გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ/ად-46-კ-01 26 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: თ. ჭ-ძის სასარგებლოდ სოციალური უზრუნვეყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილებისათვის 2000 წლის მარტიდან ყოველთვიურად 7 ლარის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1999 წლის 1 მარტის ¹ 26 ბრძანებით გამგეობის მბეჭდავ-მემანქანე თ. ჭ-ძე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის I პუნქტის საფუძველზე, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ამავე ბრძანებით თ. ჭ-ძის პენსიის ოდენობა, სამსახურერივი სტაჟის გათვალისწინებით განისაზღვრა ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 1999 წლის 22 ნოემბერს თ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონის სასამართლოში ხაშურის რაიონის საკრებულოს გამგეობის მიმართ და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა პენსიაზე კუთვნილი 50%-იანი დანამატის 7 ლარის ყოველთვიურად მის სასარგებლოდ დარიცხვა და აქამდე მიუღებელი დანამატის 83 ლარის მოპასუხისათვის ერთდროულად დაკისრება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ძის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ხაშურის რაიონის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 84 ლარის გადახდა, 1999 წლის მარტიდან 2000 წლის მარტამდე პერიოდის პენსიის დანამატის სახით, ხოლო მეორე მოპასუხეს – სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულ განყოფილებას 2000 წლის მარტიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისრა 7 ლარი და გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.
ხაშურის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულმა განყოფილებამ, აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გაუქმების ნაწილში, ხოლო თ. ჭ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ხაშურის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა I ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის მოქმედება არცერთი კანონით არ ყოფილა შეჩერებული, ამიტომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აპელანტის მითითება, რომ «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონი არ ითვალისწინებს პენსიაზე დანამატს, პალატის აზრით, არ ნიშნავს, რომ მხარემ დაკარგა პენსიაზე დანამატის მიღების უფლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო წესით ასაჩივრებს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილება და მის გაუქმებას ითხოვს შემდეგი მოტივით:
1. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 აგვისტოს ¹ 469 ბრძანუბულების მე-8 პუნქტი.
2. სასამართლომ, ასევე არ იხელმძღვანელა 1999-2000 წლების «საქართველოს ბიუჯეტის შესახებ» კანონით, რომელიც არ ითვალისწინებს პენსიებზე დანამატს, ამიტომ, მიუხედავად «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, პენსიებზე დანამატის დარიცხვა ვერ განხორციელდება, რადგან არ მოხერხდება მისი დაფინანსება.
3. სასამართლომ არ გამოიყენა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 50-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც პენსიების გაზრდილი ხარჯები უნდა დაიფაროს სახელმწიფო ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებიდან და არა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო პალატამ და თ. ჭ-ძის სასარგებლოდ საპენსიო დანამატის ყოველთვიურად გადახდა შეცდომით დააკისრა კასატორს. კასატორმა საკასაციო პალატის წინაშე, ასევე, იშუამდგომლა საქმეში საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩართვაზე.
მოწინააღმდეგე მხარემ – თ. ჭ-ძემ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ ცნო, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ უტყუარად დადგენილია და კასატორიც სადავოდ არ ხდის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო თ. ჭ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 50-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე. არც ის გარემოებაა სადავო, რომ ხაშურის რაიონის გამგებლის 1999 წლის 1 მარტის ¹ 26 ბრძანებით, ნამსახური სტაჟის გათვალისწინებით, თ. ჭ-ძეს პენსიის ოდენობა განესაზღვრა ამავე კანონის 50-ე მუხლის II პუნქტის შესაბამისად – 30 წელზე მეტი ნამსახურის სტაჟის გამო პენსიაზე 50%-იანი დანამატით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პირველ არგუმენტს დავის გადაწყვეტისას საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 აგვისტოს ¹ 469 ბრძანებულების გამოუყენებლობის შესახებ, ვინაიდან, მართალია, სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არ მიუთითებს აღნიშნულ ბრძანებულებაზე, მაგრამ ზოგადად ხელმძვანელობს მისით, რადგან «საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შორის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ» ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-8 პუნქტით არამომუშავე პენსიონერთა პენსიების ოდენობა განისაზღვრა 14 ლარით, სააპელაციო პალატამაც აღნიშნული ბრძანებულების გათვალისწინებით დააკმაყოფილა თ. ჭ-ძის სარჩელი კუთვნილ პენსიაზე 50%-იანი დანამატის 7 ლარის დარიცხვის შესახებ და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს პრეზიდენტის ¹ 469 ბრძანებულებას.
საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას «ბიუჯეტის შესახებ» კანონთან დაკავშირებით და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის მოქმედება არცერთი კანონით შეჩერებული არ ყოფილა, ამიტომ კასატორის მითითება, რომ 1999-2000 წლების «საქართველოს ბიუჯეტის შესახებ» კანონი არ ითვალისწინებდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ საპენსიო დანამატს, თავისთავად არ ნიშნავს უფლებამოსილი პირებისათვის ასეთი საპენსიო დანამატის მიღებაზე უფლების დაკარგვას. მოსარჩელე თ. ჭ-ძეს სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის ¹ 469 ბრძანეულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაენიშნა პენსია 14 ლარის ოდენობით, რასაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, უნდა დარიცხოდა 50%-იანი დანამატი – 7 ლარი, მიუხედავად «ბიუჯეტის შესახებ» კანონისა, რადგან პენსია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 38-ე მუხლის I ნაწილით დაცული სოციალური უფლებაა, კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებათაგან ერთ-ერთი უმთავრესი, მისი შელახვა დაუშვებელია და ეს უფლება დეკლარირებული კი არ არის მხოლოდ, არამედ, ვინაიდან საქართველოს ურყევი ნებაა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრება და სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობა, სახელმწიფომვე უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პენსიაზე მუშაკის უფლების დაცვა-რეალიზაცია. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, «ბიუჯეტის შესახებ» კანონში დაფინანსების გაუთვალისწინებლობამ არ შეიძლება შელახოს პენსიაზე და საპენსიო დანამატზე თ. ჭ-ძის კონსტიტუციური უფლება, სააპელაციო პალატამ კანონიერად დააკმაყოფილა სარჩელი და საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მაგრამ პალატამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით თ. ჭ-ძის სასარგებლოდ 7 ლარის საპენსიო დანამატის ყოველთვიურად გადახდა დააკისრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულ განყოფილებას, რაც ეწინააღმდეგება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 50-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც: «სტაჟის გათვალისწინებით მოსამსახურეთა პენსიების გაზრდის ხარჯები იფარება სახელმწიფო ან შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე საპენსიო დანამატის ყოველუთიური გადახდა უნდა დაკისრებოდა მეორე მოპასუხეს – ხაშურის რაიონის საკრებულოს გამგეობას, ამიტომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
კასატორი ასევე, შუამდგომლობს საქმეში საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩაბმაზეც, რასაც საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით, ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევისა და ახალ მხარეთა ჩართვის გარეშე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. დაკმაყოფილდეს თ. ჭ-ძის სარჩელი.
4. ხაშურის რაიონის საკრებულოს გამგეობის ბიუჯეტის სახსრებიდან თ. ჭ-ძის სასარგებლოდ ერთდროულად გადახდეს 84 ლარი.
5. პენსიაზე დანამატის – 7 ლარის 2000 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად თ. ჭ-ძის სასარგებლოდ გადახდა დაეკისროს ხაშურის რაიონის საკრებულოს გამგეობას.
6. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.