Facebook Twitter

¹ 3გ/ად-205-კ 12 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისსანოტარო კანტორის ნოტარიუსის მოქმედების გაუქმება, სადაო ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე მ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სანოტარო წესით დამოწმებული ... მდებარე 12,32 კვ.მ. ოთახის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება, სადავო ოთახიდან ხ. ბ-ძის გამოსახლება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მ. ხ-ძე ასახელებდა იმას, რომ სადავო ფართი 1931 წელს მისი მშობლის მიერ იქნა შესყიდული და ამჟამად წარმოადგენს მის საკუთრებას.

ქ. ბათუმის სასამართლომ 23.01.2000 წ. გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნა, გააუქმა ბათუმის სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული 04.09.90წ. ¹2-5732 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მოპასუხე ხ. ბ-ძე გამოსახლდა სადავო ოთახიდან. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 15.03.2000წ. გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ხ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო მ. ხ-ძეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 03.07.2000წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 15.03.2000წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 20.11.2000წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.2000 წ. გაადწყვეტილება, მ. ხ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფლებაზე. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი განხილვისას დადგენილად მიიჩნია შემდეგი: მოსარჩელე მუსა ხუნდაძის დედა ა. ხ.-ოღლიმ 09.02.31 წ. შეისყიდა ქ. ბათუმში, ... მდებარე ორი სახლი: ორსართულიანი ოროთახიანი კრამიტით დახურული და ერთსართულიანი თერთმეტოთახიანი თუნუქით დახურული სახლი. ერთსართულიანი სახლის 1/7 ნაწილი 1941 წ. ა. ხ.-ოღლიმ გაყიდა, ფართი მოგვიანებით ჩაბარდა კომუნალურ მეურნეობას, ხოლო შემდგომ შესყიდულ იქნა ბინაში მცხოვრები პირის მიერ. აღნიშული ფართის მიმართ მოსარჩელეს პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება დარჩენილ ფართში მდებარე 12,32 კვ.მ ოთახს, რომლის ყიდვა-გაყიდვის 04.09.90წ. ხელშეკრულების გაუქმებას და ბინიდან ხ. ბ-ძის გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართში 1933 წლიდან ცხოვრობდნენ ცოლ-ქმარი კ. და ი. ნ-იები. 1944 წელს ა. ხ.-ოღლი, ოჯახის წევრებთან ერთად, იძულებითი წესით გადასახლებულ იქნა ყირგიზეთში, ხოლო მისი კუთვნილი სახლი 1945 წელს ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში. 06.07.83 წ. სადავო ოთახი, ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, გამოეყო ხ. ბ-ძეს, რომელმაც ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანებასთან 04.09.90 წ. დადებული ხელშეკრულებით, გამოისყიდა სადავო ფართი პირად საკუთრებაში.

1989 წ. მ. ხ-ძე დაბრუნდა ყირგიზეთიდან ქ. ბათუმში და სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის აღმასკომის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა გარდაცვლილი დედის კუთვნილი სახლის დაბრუნება. სასამართლოში სარჩელის რამდენჯერმე განუხილველად დატოვების, შეჩერების, შეწყვეტისა და ახლად შეტანილი სასარჩელო განცხადების საფუძველზე საქმის განახლების შედეგად, საბოლოოდ, ქ. ბათუმის სასამართლოს 01.12.95 წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ძეს მიეკუთვნა ქ. ბათუმში ... მდებარე 14/17 ნაწილი. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 08.03.96წ. განჩინებით უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 01.12.95წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ხ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 01.12.95 წ. გადაწყვეტილბით მას მიეკუთვნა სადავო ოთახი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია მ. ხ-ძის სასარჩელო განცხადების საფუძველზე, რომელშიც მოპასუხეებად ჩართული იყვნენ სახლის მაცხოვრებლები: გ. უ-ძე, ს. დ-ევა და რ. ჟ-ია, თანამოპასუხეებად ქ. ბათუმის მერია და ქ. ბათუმის ¹... სანოტარო კანტორა. ამასთანავე, 16.12.93 წ. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მ. ხ-ძემ განაცხადა, რომ იმ ოთახის საკუთრების საკითხი, რომელშიც ხ. ბ-ძე ცხოვრობს, ღიად დარჩენილიყო, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. ქ. ბათუმის ¹... საბინაო-საექსპლუატაციო უბნის ცნობის და საბინაო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ფართი 1933 წლიდან ირიცხებოდა კომუნალურ ფონდში, 1933 წლიდან კომუნალური ბინის დამქირავებლები იყვნენ ცოლ-ქმარი ი. და კ. ნ-იები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხ. ბ-ძემ კანონიერად შეიძინა ქ. ბათუმში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ძის მიერ. კასატორი ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ა. ხ.-ოღლიმ 09.02.31 წ. შეისყიდა ორი სახლი, მათ შორის თერთმეტოთახიანი სახლი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 01.12.95 წ. ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო ბინა კასატორს მიეკუთვნა. უსაფუძვლოა პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნ-იები ცხოვრობდნენ კომუნალურ ბინაში, ვინაიდან არ დასტურდება სადავო ფართის ჩამორთმევა. მიუხედავად იმისა, რომ ხ. ბ-ძისათვის ცნობილი იყო, რომ სახლთმფლობელობა, მათ შორის მის მიერ დაკავებული ბინა წარმოადგენდა სასამართლო დავის საგანს, მან მოახდინა ბინის შესყიდვა. ვინაიდან ბინის გამოსყიდვა უკანონოდ განხორციელნდა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის კანონიერაბაზე დავა აღარ დაიშვება, ბინა მ. ხ-ძეს დაუბრუნდა, ხ. ბ-ძემ უნდა გაათავისუფლოს სადავო ფართი. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატას არ ჰქონდა კასატორისათვის უკვე მიკუთვნებული ბინის ჩამორთმევის და მისი ხ. ბ-ძისათვის გადაცემის უფლება. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და ითხოვს მის გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

მოწინააღმედე მხარე ხ. ბ-ძე, წარმოდგენილ შესაგებელში საკასაციო საჩივარს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ სადავო ბინა მას გამოუყო ქალაქის აღმასკომმა, ბინის დამქირავებლის კ. ნ-იას გარდაცვალების შემდეგ. ¹... სახლმმართველობაში დაცული მასალებით და საქმეში დაცული პირადი ბარათით დასტურდება, რომ ბინა 1933 წლიდან კომუნალურ ფონდს განეკუთვნებოდა. ხ. ბ-ძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა, სსსკ-ის 408-ე მუხლის საფუძველზე, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 20.11.2000წ. გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩიავრი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ბინის შესყიდვა მოწინააღმდეგე მხარის ხ. ბ-ძის მიერ მოხდა სახლთმფლობელობის შესახებ მ. ხ-ძის მიერ სასამართლოში დავის წამოჭრის შემდეგ. უკანასკნელმა, სარჩელი სასამართლოში აღძრა 1990 წელს, ქ. ბათუმის 18.06.90 წ. განჩინებით სარჩელი დატოვებულ იქნა უმოძაროდ, საქმის წარმოება სარჩელზე განახლდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 21.01.91 წ. დადგენილებით, ხოლო ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სარემონტო საწარმოო გაერთიანებასა და მოქ. ხ. ბ-ძეს შორის სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო 04.09.90 წ., ანუ საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ, საქმის წარმოების განახლებამდე.

პალატა ითვალისიწინებს იმას, რომ ხ. ბ-ძე შესახლებულ იქნა გამოთავისუფლებულ კომუნალურ ფართში ბინის დამქირავებლის გარდაცვალების შემდეგ, ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, აღმასკომის მიერ გაცემული ¹000842, 04.06.83 წ. ორდერის საფუძველზე, როგორც საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ პირთა რიგში მდგომი, იგი იყო ორდერის კეთილსინდისიერი მფლობელი, მას არ წარუდგენია რაიმე ყალბი დოკუმენტაცია ორდერთა მისაღებად, რის გამო, საბინაო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, არ დაიშვებოდა დამქირავებლის გამოსახლება საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად. ამდენად, უმართებულოა კასატორის მოთხოვნა სადავო ფართიდან ხ. ბ-ძის გამოსახლების შესახებ. წარმოადგენდა რა სადავო ბინის დამქირავებელს, ხ. ბ-ძეს ჰქონდა ფართის ქირავნობის თანმდევი უფლება _ ბინის პირად საკუთრებაში შესყიდვის უფლება. 0.4.09.90 წ. ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 25.01.90 წ. ¹35 დადგენილებით დამტკიცებული «მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სახლებისა და ბინების პირად საკუთრებაში მიყიდვის და მათი მოვლა-შენახვისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურების შესახებ” დებულების (გაუქმდა «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92 წ. ¹107 დადგენილებით) მე-2 პუნქტის თანახმად, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასკომებს, საწარმოებს, გაერთიანებებსა და ორგანიზაციებს უფლება ჰქონდათ მიეყიდათ მოქალაქეებისათვის პირად საკუთრებაში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლები ან ბინები სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში რიცხულ სახლებში, მათ შორის წინათ კონფისკებული ან მუნიციპალიზებული ბინები.

სააპელაციო სასამართლომ, ქ. ბათუმის ¹... საბინაო-საექსპლოატაციო უბნის ცნობისა და საბინაო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ 1933 წლიდან სადავო ბინა ირიცხებოდა კომუნალურ ფონდში, საბინაო წიგნის ჩანაწერის მიხედვით მასში მუდმივ მაცხოვრებლად ცხოვრობდა კ. ნ-ია. ამდენად, უმართებულია მ. ხ-ძის მტკიცება იმის შესახებ, რომ ცოლ-ქმარი კ. და ი. ნ-იები სადავო ფართში 1993 წლიდან ცხოვრობდნენ მდგმურებად. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

უმართებულოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის სასამართლოს ძალაში შესული 01.12.95 წ. გადაწყვეტილებით კასატორს მიეკუთვნა სადავო ოთახი. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მ. ხ-ძემ 16.12.93წ. სასამართლო სხდომაზე მისი სარჩელის განხილვისას განაცხადა, რომ იმ ოთახის საკუთრების საკითხი, რომელშიც ხ. ბ-ძე ცხოვრობს, ღიად დარჩენილიყო, შესაბამისად, ქ. ბათუმის სასამართლოს 16.12.93 წ. გადაწყვეტილებით მოქ. ხ. ბ-ძის 12 კვ.მ. ფართის ნაწილში საქმე წარმოებით შეწყდა. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება საზედამხედველო წარმოების წესით გაუქმდა და საქმე განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს, მაგრამ 01.12.95 წ. ქ. ბათუმის სასამართლოში საქმის ხალახალი განხილბისას მ. ხ-ძე კვლავინდებურად განაცხადა, რომ იგი ხ. ბ-ძის მიმართ სხვა დროს აღძრავს სარჩელს ბინის პრვატიზაციის გაუქმებაზე. აღნიშნულის შესაბამისად, ქ. ბათუმის სასამართლოს 01.12.95 წ. გაადწყვეტილებით არ გაუქმებულა ბინის პირად საკუთრებაში შესყიდვის 04.09.90 წ. ხელშეკრულბა, რაც თავისთავად გამორიცხავს აღნიშნული გადაწყვეტილებით ხ. ბ-ძის პირად საკუთრებაში მყოფი ბინის მ. ხ-ძისათვის გადაცემას. ქ. ბათუმის სასამართლოს 01.12.95 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გადაეცა სახლის მაცხოვრებელთა მიერ (გ. უ-ძე, ს. დ-ოვა, რ. ჟ-ია და სხვ.) დაკავებული ის ფართი, რომელიც კომუნალურ ფონდში იყო ჩარიცხული, ვინაიდან მათი პრივატიზაციის ხელშეკრულებები ქ. ბათუმის სასამართლოს 01.12.95 წ. გადაწყვეტილების მიღებამდე იყო გაუქმებული. ბინის პირად საკუთრებაში გამოსყიდვით ხ. ბ-ძემ მოახდინა სადავო საცხოვრებელი ფართის სხვა სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, საბინაო სამართალწარმოების ნაცვლად საკუთრებითი ურთიერთობების წარმოქმნა, ამდენად, 04.09.90წ. ხელშეკრულების გაუქმების გარეშე შეუძლებელი იყო მ. ხ-ძისათვის სადავო ფართის გამოყოფა.

პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვისას დაშვებულ მნიშვნელოვან ხარვეზებთან ერთად იძლეოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმაო საფუძველს. ამდენად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.11.2000წ. გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.11.2000 წ. გადაწყვეტილება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.