Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად–190-კ 30 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი – ბინის პრივატიზებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 3 ივნისს ნ. კ-ძემ მოახდინა ქ. ბათუმში ... მდებარე სადავო სამოთახიანი ბინის პრივატიზება, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების საფუძველზე. ბინა წარმოადგენს მთლიანი სახლის 1/7 ნაწილს, საერთო ფართია 79.91 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი – 56,4 კვ.მ; დამხმარე ფართი – 23,31 კვ.მ. იმავე წლის 30 ივნისს ნ. კ-ძემ იგივე სადავო ბინა 12000 ლარად გაასხვისა ნ. კო-ძეზე. ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამოწმებულია ქ. ბათუმის ნოტარიუსის ქ. ბ-შვილის მიერ, რეესტრის ¹ 1-126, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება – ნოტარიუს მ. ბ-ძის მიერ, რეესტრი ¹ 1-71, ხელშეკრულებები რეგისტრირებულია ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის სამსახურში და ახალ მესაკუთრეზე – ნ. კ-ძეზე გაცემულია საცხოვრებელი სახლის 1/7 ნაწილის ტექნიკური პასპორტი.

2000 წლის 4 მაისს მოწინააღმდეგე მხარემ – ნ. კოო-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს 1999 წლის 30 ივნისს შეძენილი ბინიდან ნ. კ-ძის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლების თაობაზე. 2000 წლის 25 მაისს მოპასუხე ნ. კ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. კო-ძის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა მხარეთა ზეპირი შეთანხმება სახლის 20000 დოლარად შეძენის შესახებ, ფაქტიურად კი ნ. კო-ძემ და შ. ა-ძემ გადაუხადეს მხოლოდ 6000 დოლარი (2000 დოლარი პირადად მას გადაუხადეს, ხოლო 4000 დოლარი მისცეს მის მდგმურს ქ. ხ-შვილს), ბინის დანარჩენ ღირებულებას - 14000 დოლარს მყიდველები აღარ ანაზღაურებდნენ. ბინის ნასყიდობის და პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 ავისტოს ¹ 520 დადგენილების საფუძველზე, მოითხოვა კასატორმა მ. პ-იამ იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებებით შეილახა მისი კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე, სადავო ბინაში ცხოვრობს დაბადებიდან, პრივატიზების მომენტისათვის მოპოვებული ჰქონდა სადავო ფართზე უფლება და პრივატიზება-ნასყიდობის ხელშეკრულებების დასადებად მას, როგორც ოჯახის წევრს თანხმობა არ განუცხადებია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 3 ივლისის განჩინებით მ. პ-ია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 88-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბმულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კო-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. კ-ძე ოჯახის წევრებთან, მათ შორის კასატორ მ. პ-იასთან ერთად გამოსახლებული იქნა ნ. კო-ძის სახელზე რიცხული ბინიდან, ხოლო ნ. კ-ძესა და მ. პ-იას სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ძემ და მ. პ-იამ, რომლებიც მოითხოვდნენ გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ნ. კ-ძისა და მ. პ-იას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება. კერძოდ, ნ. კ-ძის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ გამოარკვია, რომ ნ. კ-ძემ ნ. კო-ძისაგან მიიღო 14700 დოლარი, აქედან 6000 დოლარი მიიღო თავად ნ. კ-ძემ, ხოლო 8700 დოლარი მისმა მეუღლემ – დ. ლ-იამ. ნ. პ-აიას მოთხოვნა სადავო ბინის პრივატიზებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹ 520 დადგენილებით ოჯახის წევრების თანხმობა ბინის პრივატიზების დროს. საჭირო აღარ იყო და ამ თანხმობის არარსებობა, პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენდა. ამასთან, მ. პ-იას წარმომადგენლის ი. პ-იას განმარტებით, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ. პ-იამ იცოდა როგორც ბინის პრივატიზების, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ, თანახმაც იყო იმ პირობით, თუ ბინის ღირებულების ნახევარს მიიღებდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თუ მ. პ-იასა და ნ. კ-ძეს შორის არსებობდა ამგვარი შეთანხმება, მ. პ-იას შეუძლია მოთხოვოს ნ. კ-ძეს აღებული 14700 დოლარიდან შეთანხმებული თანხის გადახა და აღნიშნული გარემოება ნ. კო-ძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ვერ იქნება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მ. პ-ია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე და მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1996 წლის 2 აპრილის პლენუმის დადგენილება, რომლის თანახმადაც პრივატიზების ხელშეკრულების დადებით ოჯახში ჩაწერილ სრულწლოვან წევრს ე.ი. მას (მ. პ-იას), არ ეკარგება ამ ბინაზე უფლება. საკასაციო საჩივრის მეორე საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის II ნაწილის დარღვევა, სახელდობრ, სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – 1999 წლის 3 ივლისის პრივატიზების ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. პ-იას საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის გნჩინება და საქმე გასაჩივრებულ ნაწილში ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან საქმეში სრულად არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები 1999 წლის 30 ივნისის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ხოლო კასატორის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის) მ. პ-იას მიერ სადავოდ გამხდარი ბინის პრივატიზების თაობაზე მასალები _ წერილობითი მტკიცებულებები _ საქმეში არ მოიპოვება და შესაბამისად, ისინი სასამართლოს მიერ შეუსწავლელ-გამოუკვლეველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მართალია მხარეები თავადვე განსაზღვრავენ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლო, ასევე, უფლებამოსილია თავისი ინიციატივითაც მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად. ვინაიდან მ. პ-იას სარჩელი ეხებოდა ადმინისტრაციული გარიგების – ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობას, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის მიზნით სააპელაციო პალატა ვალდებული იყო ქ. ბათუმის ნოტარიუსის ქ. ბ-შვილისაგან გამოეთხოვა ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივარს, საქმის განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამ საპროცესო ნორმის დარღვევას შეიძლება შედეგად მოჰყვეს საქმეზე უსწორო გადაწყვეტილების გამოტანა, ამიტომ განჩინება უნდა გაუქმდეს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

2. ვინაიდან სადავო გარიგებასთან – ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად სასამართლოს მიერ ისინი შეუსწავლელია და გამოუკვლეველია საქმისათვის უმნიშვნელოვანესი შემდეგი გარემოება: “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად: «საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან».

სასარჩელო განცხადებაში კასატორი მ. პ-ია პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობას ითხოვდა იმ მოტივით, რომ გარიგებით შეილახა მისი კონსტიტუციური უფლება ბინის საკუთრებაზე, რადგან სადავო ბინაში დაბადებიდან ცხოვრობდა და პრივატიზების მომენტისათვის, 1999 წლის 3 ივნისისათვის მოპოვებული ჰქონდა სადავო ფართზე უფლება. მ. პ-იას წარმომადგენელი (მისი და) ი. პ-ია სააპელაციო სასამართლოს განუმარტავდა, რომ სადავო ბინაში დაიბადნენ ორივენი, რომ იქ დედის გარდაცვალების შემდეგ მათ ზრდიდა ბებია, ხოლო ბებიის გარდაცვალების შემდეგ მივიდა მათთან დეიდა – მოპასუხე ნ. კ-ძე. მ. პ-იას სადავო ბინაში ცხოვრება-ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ორი მტკიცებულებაა წარმოდგენილი: 1. 1999 წლის 11 ივნისს გაცემული ცნობა ¹ 721 (გამცემი ორგანოს რეკვიზიტები არ იკითხება), რომლის მიხედვითაც კასაიტორი არ ცხოვრობს სადავო ბინაში და 2. ბათუმის ¹ 2 მიკრორაიონის გამგებლის მიერ 2000 წლის 21 ივნისს გაცემული ცნობა ¹ 580, რომლის თანახმადაც მ. პ-ია ნამდვილად ცხოვრობს სადავო ბინაში და იქ ჩაწერილია 1995 წლის 6 იანვრიდან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის უმთავრესია იმ ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა-დადგენა, ცხოვრობდა თუ არა მ. პ-ია სადავო ბინაში, მოპოვებული ჰქონდა თუ არა სადავო ფართზე სარგებლობისა და ¹ 107 დადგენილების მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლება ბინის პრივატიზებაზე, ე.ი. ითვლებოდა თუ არა იგი სადავო ბინის დამქირავებლად. ასევე უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევაც, ოფიციალურად ვინ ითვლებოდა ქ. ბათუმში ... მდებარე სამოთახიანი ბინის დამქირავებლად და ნ. კ-ძე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, კასატორ მ. პ-იას დეიდა) იურიდიულად რა უფლებით ცხოვრობდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ბინაში და რატომ, რომელი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოახდინა თავის თავზე სადავო ბინის პრივატიზება.

ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული გარიგების – ბინის პრივატიზების ბათილობის ნაწილში დამატებით საჭიროა საქმის არსებითი შესწავლა-გამოკვლევა ზემოაღნიშნული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ამიტომ ამ ნაწილში საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია, კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო პალატას, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლისა.

3. მეორე სასარჩელო მოთხოვნის - პრივატიზებული ბინის 1999 წლის 30 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში, კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის II ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა სახელდობრ: «საბინაო ფონდის პრივატიზაციის შესახებ» საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 2 აპრილის ¹ 1 დადგენილების მე-2 პუნქტი, რომელიც მიუთითებდა, რომ: «საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1996 წლის 5 აგვისტოს ¹ 520 დადგენილებით გაუქმდა ბინების პრივატიზაციისათვის ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის აუცილებლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომლებთაც საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული აქვთ ბინის პრივატიზაციის დროისათვის». აღნიშნულიდან გამომდინარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას მ. პ-ია ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ, როგორც ბინაში ჩაწერილ სრულწლოვან წევრს, ბინაზე უფლებამოპოვებული იყო, მის გასხვისებაზე საჭირო იყო მისი თანხმობა, რაც მას ოფიციალურად, დადგენილი წესის შესაბამისად, არ განუცხადებია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნ. კ-ძესა (მ. პ-იას დეიდა) და ნ. კო-ძეს შორის ფორმალური თვალსაზრისით სათანადო წესით მოხდა, გარიგება დამოწმდა ნოტარიუს მ. ბ-ძის მიერ, რეგისტრირებულია ქ. ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში და ახალ მესაკუთრეზე გაცემულია სახლის 1/7 ნაწილის ტექნიკური პასპორტი. საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-187 მუხლებს, მაგრამ საგულისხმოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ სადავო ბინის პრივატიზება ნ. კ-ძემ მოახდინა 1999 წლის 3 ივნისს, ხოლო იმავე წლის 30 ივნისს დაიდო ნაყიდობის ხელშეკრულება, ამიტომ ნ. კ-ძის მიერ თავისთავზე ბინის პრივატიზების ხელშეკრულების კანონიერების დადგენის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ბინის ნასყიდობის კანონიერების საკითხიც და გაირკვეს რამდენად კეთილსინდისიერი შემძენია ნ. კ-ძე, ხოლო მ. პ-იას თანამესაკუთრეობის საკითხისა და ბინის პრივატიზების უფლებების გარკვევის შემდეგ სააპელაიო სასამართლომ ნ. კო-ძე – ნ. კ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე და 959-ე მუხლების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც თანასაკუთრების სახლის განკარგვა (გაყიდვა) უნდა მოხდეს მხოლოდ ერთობლივად, თანამესაკუთრეთა თანხმობით.

4. ამდენად, ვინაიდან მ. პ-ია დავობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით უზრუნველყოფილი ბინის საკუთრების უფლების უკანონოდ ხელყოფის შესახებ და რადგან მოქალაქის საცხოვრისის უფლება ასევე აღიარებულია «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის» მე-12 მუხლით და დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპის კონვენციის მე-8 მუხლით, საკასაციო პალატას საჭიროდ მიაჩნია სადავო ბინის პრივატიზებისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების საკითხის გარკვევასთან ერთად, გამოიკვლიოს და იმსჯელოს გარიგების უმთავრეს, უარსებითეს გარემოებაზე – ხელშეკრულების ფასზე, რადგან საქმეში წარმოდგენილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით სადავო ბინა გაიყიდა 12000 ლარად, ხოლო გარიგების კონტრაჰენტებისა (მხარეების) და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. კ-ძეს ბინაში გადაუხადეს 14700 დოლარი. ხელშეკრულებაში მითითუბულ ფასს – 12000 ლარსა და ფაქტობრივად ანაზღაურებულ ღირებულებას - 14700 დოლარს შორის ასეთი მკვეთრი შეუსაბამობა, საკასაციო სასამართლოს აზრით საყურადღებოა და გამოსარევევია, რადგან იგი რეალურად არ ასახავს მხარეთა ნამდვილ ნებას და შეთანხმებას. პალატას მიაჩნია, რომ დამატებით საჭიროა დადგინდეს, ხომ არ აქვს ადგილი სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ თვალთმაქცურ გარიგებას. ამიტომ, პალატის აზრით, ამჟამად შეუძლებელია საბოლოო გადაწვეტილების მიღება, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რის გამოც მ. პ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. პ-იას დამატებითი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და საქმე გასაჩივრებულ ნაწილში ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.