გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/ად-5-გ-01 5 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს «აგროინფორმის» სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს «ა.» 1999 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე შპს-თან «ტ. ....» 1997 წლის 1 ოქტომბერს დადებული ¹6 ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხისათვის ხელშეკრულების საფუძველზე საპარტნიორო ფონდიდან გადარიცხული 130000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 3250 ლარის დაკისრება მათ სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისრომ ევროსაპარტნიორო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხის 1 მილიონი ლარის ნაწილი _ 130000 ლარი გამოუყო შპს «ა.» «ტ. ....» მიერ აგრარული სექტორის სამაუწყებლო სტუდიის შექმნისათვის, პირველი ეტაპის სამუშაოების დაფინანსების მიზნით. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე ხელშეკრულების თანახმად ვალდებული იყო აღნიშნული თანხა გამოეყენებინა მიზნობრივად, შედგენილი ბიზნეს-გეგმის მიხედვით, არამიზნობრივად თანხის გამოყენების შემთხვევაში შეჩერდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 26 სექტემბრის ¹ 2-315 ბრძანებით ევროსაპარტნიორო ფონდის საბიუჯეტო ნაწილიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე დაწესდა კონტროლი.
1998 წლის 24 მარტს მოსარჩელის მიერ შემოწმებული იქნა თანხის მიზნობრივად გამოყენების საკითხი, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ თანხა არამიზნობრივად მნიშვნელოვანი ხარვეზებით იქნა გახარჯული, რის გამოც შპს «ა.» ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ დაკარგა ინტერესი.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს «ა.» სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
შპს «ა.» სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში.
რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, რომელიც სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე III პირის მიერ წარმოდგენილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს «ა.» სააპელაციო საჩივარი განსჯადობის შესაბამისად განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის სათანადოდ მომზადების მიზნით დანიშნა მოსამზადებელი სხდომა, სადაც გაირკვა, რომ შპს «ა.» დამფუძნებელი და 51% საკონტროლო პაკეტის მფლობელია სახელმწიფო. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო მონაწილეობდა მესამე პირად მოსარჩელის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
განსჯადობით საქმის გადაცემას საფუძვლად დაედო შპს «ა.» დირექტორის ზ. გ-ელის შუამდგომლობა, რომელმაც განმარტა, რომ სადაო თანხა გაცემულია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ, იგი წარმოადგენს ევროსაპარტნიორო ფონდის საბიუჯეტო ნაწილს და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა დაუბრუნდეს სამინისტროს. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სარჩელით მოითხოვდა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილის მიღებას, ეს საკითხი კი საბოლოოდ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 მარტის განჩინებით შპს «ა.» სააპელაციო საჩივრის გამო საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 23 ოქტომბრის განჩინებას, ვინაიდან თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელზედაც სარჩელის საგანს წარმოადგენს ორ კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისად ხელშეკრულების საფუძველზე გადარიცხული თანხის დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს მივიდა დასკვნამდე, რომ განსჯადობის წესის დაცვით საქმე შპს «ა.» სააპელაციო საჩივრის გამო განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ორ კერძო იურიდიულ პირს შპს «ა.» და შპს-ს «ტ. ....» შორის 1997 წლის 1 ოქტომბერს დადებული ¹ 6 ხელშეკრულების გაუქმება და შპს-ზე _ «ტ. ....» ხელშეკრულებით გადარიცხული თანხის 130000 ლარის დაბრუნება. ამდენად მოცემულ დავაში მხარედ არ მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის წესით.
პალატა ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, მაგრამ მესამე პირად საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განაპირობებს დავის ადმინიტრაციულ სამართლებრივ ხასიათს, რომლისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის საგანს. ამასთან, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო საქმეში ჩაბმულია დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2000 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დატოვებული იქნა განუხილველად.
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე შპს «ა.» სააპელაციო საჩივრის გამო განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.