Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-207-კ 29 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისის სასამართლოს 27.03.96 წ. გადაწყვეტილებით დ. გ-ძეს «ს-ის» ქუთაისის განყოფილების სასარგებლოდ დაეკისრა 2120 (ორი ათას ასოცი) აშშ დოლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 530 (ხუთას ოცდაათი) აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნული ვალუტის – ლარის გადახდა.

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად 1996 წლის ივლისში დ. გ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე, საჯარო ვაჭრობის წესით შეიძინა მ. ბ-ურმა, რომელზედაც გაიცა საჯარო ვაჭრობის აქტის ასლი ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრაციისათვის წარსადგენად.

30.09.97 წ. მ. ბ-ურსა და თ. ბ-შვილს შორის დაიდო სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ. ბ-შვილმა მ. ბ-ურისაგან შეიძინა ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი.

31.03.98 წ. ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა დ. და ქ. გ-ძეების სარჩელი და საჯარო ვაჭრობის აქტი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული სახლი შეიძინა მ. ბ-ურმა, ცნობილი იქნა ბათილად 31.03.98 წ. გადაწყვეტილებისა და აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მოსამართლის, ქ. ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსადმი მიმართვის საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც 1997 წლის 03 დეკემბრიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ. ბ-შვილის სახელზე იყო აღრიცხული, 05.08.98 წ. კვლავ დ. გ-ძის სახელზე აღირიცხა.

თ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა ქ. ქუთაისის სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა ტექაღრიცხვის ბიუროს რეგისტრაციის გაუქმება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა საჯარო ვაჭრობის აქტი, მაგრამ არ გაუქმებებულა მ. ბ-ურის სახლმფლობელობა და რეესტრში სათანადო რეგისტრაცია, არ გაუქმებულა აგრეთვე სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შედეგად თ. ბ-შვილმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი მ. ბ-ურისაგან. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლითაც ტექბიურომ იხელმძღვანელა, არაფერია ნათქვამი საჯარო ვაჭრობის წესით გაყიდული საცხოვრებელი სახლის დ. გ-ძისათვის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გასცა სასამართლოს 31.03.98 წ. გადაწყვეტილების განმარტება, რომლითაც არსებითად შეცვალა გადაწყვეტილების შინაარსი, ხოლო ტექაღრიცხვის ბიურომ იხელმძღვანელა აღნიშნული განმარტებით და მის მიერ შეძენილი საცხოვრებელი სახლი 06.08.98 წ. აღირიცხა დ. გ-ძის სახელზე. დ. და ქ. გ-ძეების სარჩელი ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ ისე იქნა განხილული, რომ საქმის წარმოებაში არ იქნა ჩაბმული თ. ბ-შვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 01.06.2000 წ. გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო უარი უთხრა მოსარჩელეს ტექაღიცხვის ბიუროს ჩანაწერის გაუქმებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.06.2000 წ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.10.2000 წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.06.2000 წ. გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ქ. ქუთაისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის დ. გ-ძის სახელზე 06.08.98 წ. რეგისტრაციის შესახებ და ძალაში დარჩა სახლთმფლობელობის შესახებ აღნიშნულ რეგისტრაციამდე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვის დროისათვის ამოქმედებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის შესახებ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავას წარმოადგენს, სასამართლოს საქმე უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. კერძოდ, დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, როგორც დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. სასამართლოს ამავე კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, უნდა გამოეთხოვა წერილობითი მტკიცებულება საცხოვრებელი სახლის აღრიცხვის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 06.08.98წ. აღრიცხვას კანონის დარღვევით გაცემული განმარტება ედო საფუძვლად, რადგანაც სასამართლოს 31.03.98წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საცხოვრებელი სახლის ვინმეს სახელზე აღრიცხვის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, რამაც გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება გამოიწვია. ამასთანავე, სასამართლოს მიერ გაცემული განმარტება მიღებულ იქნა იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის უხეში დარღვევებით, რის გამოც მას არ უნდა მიენიჭოს იურიდიული ძალა, შესაბამისად, უმართებულოა რეგისტრაციის წარმოების კანონიერ საფუძვლად მისი მიჩნევა. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ 31.03.98წ. ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ საჯარო ვაჭრობის აქტი, გადაწყვეტილებაში არაფერი თქმულა მ. ბ-ურის მიერ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის შეძენის და შემდგომ მ. ბ-ურსა და თ. ბ-შვილს შორის დადებული იმავე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე. საჯარო ვაჭრობის აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე უკვე რეალიზებული დაყადაღებული ქონების დასაბრუნებლად, ამავე კოდექსის 444-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის დავა უნდა გადაწყვეტილიყო სასარჩელო წესით და არა თ. ბ-შვილის სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის კვლავ დ. გ-ძის სახელზე რეგისტრაციით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 04.10.2000 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ძის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს 28.07.98 წ. განმარტებით, ტექაღრიცხვის ბიუროს მიეთითა, რომ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 48-ე და 444-ე მუხლების თანახმად უნდა აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა. შესაძლებელია ეს განმარტება სასამართლომ ფორმის დაუცველად მიიღო, მაგრამ მხარეებს ჰქონდათ მისი გასაჩივრების უფლება. კანონით განსაზღვრულ 14 დღიან ვადაში არც გადაწყვეტილება და არც განჩინება არ გასაჩივრებულა, განმარტება გადაწყვეტილებასთან ერთად შევიდა ძალაში, მისი კანონიერების შესახებ დღეს დავა შეუძლებელია. სასამართლოს 31.03.98 წ. გადაწყვეტილება და 28.07.98 წ. განმარტება ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერის გასაჩივრების დროისათვის კანონიერ ძალაში იყო შესული, აღნიშნული ფაქტი მტკიცებას არ საჭიროებდა, რის გამოც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამჟამად მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.09.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი, საოლქო სასამართლოს 04.10.2000 წ. გადაწყვეტილებაზე 05.02.01 წ. შეტანილი დამატებით საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, დავა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათისაა, თვით აპელანტი თავის მოთხოვნას ამყარებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევვებზე. გადაწყვეტილებიდან გაუგებარია თუ რომელ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად – ადმინისტრაციულ თუ ნორმატიულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევს სასამართლო ტექაღრიცხვის ბიუროს სარეგისტრაციო ჩანაწერს. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთზე საკუთრების და სხვა უფლებები, ამდენად, იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს ადამინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.

თ. ბ-შვილმა დ. გ-ძის საკასაციო საჩივარზე შესაგებელით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს კასატორის მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის გამოუყენებლობის გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.03.98 წ. გადაწყვეტილება თავისი შინაარსით არ წყვეტდა მისი საკუთრების საკითხს და არც მოსამართლის 28.06.98 წ. წერილი შეიძლება ჩაითვალოს სამართლებრივი შედეგების მქონე საპროცესო საბუთად. თ. ბ-შვილმა ასევე მიუთითა, რომ სწორედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.03.98წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა აძლევს საფუძველს იმსჯელოს ტექბიუროს ჩანაწერების უკანონობაზე, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ტექბიუროს არ ჰქონდა უფლება ცვლილებები მოეხდინა ჩანაწერებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაგებელის ავტორმა მოითხოვა საკასაციო საჩივარზე უარის თქმა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლის, მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.10.2000 წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის განსჯადობით გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

თ. ბ-შვილი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 06.08.98 წ. ჩანაწერის გაუქმებას. ჩანაწერს საფუძვლად დაედო ქ. ქუთაისის 31.03.98 წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის ივლისში ჩატარებული დ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის საჯარო ვაჭრობის აქტი. ვინაიდან 31.03.98 წ. გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი საცხოვრებელი სახლის შემდგომში მომხდარი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე, ტექნიკურმა ინვენტარიზაციის ბიურომ დ. გ-ძის სახელზე სახლმფლობელობის 06.08.98 წ. ჩანაწერი ფაქტიურად დააფუძნა 29.07.98 წ. სასამართლოდან მიღებულ წერილობით განმარტებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ 29.07.98წ. სასამართლოს განმარტება მიღებულია იმჟამად მოქმედი პროცესუალური ნორმების დარღვევით, იგი საერთოდ არ წარმოადგენს პროცესუალურ აქტს, რის გამოც უმართებულოა კასატორის მოსაზრება მისი ძალაში შესვლისა და ისეთ ფაქტად მიჩნევის შესახებ, რომელიც არ საჭიროებს მტკიცებას. ამასთანავე, უმართებულოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმე სასამართლოს უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, როგორც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახური, საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მას ევალება მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათება, ინვენტარიზაცია, პასპორტიზაცია, საინვენტარიზაციო ნახაზების, ტექნიკური პასპორტების, ცნობა-დახასიათებების გაცემა. ამდენად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახური დროის კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებს უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობას და ადგენს დოკუმენტებს (ტექნიკური პასპორტი, ნახაზი, ცნობა-დახასიათება და სხვ.), რომლებიც დეტერმინირებული არიან უფლებისწარმომქმნელი დოკუმენტით და თავად არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს, მაგრამ ამ აქტებს ეფუძნებიან, ასახავენ ადმინისტრაციულ და/ან კერძო-სამართლებრივ გარიგებებს. განსახილველ შემთხვევაში ჩანაწერი ეფუძნება არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ქ. ქუთაისის სასამართლოს 31.03.98 წ. გადაწყვეტილებას და მოსამართლის 29.07.98 წ. განმარტებას. განსახილველი ურთიერთობების სამოქალაქო-სამართლებრივ ხასიათს არ ცვლის ის გარემოება, რომ ურთიერთობის მონაწილე _ მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური, საქართველოს პრეზიდენტის 27.01.2000 წ. ¹ 21 ბრძანებულების თანახმად, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ვინაიდან სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული აქტის, არამედ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერი, განსჯადობის საკითხი დავის საგნიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, პროცესში საჯარო სამართლის იურიდიული პირის მარტოოდენ მონაწილეობა არ ცვლის ამ დავის სამართლებრივ ბუნებას. ამდენად, დავა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას უნდა განეხილა. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არასათანადო პალატის მიერ საქმის განხილვა წარმოადგენს უმნიშვნელო პროცესუალურ დარღვევას. «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრება საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის ფორმირების, საოლქო სასამართლოს მოსამართლის სხვა კოლეგიაში ან პალატაში მონაწილეობის წესი. აღნიშნული წესის დარღვევით ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით, 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.10.2000 წ. გადაწყვეტილება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.