¹ 3გ/ად-211-კ 3 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ...-ის რაიონის გამგეობის 16.03.2000 წ., ¹5 დადგენილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჩ-ავამ და სხვებმა (სულ 37 პირმა) 01.06.2000 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ...-ის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს ...-ის რაიონის გამგეობის 16.03.2000 წ. ¹5 დადგენილების 1 პუნქტის გაუქმება, რომლითაც ე.წ. “ნ.-ის” და “ჭ.-ის” მიწის ფართობები გაიცა ათწლიანი იჯარით სოფ. ... მაცხოვრებლებზე: შ. კ-შვილსა და ნ. მ-იაზე. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საიჯარო ობიექტების წრე, რომელშიც არ ექცევა მიზნობრივი დანიშნულებით ნებადართული მიწის ნაკვეთების გამოყენება. სადავო მიწის ფართობი, მინისტრთა საბჭოს 1986 წლის დადგენილებით და სოფლის საერთო კრების დადგენილებით შეადგენს მიწის სარეზერვო ფონდს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის. იჯარით გაცემისას შეცვლილ იქნა «ჭ.-ის» და «ნ.-ის» მიწების მიზნობრივი დანიშნულება. მინისტრთა კაბინეტის 10.03.92წ. ¹290 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად მიწის რეფორმის ფონდში არ გამოიყოფა სტიქიური და სხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული მოსახლეობის განსახლებისათვის განკუთვნილი სარეზერვო მიწები.
...-ის რაიონულმა სასამართლომ 14.06.2000წ. გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი, გაუქმდა ...-ის რაიონის გამგეობის 16.03.2000წ. ¹5 დადგენილების პირველი პუნქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ...-ის რაიონის გამგეობის მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 26.10.2000წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.92წ. ¹290 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით მიწის რეფორმის ფონდში არ გამოიყოფა სტიქიური და სხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული მოსახლეობის განსახლებისათვის განკუთვნილი სარეზერვო მიწები. რამდენადაც სადავო მიწის ნაკვეთი სარეზერვო ფონდს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ დამეწყრილი კომლებისათვის შეიძლება გაიცეს საკარმიდამო მიწების სახით, ამ მიწის გაცემა იჯარით დაუშვებელია, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო იჯარის ობიექტია სოფლის, რაიონული ცენტრისა და ქალაქის ფარგლებში მოქცეული მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და სასოფლო-სამეურნეო მიზნით მათი გამოყენება არსებული წესის შესაბამისად ნებადართულია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილია. სადავო მიწის დანიშნულების შეცვლა სცილდება ...-ის გამგეობის კომპეტენციას. მიწის იჯარით გაცემის შესახებ მუდმივმოქმედ კომისიას არ გამოუქვეყნებია პრესაში ინფორმაცია კონკურსის შესახებ, რითაც დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 8.2 პუნქტის მოთხოვნა. აღნიშნული დებულების 7.2 პუნქტის დარღვევით განცხადებას მიწის იჯარით გაცემის შესახებ არ დაერთო საკონკურსო წინადადება ან ბიზნეს-გეგმა. ვინაიდან მიწა გაიცა შ. კ-შვილზე და ნ. მ-იაზე, დებულების 3.3 მუხლის თანახმად, უნდა ჩატარებულიყო კონკურსი. დებულების 9.1 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეებს ჰქონდათ უპირატესობა მიწის იჯარით გაცემისას. იჯარით გასაცემ მიწაზე გეგმის შეუდგენლობით დაირღვა დებულების 8.1 პუნქტის მოთხოვნები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 26.10.2000წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მესამე პირების შ. კ-შვილის და ნ. მ-იას მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ მიწის ნაკვეთი იჯარით მათ გადაეცათ კანონიერად, გადაცემული ნაკვეთი ფაქტობრივად მიტაცებული აქვს მოწინააღმდეგე მხარეს, რომლებიც ნორმით დადგენილ ზომაზე მეტ ნაკვეთებს ფლობენ. მოსარჩელეებს ვ. ჩ-ავას და სხვებს არ წარმოუდგენიათ სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერ საფუძველზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად ვ. ჩ-ავას და სხვათა უფელბები არ შელახულა, მათ არ აქვთ სასამართლოში უფლების დასაცავად მიმართვის და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა კასატორების მონაწილეობის გარეშე, რითაც მოუსპო მათ საპროცესო უფლებებით სარგებლობის საშუალება. სასამართლო გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ მიწის თვითნებური მიმტაცებლები უფლებამოსილ პირებად და სათანადო მოსარჩელეებად, რის საფუძველზე დააკმაყოფილა არაუფლებამოსილი პირების სასარჩელო მოთხოვნა. გადაწყვეტილება არ პასუხობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მასში არ არის მითითებული მესამე პირების შესახებ, არაფერია ნათქვამი მათ შესაგებელზე. საქმის ზეპირი განხილვის პროცესში კასატორებმა აღნიშნეს, რომ მხარეებისათვის ჩაბარებული სასამართლო უწყების თანხმად პროცესი ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, მიუხედავად ამისა პროცესი ჩატარდა ...-ის რაიონულ სასამართლოში, რის გამო პროცესზე ვერ გამოცხადდნენ და ვერ მიიღეს მონაწილეობა რიგმა პირებმა, რომელთა ჩვენებებს მნიშვნელობა ჰქონდა საქმის ობიექტური გადაწყვეტისათვის. საბოლოოდ კასატორებმა მოითხოვეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოწინააღმდეგე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით საკასაციო საჩივარი არ ცნო, მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 26.10.2000წ. განჩინების ძალაში დატოვება და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად მიწის იჯარით გაცემა საჭიროებს სავალდებულო რეგისტრაციას, სადავო აქტის მიღებიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კასატორებს არ მიუმართავთ რეგისტრაციის სამსახურისათვის. დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები საკონკურსო პირობების და წესების პრესაში გამოქვეყნების, ბიზნეს-გეგმის წარმოდგენის, იჯარით გასაცემი გეგმა-ნახაზის შედგენის, განცხადებების რეგისტრაციის შესახებ. ნაკვეთის იჯარით გაცემისას იგნორირებულ იქნა სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის მოთხოვნები, არ იქნა მხედველობაში მიღებული ის, რომ სადავო ნაკვეთი ც. მ-იანს და სხვებს 40 წლის წინათ გაცემული ჰქონდათ სარგებლობაში, ნაკვეთზე მათ გააშენეს ვენახი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში უვლიდნენ. მხედველობაში არ იქნა მიღებული აგერთვე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის დადგენილება, რომლის ძალითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები 1992 წლიდან მიწის კანონიერ მოსარგებლეთა საკუთრებაში გადაიცა. ვინაიდან მოსარჩელეები ორმოცი წლის მანძილზე სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, უმართებულოა კასატორის მოსაზრება მათი არასათანადო მოსარჩელეებად ცნობის შესახებ. შ. კ-შვილს და ნ. მ-იას იჯარით მიწა გაეცა არაუფლებამოსილი ორგანოს – სოფლის საკრებულოს მიერ. ამასთანავე, შ. კ-შვილს გააჩნია სამოსახლო მიწის ნაკვეთი. შ. კ-შვილი და ნ. მ-ია საოლქო სასამართლოს გამსვლელ სხდომაზე ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად, რის გამო უსაფუძვლოა მოსაზრება იმის შესახებ, რომ შ. კ-შვილი და ნ. მ-ია არ მონაწილეობდნენ პროცესში მესამე პირებად. მოწინააღმდეგე მხარე ვ. ჩ-ავა, გ. მ-იანი და სხვები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ. საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად თვლის, რომ შ. კ-შვილის და ნ. მ-იას საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა 26.10.2000წ. ჩატარებულ სხდომაზე. სხდომის დღის შესახებ მხარეებს ეცნობათ უწყებით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ...-ის გამგეობის სააპელაციო საჩივარი განიხილებოდა 26.10.2000წ. ქუთაისის საოლქო სასამართლოში, მისამართზე: ... ქ. ქუთაისი. ...-ის რაიონული სასამართლოს 01.08.01წ. ¹519, ...-ის რაიონის გამგეობის 01.08.01წ. ¹245, ...-ის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 01.08.01წ. ¹14, ქვედა ...-ის საკრებულოს გამგეობის 01.08.01წ. ¹38 მომართვების, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის შესაგებლის ტექსტიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის სხდომა ჩატარდა 26.10.2000წ. არა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, არამედ ...-ის რაიონული სასამართლოს შენობაში. საქმეში დაცულია განცხადება, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ სასამართლო სხდომის ჩატარებას ქ. ...-ში. ამასთანავე საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტაცია სასამართლო სხდომის ...-ში ჩატარების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე არ იყვნენ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებულები საქმეში მონაწილე პირები. სასამართლო სხდომის ...-ში ჩატარების მიუხედავად სასამართლო სხდომის 26.10.2000წ. ოქმში სხდომის ადგილად აღნიშნულია ქ. ქუთაისი. სსსკ-ის 228-ე მუხლის თანახმად, საქმის ერთ-ერთ არსებით მომენტს, რომელსაც უნდა ასახავდეს ოქმი, წარმოადგენს სასამართლო სხდომის ადგილის აღნიშნვა. ოქმში საქმის არსებითი გარემოების არასწორი ასახვა შეუძლებელს ქმნის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის პროცესუალური ნორმის გამოყენების სისწორის შემოწმებას და უთანაბრდება სსსკ-ის 394-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მითითება, სსსკ-ის 249-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სავალდებულო ატრიბუტს წარმოადგენს აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილებისათვის. მიუხედავად ამისა, სსსკ-ის 257-ე მუხლის მიხედვით სხდომაზე გამოცხადებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში და მოტივირებული განჩინების ტექსტში განჩინების გამოტანის ადგილად მითითებულია ქ. ქუთაისი და არა ქ. ...-ი.
ვინაიდან ...-ის რაიონის გამგეობის 16.03.2000წ. ¹5 გადაწყვეტილების 1 პუნქტი ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის იჯარით გამოყოფას, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 15.08.2000წ. განჩინებით საქმეში მესამედ პირად ჩართულ იქნენ შ. კ-შვილი, ნ. მ-იასთან, ...-ის რაიონის სოფ. ... გამგეობა, ...-ის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, რადგან გადაწყვეტილება შესაძლოა შეხებოდა მათ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული პირები არ იყვნენ ჩართული საქმეში, საოლქო სასამართლოს 26.10.2000წ. განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ...-ის რაიონული სასამართლოს 14.06.2000წ. გადაწყვეტილება. მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 01.08.01წ. ¹14 წერილის მიხედვით, მისთვის ცნობილი იყო სასამართლო პროცესის ქუთაისში ჩატარების შესახებ, მიუხედავად ამისა პროცესი მოულოდნელად ჩატარდა ...-ის რაიონულ სასამართლოში. შ. კ-შვილის მიერ პროცესზე წარმოდგენილი უწყებების იმ პირების მიხედვით, რომლებიც ჩაბარდათ მხარეებს, საქმის განხილვის ადგილად მითითებული იყო ქუთაისის საოლქო სასამართლო. სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს სასამართლოს ზუსტ მისამართს (72-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი) და გამოცხადების ადგილის მითითებას (72-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი). სასამართლო უწყების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით ჩაბარება, რის შედეგადაც საქმე განხილულ იქნა ...-ის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, წარმოადგენს სამართლის ნორმების ისეთ დარღვევას, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის შედეგზე. აღნიშნული, სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელ-მოპასუხის ყველა უფლება-მოვალეობით. სსსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 261, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორების შ. კ-შვილის და ნ. მ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.10.2000 წ. განჩინება.
2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.