გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-210 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
აღწერილობითი ნაწილი:
ს. რ-შვილმა სარჩელით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და გამგეობის 1999 წლის 22 ივნისის მიწის ნაკვეთის გამიჯვნის აქტის გაუქმების მოთხოვნით. მიუთითა, რომ მიწის გამიჯვნის აქტს საფუძვლად დაედო საგარეჯოს სახალხო სასამართლის 1971 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გადაწყვეტილ იქნა დავა ვ. რ-შვილსა და ქ. რ-შვილს შორის ფანჯრის ღიობის ამოშენების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის შესახებ დადგენილი არაფერი არ ყოფილა. სასამართლოს არ უმსჯელია მათი ეზოს მიწის ნაკვეთების შესახებ.
მესამე პირმა ქ. რ-შვილმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ეზოს გამიჯვნის აქტის დაკანონება, ს. რ-შვილის მიერ მიტაცებული მიწის ნაკვეთების, მათ შორის სავენახეს დაბრუნება და სასაზღვრო მიჯნის აღმართვა, მატერიალური ზიანისათვის 5 ათასი ლარის და მორალური ზიანისათვის 3 ათასი ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე 1999 წლის 18 ნოემბერს, მხარეთა თხოვნით, სასამართლოს მიერ დადაგენილ იქნა, რომ საქმეზე გამოტანილი ყოფილიყო ნაწილობრივი გადაწყვეტილება, ხოლო ქ. რ-შვილის მიმართ სავენახე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის განხილვა გადაიდო მის სრულყოფილად მომზადებამდე. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, ს. რ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს რაიონის მიწათსარგებლობის სამმართველოსა და საგარეჯოს გამგეობის 1999 წლის 22 ივნისის ერთობლივი აქტი მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ. მესამე პირის ქ. რ-შვილის, სასარჩელო მოთხოვნა ეზოს სადავო 28 კვ.მ ფართის მისთვის მიერთების შესახებ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მხარეებს განემარტათ, რომ ქ. რ-შვილის მოთხოვნის გადაუწყვეტელ ნაწილზე სავენახე მიწასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებდა დამატებით.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაცო წესით გაასაჩივრა ქ. რ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ განიხილა საქმე, 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ქ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული ნაწილობრივი გადაუწყვეტილება დატოვა უცვლელად. აღნიშნული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გამიჯვნის აქტი, რომელიც 1999 წლის 22 ივნისს საგარეჯოს მიწათსარგებლობის სამმართველოსა და საგარეჯოს რაიონის გამგეობის მიერ იქნა შედგენილი, სასამართლოს 1971 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების სისრულეში მისაყვანად კანონსაწინააღმდეგოა, რადგანაც იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი მხარე მოქალაქეა, შეიძლება წარდგენილ იქნეს იძულებით აღსასრულებლად სამი წლის განმავლობაში, კანონიერ ძალაში მისი შესვლის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ ჩათვალა სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 28 წლის შემდეგ, ასევე მიუთითა ისიც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არ იყო გადაწყვეტილი მოდავე მხარეებს შორის სადავო მიწის ნაკვეთის გამოჯვნის საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქ. რ-შვილის მოთხოვნა ეზოს გამიჯვნის აქტის კანონიერად ცნობისა და მის შესაბამისად 28 კვ.მ მიწის ნაკვეთის მისთვის დაბრუნებაზე, ვინაიდან სადავო 1999 წლის 22 ივლისის მიწის გამიჯვნის აქტი კანონსაწინაღმდეგოდ მიიჩნია, ხოლო გაყრილობის განაჩენიდან გამომდინარე, მოთხოვნა აღნიშნული ფართის გადაცემაზე, ხანდაზმულად, რადგან ქ. რ-შვილის უფლება მისივე განმარტებით დარღვეულ იქნა 1969 წელს მისი მეუღლის ა. რ-შვილის გარდაცვალების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი უფლება დაცულ უნდა ყოფილიყო იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში, ე.ი. სამი წლის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რ-შვილმა. საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ იგი ეზოს გამიჯვნას მოითხოვდა 1946 წლის მდგომარეობით, გაყრილობის განაჩენის საფუძველზე, ასევე მოითხოვდა ვენახის გასწვრივ სასაზღვრო ზოლის გასწორებას, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ სარჩელი არ განიხილა მთლიანად ერთ სასამართლო სხდომაზე, რაც არასწორად მიაჩნია. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ დაასაბუთა რატომ უარყო სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი და რატომ გამოიყენა 128-ე მუხლი. მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის გაუქმების კანონიერი საფუძველი, რადგან არ გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნებიდან;
2. სარჩელი განხილული არის ნაწილობრივ, რაც არასწორად მიაჩნია;
3. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებულად უარყო სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 181-ე მუხლი, არ დაასაბუთა 128-ე მუხლის გამოყენების საფუძვლები;
4. სააპელაციო სასამართლომ არ დაკითხა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, არასწორად მიუთითა, რომ წარმომადგენლები არ გამოცხადნენ.
კასატორი მიუთითებს, რომ მას ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობს დავა სადავო 28 კვ.მ ფართზე, რაც არ მოაწესრიგა არც ერთმა ინსტანციამ. მოითხოვს გაუქმებულ იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განასახილველად დაუბრუნდეს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს სხვა მოსამართლეს. საქმის ზეპირი განხილვისას ქ. რ-შვილის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს საქმის ზეპირ განხილვაზე გამოცხადებულმა საგარეჯოს რაიონის გამგეობის, საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ქ. საგარეჯოს გამგეობის წარმომადგენლებმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მოისმინა მხართა ახსნა-განმარტებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რაიონულმა სასამართლომ სარჩელი მთლიანად არასწორად განიხილა და გამოიტანა ნაწილობრივი გადაწყვეტილება. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის მთავარი სხდომის ოქმიდან დასტურდება, რომ საქმეზე ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანა მოხდა ს. რ-შვილის ადვოკატ ე-ის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც მხარი დაუჭირეს მხარეებმა. კასატორ ქ. რ-შვილს აღნიშნული ოქმის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილი წესით შენიშვნები არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. როგორც პირველი, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო 1999 წლის 22 ივლისის მიწის გამიჯვნის აქტი მიჩნეულ იქნა კანონსაწინააღმდეგოდ, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ” პუნქტის შესაბმისად არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რაც შეეხება კასატორის, ქ. რ-შვილის მოთხოვნას 1999 წლის 22 ივლისის სადავო ეზოს გამიჯვნის აქტის დაკანონებისა და 28 კვ.მ მიწის ნაკვეთის მისთვის დაბრუნების შესახებ, საკასაციო სასამართლოს აზრით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან როგორც საქმის მასალებიდან დგინდება საგარეჯოს რაიონის სახალხო სასამართლოს 1971 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანისას, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. რ-შვილის სარჩელი და მოპასუხე ქ. რ-შვილს დაევალა ამოეშენებინა თავისი საცხოვრებელი ბინის ერთი ფანჯარა, რომელიც დატანებული იყო მოსარჩელის ეზოსაკენ, მოდავე მხარეების ეზოს გამმიჯნავი ღობე არსებობდა დღევანდელი მდგომარეობით და იგი არასოდეს გადაადგილებულა. სწორედ სამიჯნე ღობის ასეთი მდებარეობა გახდა საფუძველი სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული 1971 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანისა, ვინაიდან თუ მიჯნა აღმართული იქნებიდა ქ. რ-შვილის მტკიცებით არსებულ ადგილას, ფანჯარა, რომლის ამოშენებაც დაევალა ქ. რ-შვილს, პრაქტიკულად, არ იქნებოდა მიმართული ვ. რ-შვილის ეზოსაკენ. აღნიშნულ გარემოებას არ უარყოფს და ადასტურებს თვით ქ. რ-შვილიც. საკასაციო სასამართლომ გაითვალსწინა ის გარემოებაც, რომ მხარეები და მათ შორის კასატორიც, სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და საგარეჯოს გამგეობის მიერ შედგენილი 1999 წლის 22 ივნისის მიწის ნაკვეთის გამიჯვნის აქტით არ მომხდარა სადავო 28 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რ-შვილისათვის მიკუთვნება. იგი შეეხება მოდავე მხარეთა ეზოების სხვა ნაწილს, შესაბამისად ქ. რ-შვილი სადავო მიწის გამიჯვნის აქტის შედგენის დროისათვის არ აცხადებდა პრეტენზიას სადავო 28 კვ.მ მიწაზე, რომელიც მისი განმარტებით, მიტაცებულ იქნა ს. რ-შვილის ოჯახის მიერ 1969 წელს, მისი სახლის კედელთან მდებარე ღობის მის კუთვნილ ეზოში გადმოწევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო 28 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიტაცებით მისი უფლების შელახვის შემდეგ იგი მიმართავდა სხვადასხვა ორგანოებს შელახული უფლების აღსადგენად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, კასატორის მიერ მითითებულ კანონის დარღვევებს ადგილი აქვს და გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის _ ქ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 13 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.