გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-208-კ-01 18 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს კომერციული ბანკი «ა-ს» საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს კომერციულმა ბანკმა «ა-მ» 2000 წლის 14 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში, საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 10 აგვისტოს ¹ 67 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» საბანკო ლიცენზია გაუუქმდა. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლისა და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 და 21-ე მუხლების, ასევე, «საქართველოს 1998 წლის ფულად – საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ» საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის ¹ 61 ბრძანებით დადგინდა კომერციული ბანკებისათვის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგი. აღნიშნული განრიგით დაწესდა, რომ კომერციულ ბანკებს საწესდებო კაპიტალი ფულად ფორმაში 2000 წლის 30 ივნისისათვის განაღდებული უნდა ჰქონოდათ არანაკლებ 4 მილიონი ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, შპს კომერციული ბანკი «ა.» აღნიშნული ბრძანების მიღებიდან აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასრულებდა საწესდებო კაპიტალის ზრდის განრიგს 1998-1999 წლებისათვის, რომელმაც 1999 წლის 31 დეკემბრისათვის 3 003 986,33 ლარი შეადგინა. მან შესაბამისი განაცხადი გააკეთა საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში დათქმული დროისათვის კიდევ ერთი მილიონი ლარით გაზრდაზე, მაგრამ ამ პროცესს თავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეუქმნა დაბრკოლება. კერძოდ, 2000 წლის 27 ივლისს შპს კომერციულმა ბანკმა «ა-მ» წერილი მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტისაგან, რომელიც ბანკის საბალანსო ანგარიშზე რიცხული რეზერვის საფუძველზე, პირველ რიგში, ზარალის – 346 453 ლარის დაფარვას მოითხოვდა. აღნიშნულმა გარემოებამ შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» დამატებითი პრობლემები შეუქმნა და მან ვერ შეძლო მის მიერ შეთანხმებული საწესდებო კაპიტალის ზრდის გრაფიკის დაცვა. ამ პერიოდში შპს კომერციულმა ბანკმა «ა-მ» შეთანხმებას მიაღწია ინვესტორთან, რათა მას მოეხდინა დამატებითი თანხის შეტანა 340 000 ლარის ოდენობით (ბანკის კაპიტალში შესაბამისი წილის დათმობით), ოღონდ ინვესტორმა გარკვეული ვადა მოითხოვა თანხის მოსაზიდად.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ გაითვალისწინა შპს კომერციული ბანკ «ა-ში» შექმნილი ვითარება და 2000 წლის 10 აგვისტოს ¹ 67 განკარგულებით შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» საბანკო ლიცენზია გაუუქმა, რასაც უკანონოდ მიიჩნევს და სასარჩელო წესით ასაჩივრებს შპს კომერციული ბანკი «ა.».
მოპასუხე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» საწესდებო კაპიტალი ფულად ფორმაში, საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 8 ივლისის ¹ 61 ბრძანების შესაბამისად, 2000 წლის 30 ივნისისათვის 4 მილიონ ლარამდე უნდა შეევსო. 2000 წლის 29 ივნისს შპს «ა-ს» დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და აცნობა, რომ საწესდებო კაპიტალის შევსებას 4 მილიონ ლარამდე ბანკ «ქ-ში» გახსნილი საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით განახორციელებდა. ამასთან, საწესდებო კაპიტალის გაზრდა შემდეგი სახით უნდა განხორციელებულიყო: 400000 ლარი – ახალი პარტნიორის, კორპორაცია «მომავლის» მხრიდან, ხოლო 600 000 ლარი – ბანკის სარეზერვო ფონდიდან. ამ დროს, საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშების თანახმად, შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» გასული წლის მოგება-ზარალის ანგარიშზე ნაშთად ერიცხებოდა ზარალი – 346453 ლარის ოდენობით. მეწარმეთა შესახებ კანონის 50-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 7 დეკემბრის ¹ 118 ბრძანებით დამტკიცებული «კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესების» მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალი მცირდება გასული წლის ზარალის ამსახველი შესაბამისი თანხით.
მოპასუხის განმარტებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» ორგანული კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დაცვისა და შესრულების მიზნით 2000 წლის 26 ივლისს წერილით აცნობა შპს კომერციულ ბანკ «ა-ს», რომ სარეზერვო ფონდის ანგარიშზე რიცხული თანხიდან პირველ რიგში უნდა მოეხდინა გასული წლის ზარალის გადაფარვა, ხოლო დარჩენილი თანხა სურვილისამებრ შეეძლო მიემართა საწესდებო კაპიტალში, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით.
ამდენად, მოპასუხის აზრით, სახეზეა მოსარჩელის მიერ ნორმატიული აქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის ¹ 61 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რის გამოც საქართველოს ეროვნულ ბანკს სრული უფლება ჰქონდა გაეუქმებინა შპს კომერციული ბანკ «ა-ს» საბანკო ლიცენზია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბათილად არ ცნო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 10 აგვისტოს ¹ 67-ე განკარგულება შპს კომერციულ ბანკ «ა-სათვის» საბანკო ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. გადაწყვეტილების გამოტანისას თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის 10 აგვისტოს ¹ 67-ე განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომლის მიღების მომენტისათვის სადავო ურთიერთობებს არეგულირებდა: საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის ¹ 61 ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის ¹ 62 ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 25 მაისის ¹ 124 ბრძანება, «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლი (ცვლილებების გათვალისწინებით) და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლი. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი ყველა ზემოთდასახელებულ კანონსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს შეესაბამებოდა, კერძოდ, 1) საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის ¹ 61 ბრძანების პირველი მუხლი ადგენდა, რომ 2000 წლის 30 ივნისისათვის კომერციული ბანკების მინიმალური საწესდებო კაპიტალი უნდა ყოფილიყო ოთხი მილიონი ლარი, 2) საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის ¹ 62 ბრძანება განსაზღვრავდა, რომ მინიმალური საწესდებო კაპიტალის შევსება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფულადი ფორმით ლარებში; 3) საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 25 მაისის ¹ 124 ბრძანების მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ ფულად ფორმაში საწესდებო კაპიტალის ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ეროვნული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით; 4) საქართველოს ეროვნულ ბანკს, «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» ორგანული კანონის 59-ე მუხლის თანახმად, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა საბანკო ლიცენზიების გაცემასა და ლიცენზიის მქონე ბანკებისა და სხვა იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობაზე; 5) «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» საბანკო ლიცენზია.
ამდენად, საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს კომერციულმა ბანკმა «ა-მ» არ შეასრულა კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი ნორმატივები და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონიერად გააუქმა შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» საბანკო ლიცენზია. ამასთან, საოლქო სასამართლოს აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის ეროვნული ბანკის დირექტორ-განმკარგულებელი, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული ბანკის საქმიანობაზე და რომელიც გამოსცემს განკარგულებებს. სადავო აქტი გამოცემულია განკარგულების ფორმით, წარმოადგენს იდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და კანონიერია.
შპს კომერციული ბანკი «ა.» არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საკასაციო წესით გაასაჩივრა იგი. ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დაეყრდნო რა საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის ¹ 124 ბრძანებას, უკანონოდ აუკრძალა შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» ახალი პარტნიორის მეშვეობით განეხორციელებინა საწესდებო კაპიტალში შენატანი ბანკ «ქ-ს» საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით და უკანონოდ მოითხოვა აღნიშნული განხორციელებულიყო მოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით. ამასთან, კასატორი თვლის, რომ 2000 წლის კაპიტალის ეტაპობრივი ზრდისათვის ¹ 124 ბრძანების, როგორც ნორმატიული აქტის გამოყენება, უკანონოა, ვინაიდან «საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ» საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 10 მარტის დადგენილებით. კომერციული ბანკებისათვის საწესდებო კაპიტალის ზრდის სხვა წესი და სხვა თარიღი დაწესდა, კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა საბანკო დაწესებულებების მიერ საშუამავლო ოპერაციების მოცულობის გაზრდისა და კონკრეტული გარემოს შექმნის მიზნით 2000 წლის ბოლოსათვის კომერციული ბანკების განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა 5 მილიონი ლარით განესაზღვრა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატის აზრით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად გამოიყენა «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონი, «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის ¹ 61 და ¹ 62 ბრძანებები და 1999 წლის ¹ 124 ბრძანება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 25 მაისის ¹ 124 ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რომელიც დღემდე ძალადაკარგულად არ გამოცხადებულა. აღნიშნული აქტით ცალსახად და იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საწესდებო კაპიტალის ზრდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშის მეშვეობით, რადგან ეროვნულ ბანკს საშუალება მიეცეს აკონტროლოს თუ რამდენად რეალურად არსებობს ეს სახსრები, ხოლო სხვა ანგარიშების მეშვეობით საწესდებო კაპიტალის გაზრდისას ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს გააკონტროლოს საწესდებო კაპიტალის შევსების ნამდვილობა.
საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 25 მაისის ¹ 124 ბრძანება არ ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 10 მარტის დადგენილებას «საქართველოს 2000 წლის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ», ამასთან, მიიჩნევს, რომ «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი, რომელიც კომერციულ ბანკებს პერიოდულად დამოუკიდებლად განუსაზღვრავს გაცხადებული და განაღდებული კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, მისი ფორმირების წესებს, ასევე სხვა ნორმატივებს.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სადავო 2000 წლის 10 აგვისტოს ¹ 67 განკარგულება, რომლითაც შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» საბანკო ლიცენზია გაუუქმდა, შეესაბამება იმ დროს მოქმედ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, მიღებულია კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით და არ არსებობს ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს კომერციულ ბანკ «ა-ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.