის ბათილად ცნობა, შესაბამისად «ბ.» სახელზე გაცემული სადავო ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილობა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ... და ... სახლების მობინადრეთა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 25 ივლისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტი – ამხანაგობა «ბ.» ... მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ, კერძოდ:
1. სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის მერიის მოსაზრება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა სკვერს, ვინაიდან საქმის მასალებით მუნიციპალური საწარმო «თ-ის» გენ. დირექტორის რ. გ-ნის 1999 წლის 18 იანვრის წერილით, საბურთალოს რაიონის გამწვანების სამსახურის უფროსის გ. დევდარიანის 1999 წლის 29 იანვრის წერილი, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის წერილით და სადავო მიწის ნაკვეთის ადგილობრივი დათვალიერებით მიიჩნია, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა სკვერს.
2. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა «ბ.» არგუმენტს, რომ 1970 წლის თბილისის გენერალური გეგმით სადავო ნაკვეთზე გათვალისწინებული იყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. პალატის აზრით, 1970 წლის გენ. გეგმა არ შეიძლება ასახავდეს ამჟამინდელ რეალობას და იმ გარემოებას, რომ ორჯონიკიძის რაიაღმასკომის მიერ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად სადავო ნაკვეთზე გაშენდა გამარჯვების სკვერი.
3. თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 25 ივნისის სადავო ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტით, სადავო მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა ამხანაგობა «ბ.» მაშინ, როდესაც ამხანაგობა იურდიულად არც არსებობდა და ჩამოყალიბდა 20 დღის შემდეგ, 1998 წლის 15 ივლისს, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის ¹ 7.10.109 გადაწყვეტილებით.
4. ამხანაგობა «ბ.» მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტი უგულველყოფს ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე დღეს მიღებულ დადგენილებას ¹ 12.01.255 «თბილისის პარკების, სკვერებისა და სხვა სახის გამწვანებული ტერიტორიების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ». ამასთან, სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ სადავო აქტში მიწის ნაკვეთის ფართობი განსაზღვრული არ იყო, თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმაში კი მითითებულია 402,5 მ2, ხოლო საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში – 389 მ2.
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს პარლამენტის 1998 წლის 17 ივნისის დადგენილებით «საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ» და გაიზიარა თბილისის საკრებულოს დარგობრივი ეკონომიკის კომისიის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის საკითხთა ქვეკომისიის ექსპერტების დასკვნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გაშენებული სკვერი წარმოადგენს ... ქუჩის მონაკვეთის ერთიანი ნაწილის განუყოფელ ელემენტს და სკვერში დაუშვებელია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ამხანაგობა «ბ.» და მის გაუქმებას ითხოვს შემდეგი საფუძვლით:
1. ... და ... სახლის მობინადრეთა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მათვის არ გადაუცია, არამედ გაუგზავნეს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ¹ 306 წარმომადგენელთა საჩივარი. საბინაო კოოპერატივები სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის თანახმად, გაუქმებულია და მათი უფლებამონაცვლეა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, რაც მოსარჩელეებს არ შეუქმნიათ.
2. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია, ასევე, გაურკვეველია გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტის - «მიწის ნაკვეთის «ბ.» დამაგრების ბათილობის ნაწილშიც”, რადგან «ბ.» სადავო მიწის ნაკვეთი დამაგრებული კი არა, უკვე საკუთრებაში აქვს გადაცემული. აგრეთვე, გაურკვეველია სარეზოლუციო ნაწილში სასამართლოს მითითება «ბათილობა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით».
3. დავა არ არის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადი, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა.
4. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ უსწოროდ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I; მე-12, 32-ე, 261 მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, 53-ე, 217-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებზე, რადგან არცერთი მათგანი არ მიესადაგება მიღებულ გადაწყვეტილებას.
5. სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებას, დაარღვია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი და მოსარჩელეთა (აპელანტთა) სასარგებლოდ თავად დაადგა მაძიებლობის გზას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კასატორის არგუმენტს ... და ... სახლების მობინადრეთა სააპელაციო საჩივრის მათთვის ჩაუბარებლობის შესახებ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ¹ 306, ... და ... მდებარე სახლების მობინადრეთა სააპელაციო საჩივარი ამხანაგობა «ბ.» გადაეგზავნა 2000 წლის 14 თებერვალს, რაზეც «ბ.» თავმჯდომარემ მ. ა-შვილმა 2000 წლის 23 თებერვალს შეიტანა შესაგებელი. შესაგებელშიც და საკასაციო საჩივარშიც მ. ა-შვილი საგანგებოდ განმარტავს, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ¹ 306, როგორც იურიდიული პირი გაუქმებულია სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლით, მისი უფლებამონაცვლე უნდა იყოს ამავე კოდექსის 208-232-ე მუხლების შესაბამისად შექმნილი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, რაც ... სახლის მაცხოვრებლებს არ შეუქმნიათ. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ¹ 306 პროცესში მოსარჩელედ ყოფნისა და მის მიერ გაცემული რწმუნების ნამდვილობის საკითხი სააპელაციო პალატამ 2000 წლის 23 მარტს განიხილა მოსამზადებელ სხდომაზე და კოოპერატივი, როგორც არარსებული იურიდიული პირი, მიიჩნია არაუფლებამოსილად მობინადრეთა ინტერესების დაცვასთან მიმართებაში, მაგრამ პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეებს – ... და ... სახლების მობინადრეებს, როგორც ფიზიკურ პირებს, პროცესუალურად უფლება ჰქონდათ დაეცვათ თავიანთი ინტერესები. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის ამ მოსაზრებას და კასატორის არგუმენტს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ... და ... სახლების მობინადრეთა, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებაა «ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი». ... და ... სახლის მობინადრეთა სარჩელიც სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით უზრუნველყოფილი ბუნებით სარგებლობის უფლების დაცვას ეხება, რაც იმავდროულად მათი კონსტიტუციური მოვალეობაა, რადგან ამავე მულის თანახმად, ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატას და მიიჩნევს,M რომ მართალია, მოსარჩელე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ¹ 306 სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლით გაუქმებულია, მაგრამ სარჩელი, ასევე, წარდგენილი იყო ფიზიკური პირების – ... და ... სახლების მობინადრეთა სახელითაც და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამარჯვების სკვერის დაცვა-გადარჩენის მიზნით კასატორისათვის ბინათმშენებლობის აკრძალვის მოთხოვნა სამართლებრივად წარმოადგენს მოსარჩელეთა, როგორც საქართველოს მოქალაქეთა, კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების რეალიზაციას, ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო ისინი მოსარჩელედ.
2. საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ბუნდოვანება - უკანონობის ნაწილშიც, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად კარგად დასაბუთებულია, საკმაოდ არგუმენტირებული და სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს საპროცესო კოდექსის 249-ე და 389-ე მუხლების მოთხოვნებს. კერძოდ, კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კონკრეტულად მითითებულია წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორისათვის გამოყოფილი (ამჟამად უკვე საკუთრებაში არსებული) მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა 1975 წელს გაშენებულ გამარჯვების სკვერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები კი სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის, რადგან ფაქტობრივ გარემოებაზე კასატორს არ წამოუყენებია დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.
კოდექსის 389-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატას ამომწურავად აქვს მითითებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა გამოც პალატამ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სახელდობრ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კასატორებისათვის ბინათმშენებლობაზე ... მიმდებარედ გამარჯვების სკვერის ნაწილის გამოყოფა ანუ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტი ეწინააღმდეგებოდა მთელ რიგ სამართლებრივ აქტებს: იმავე ადმინისტრაციული ორგანოს-თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის (იგივე თარიღის) ¹ 12.01.255 დადგენილებას: «თბილისის ბაღების, პარკების, სკვერებისა და სხვა სახის გამწვანებული ტერიტორიების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ», რომლის თანახმადაც აიკრძალა ყოველგვარი ახალი მშენებლობა ქალაქის ბაღებსა და სკვერებში. სააპელაციო პალატამ, ასევე, მართებულად მიუთითა, რომ «ბ.» ბინათმშენებლობაზე გამარჯვების სკვერის ტერიტორიის გამოყოფა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პარლამენტის 1998 წლის 17 ივლისის დადგენილებას «საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ», რომლითაც სასწრაფოდ აღიკვეთა საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, ბაღებისა და სკვერების ხელყოფა და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ 1970 წლის თბილისის გენერალური გეგმა არ შეიძლება ასახავდეს ქალაქის ამჟამინდელ რეალობას, რომ გამარჯვების სკვერში ბინათმშენებლობისათვის მიწის გამოყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ზემოაღნიშნულ დადგენილებებს და რადგან სადავო ბინათმშენებლობა არ წარმოადგენს ქალაქისათვის აუცილებელ სასიცოცხლო მნიშვნელობის მშენებლობას, მობინადრეთა სარჩელი კასატორისათვის სადავო ბინათმშენებლობის აკრძალვისა და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტის ბათილობის შესახებ საფუძვლიანია და სააპელაციო პალატამ მართებულად დააკმაყოფილა, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, რომლის თანახმად «სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა».
3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კასატორის შემდეგი არგუმენტები - გადაწყვეტილების გაურკვევლობა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტის ბათილობის ნაწილში, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. კასატორი აღნიშნავს, რომ დადგენილებით მას ბინათმშენებლობისათვის დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი, ამჟამად კი ნაკვეთი უკვე საკუთრებად აქვს გადაცემული «ფიზიკური პირებისა და კერძო სასამართლოს იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად და საჯარო რეესტრშიც ნაკვეთი მათ სახელზეა აღრიცხული. ამიტომ, მისი აზრით, ბუნდოვანია სასამართლოს მიერ მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების მე-15 პუნქტის ბათილობა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. ამავე კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავს, რომ მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის საკითხებს სასამართლო განიხილავს მოქმედი კანონმდებლობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გამარჯვების სკვერში «ბ.» ბინათმშენებლობაზე მიწის ნაკვეთის გამოყოფა ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, ამიტომ ზემოაღნიშნული მე-5 მუხლის საფუძველზე ბათილია, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის დადგენილების მე-15 პუნქტი – ამხანაგობისათვის მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ, ასევე უკანონოა დამაგრებული ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემაც, რაზეც შესაბამისი ცვლილებებია შესატანი საჯარო რეესტრში. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონშესაბამისია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივლისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტის ბათილობის შესახებ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.
4. საკასაციო პალატას აშკარად უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი სააპელაციო პალატის არაგანსჯადობის შესახებ, ვინაიდან თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის ¹ 12.26.278 დადგენილების მე-15 პუნქტის ბათილად ცნობა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო ნორმების დაცვით განიხილა განსჯადმა სასამართლომ –ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ. უსაფუძვლოა, აგრეთვე, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო ნორმების უსწოროდ გამოყენების თაობაზე საკასაციო საჩივარიც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს და სააპელაციო პალატამ გამოიყენა სწორედ ის კანონი, (საპროცესო ნორმები), რომელიც უნდა გამოეყენებინა.
5. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ უფლებამოსილების გადაცდენისა და პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია რომ კანონის მითითებულ დარღვევას აქაც არ ჰქონია ადგილი და ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის I-II მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ამხანაგობა «ბ.» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. კასატორს «ამხანაგობა ბ.» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.