გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/ად-48-კ-01 13 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: დმანისის რაიონის სოფ. ... საკრებულოს წევრ ფ. ო-ევისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 15 ნოემბერს ჩატარებულ საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოს არჩევნებში დმანისის რაიონის ... ოლქის ... თემის საარჩევნო უბანში გაიმარჯვა ფ. ო-ევმა 361 ხმით. ფ. ო-ევი 1967 წლიდან მუშაობდა დმანისის რაიონში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, 1987 წელს აირჩიეს ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, ხოლო 1992 წელს გადაყვანილი იქნა ... თემის საკრებულოს თავმჯდომარედ. 1999 წლის 20 იანვარს დმანისის რაიონის სასამართლოს სარჩელით მიმართეს ... საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა ვ. ა-ევმა და ზ. გ-ევმა დმანისის რაიონის სოფ. ... ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოს არჩევნების ჩატარების დროს დაშვებულ კანონდარღვევათა აღკვეთისა და კანონიერების აღდგენის მოთხოვნით. საქმე მოსამართლის თვითაცილების მოტივით განსახილველად გადაიგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად.
2000 წლის 7 აპრილს მოსარჩელე ვ. ა-ევმა, რომელსაც არჩევნებში გასამარჯვებლად დააკლდა 15 ხმა, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოპასუხე შ. ბ-ოვის მიმართ და მოითხოვა ფ. ო-ევისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა ... საკრებულოს არჩევნების კანონდარღვევით ჩატარების გამო. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, ... საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობდნენ მოქალაქენი, რომლებიც საქართველოდან წასული არიან 6-7 წელია; ადგილი ჰქონდა ხმის მიცემას ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე; დაირღვა 5%-იანი ვარიანტი და 355 ამომრჩეველზე გაიცა 640 ბიულეტენი, 17 საარჩევნო ბიულეტენი დაკარგულია; საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებულ ფ. ო-ევს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად არის აზერბაიჯანის მოქალაქეც, მან საკრებულოს ტერიტორიაზე არჩევნებისათვის რეგისტრაცია გაიარა 7 დღის დაგვიანებით, 1998 წლის 21 აგვისტოს; ფ. ო-ევმა გაიმარჯვა 361 ხმით, ხოლო საარჩევნო ყუთის გახსნისას ნამდვილი ბიულეტენი აღმოჩნდა მხოლოდ 349.
მოპასუხე შ. ბ-ოვმა, დმანისის რაიონის სოფ. ... საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართულმა ფ. ო-ევმა სარჩელი არ ცნეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ა-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა და დმანისის რაიონის სოფ. ... საკრებულოს დეპუტატ ფ. ო-იევს შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება შემდეგი მოტივით:
1. «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის I პუნქტის დარღვევით, სოფ. ... საკრებულოს ტერიტორიაზე ფ. ო-ევის 1998 წლის 21 აგვისტოს _ 7 დღის დაგვიანებით რეგისტრაციის გამო;
2. «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის I მუხლის დარღვევის, კერძოდ ორმაგი მოქალაქეობის გამო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1999 წლის 14 სექტემბრის ¹ 06/02-382 წერილის; აზერბაიჯანის რესპუბლიკის შამხორის რაიონის ნარიმანოვის ქ. ¹34 სახლის საბინაო წიგნის ამონაწერისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ აზერბაიჯანის საინფორმაციო ბიუროს მიერ 1999 წლის 22 მარტს გაცემული ცნობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ფ. ო-იევი 1991 წლის 16 ივლისიდან ჩაწერილი იყო აზერბაიჯანში, შამქორის რაიონი, ... ქუჩაზე, სადაც ჩაეწერა 1991 წლის 19 აპრილს ვითომ დაკარგული პასპორტით I-ტი ¹ 635263, რომლის სანაცვლოდ 1991 წლის 18 ივნისს ფ. ო-ევმა აიღო ახალი პასპორტი XXIII-ტი ¹ 563099 და რომლითაც ჩაეწერა ქ. დმანისში ... ბინაში. 1998 წლის 21 აგვისტოს ფ. ო-ევმა მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ¹ ბ 0161105, რეგისტრაციიდან მოიხსნა ქ. დმანისში და დღემდე რეგისტრირებულია სოფ. ... სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ფ. ო-ევი ორი პასპორტით ერთდროულად ჩაწერილი იყო მუდმივ მაცხოვრებლად საქართველოშიც და აზერბაიჯანში, რაც საპასპორტო რეჟიმისა და «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის უხეში დარღვევაა, ვინაიდან «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ,» 1998 წლის კანონის მე-5 მუხლის I პუნქტის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან ამ კანონის ამოქმედებამდე საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის (ჩაწერის) მიხედვით აზერბაიჯანის მოქალაქეობაში მყოფი პირები;
3. ვ. ა-აევის სარჩელი დაკმაყოფილდა «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ» კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევით, საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე 5%-ზე მეტი ბიულეტენების, 355 ამომრჩეველზე 640 ბიულეტენის გაცემისა და 17 ბიულეტენის დაკარგვის გამო;
4. რაიონული სასამართლო დაეყრდნო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დმანისის რაიონის პროკურორის 1999 წლის 25 სექტემბრის დადგენილებას და დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო განცხადებაში მითითებული სხვა დარღვევები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის გარეშე ხმის მიცემისა და 6-7 წლის მანძილზე საქართველოდან წასული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ფ. ო-ევმა და უკანონობის მოტივით მოითხოვა მისი გაუქმება. მისმა წარმომადგენელმა ადვოკატმა გ. ნიკურაძემ დამატებით წარმოადგინა აზერბაიჯანის მოქალქე ე. ი-ოვის განმარტება, რომ 1996 წელს გ-ოვისაგან შეიძინა შამქორში ... მდებარე სახლი, საიდანაც ამოწერა ფ. ო-ევი, რომელიც იქ არ ცხოვრობდა. ასევე წარმოდგენილ იქნა საბინაო წიგნიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ფ. ო-ევი შამქორიდან ამოეწერა 2000 წლის 24 ივლისს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. ო-ევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე გაუქმდა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგი მოტივით: 1. ვ. ა-ევის მიერ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის – დმანისის რაიონის სოფ. ... საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შ. ბ-ოვის მიმართ. მოსარჩელემ უარი განაცხადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით – საოლქო საარჩევნო კომისიით შეცვლაზე;
2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება ფ. ო-ევის მიერ «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოს არჩევნების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის I პუნქტის დარღვევით რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან უტყუარად დადგენილია, რომ ფ. ო-იევი საკრებულოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 1998 წლის 21 აგვისტოდან, არჩევნები ჩატარდა 1998 წლის 15 ნოემბერს, ხოლო ზემოაღნიშული კანონის თანახმად, საკრებულოს წევრობის კანდიდატების საკრებულოს ტერიტორიაზე რეგისტრაცია სავალდებულოა არჩევნების დღისათვის, 3 თვით ადრე რეგისტრაცია კი სავალდებულო იყო არჩევნებში მონაწილე პირთათვის, ამომრჩევლებისათვის;
3. სააპელაციო პალატა, ასევე, არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ ორმაგი მოქალაქეობის გამო ფ. ო-ევს აღარ ჰქონდა საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. პალატამ მიუთითა, მართალია, «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის I და 32-ე მუხლის «დ» პუნქტის მიხედვით საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებით იგი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ არა ავტომატურად, არამედ ორგანული კანონის 33-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით დადგენილი პროცედურის დაცვით. ვინაიდან ფ. ო-ევისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ არსებობდა არც არჩევნების ჩატარებისა და არც მის შემდგომ პერიოდში, ფ. ო-იევი არის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ა-ევმა და მის გაუქმებას ითხოვს შემდეგ საპროცესო დარღვევათა გამო:
1. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნები, აპელანტ ფ. ო-ევის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები მიიღო მთავარ სხდომაზე ისე, რომ მათ შესახებ აპელანტს არაფერი განუცხადებია საქმის მოსამზადებელ სხდომაზე. კასატორმა იშუამდგომლა ამ მტკიცებულებათა მიუღებლობა, მაგრამ თუ სასამართლო მიიღებდა ახალ მტკიცებულებებს, მოითხოვა ვადა მათ გასაქარწყლებლად სათანადოდ მომზადებისათვის, რაზეც სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი, ხოლო გადაწვეტილებას სწორედ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუდო საფუძვლად, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი: «მხარეთა თანაბრობის, მართლმსაჯულებისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი;
2. ვინაიდან სააპელაციო პალატამ არ მისცა საშუალება ფ. ო-იევის ახალ მტკიცებულებათა გასაქარწყლებლად, კასატორმა ვ. ა-ევმა საკასაციო საჩივარს დაურთო აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამისამართო ბიუროს მიერ 2001 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც სოფ. ... საკრებულოს თავმჯდომარე ფ. ო-იევი ჩაწერილია აზერბაიჯანში, შამქორის რაიონში და ამდენად იგი აზერბაიჯანის მოქალაქეც არის, თანახმად აზერბაიჯანის რესპუბლიკის «მოქალაქეობის შესახებ კანონის» მე-5 მუხლისა, რის დასადასტურებლადაც კასატორმა დამატებით წარმოადგინა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს მიერ 2001 წლის 16 აპრილს გაცემული ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რადგან ფ. ო-ევი აპელირებას მხოლოდ ორმაგ მოქალაქეობაზე ახდენდა, სასამართლომ კი არსებითად იმსჯელა საქმის გარემოებებზე, ასევე, დაარღვია საქმის განხილვის ვადები და შეგნებულად 8 თვე გააჭიანურა იგი.
მოწინააღმდეგე მხარემ ფ. ო-ევმა და მესამე პირმა შ. ბ-ოვმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა და მესამე პირის ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ევის საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის გამო უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის პირველ არგუმენტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დარღვევით, სააპელაციო პალატის მიერ ახალი მტკიცებულებების მიღების თაობაზე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ამ მუხლის I ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარემ შეიძლება მიუთითოს ახალი ფაქტები და წარმოადგინოს ახალი მტკიცებულებები, რომელთა მითითება-წარმოდგენა ვერ შეძლო რაიონულ სასამართლოში და რომელთა განხილვაც არ დააბრკოლებს საქმის დროულად გადაწყვეტას. ამდენად, კასატორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დარღვევით სააპელაციო პალატის მიერ ახალი მტკიცებულების მიღების თაობაზე უსაფუძვლოა;
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის განხილვის გადადება მოითხოვოს ახალი გარემოება-მტკიცებულებების გასაქარწყლებლად სათანადო მომზადებისათვის, რაც მხარის პროცესუალური უფლებაა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 და 8 თებერვლის სხდომის ოქმში ვ. ა-ევის შუამდგომლობა პროცესზე ახალ მტკიცებულების წარმოდგენის გამო საქმის განხილვის გადადების შესახებ დაფიქსირებული არ არის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, კასატორ ვ. ა-ევს დადგენილი წესით არ გამოუთქვამს შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ, ამიტომ კასატორის მითითება კოდექსის მე-4 მუხლის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, სააპელაციო პალატამ დავა განიხილა მხარეთა თანაბრობისა და მართლმსაჯულებისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით;
3. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამისამართო ბიუროსა და საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს მიერ 2001 წელს გაცემული ცნობები და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ფ. ო-ევის ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს ვინაიდან:
«ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის I პუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრად არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 21 წელი შეუსრულდა, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე და საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა 5 წელი საკრებულოს წევრი ფ. ო-ევის კანდიდატურა, საკასაციო პალატის აზრით, კანონის ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ამავე კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს სოფლის, თემის საკრებულოში არჩეულ წევრებს და აძლევს მათ საკრებულოს წევრად არჩევის მოწმობას. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, იწყება მისი (საკრებულოს წევრის) უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე, რის შესახებაც გადაწყვეტილებას, ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, იღებს თავად საკრებულო, ხოლო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით, არის საკრებულოს წევრისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი და «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის I მუხლი იმპერატიულად კრძალავს, რომ «საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე», ხოლო ამავე კანონის 30-ე მუხლის «ბ» და 32-ე მუხლის «დ» პუნქტების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, თუ საქართველოს მოქალაქე მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას. დმანისის რაიონის სოფ. ... საკრებულოს წევრი ფ. ო-ევი, ორგანული კანონის მე-3 პუხლის «ა» პუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეა, ვინაიდან ორგანული კანონის სამოქმედოდ შემოღების დროისთვის, 1993 წლისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით 1991 წლის 16 ივლისიდან ფ. ო-ევი, ასევე, ჩაწერილი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შამქორის რაიონში. «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს ფაგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება, მართალია, თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, მაგრამ «მოქალაქეობის შესახებ» აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1998 წლის კანონის მე-5 მუხლით დაწესებულია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა ამ კანონის ამოქმედებამდე საცხოვრებელ ადგილზე ჩაწერის მიხედვით აზერბაიჯანის მოქალაქეობაში მყოფი პირი. ფ. ო-ევის მიერ წარმოდგენილი საბინაო წიგნის ამონაწერის მიხედვით იგი შამქორის რაიონში ჩაწერილი იყო 1991 წლის 16 ივლისიდან 2000 წლის 24 ივნისამდე პერიოდში. ამდენად, «მოქალაქეობის შესახებ» აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის ამოქმედების მომენტისათვის ფ. ო-ევი აზერბაიჯანში იყო ჩაწერილი და მის მოქალაქედ ითვლება, რასაც ადასტურებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს მიერ 2001 წლის 16 აპრილს გაცემული ცნობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უტყუარად დადგენილი ეს უმთავრესი ფაქტობრივი გარემოება _ ფ. ო-ევის ორმაგი მოქალაქეობა. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ფ. ო-ევის ორმაგი მოქალაქეობის ფაქტის დაფიქსირება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტას (დაკარგვას), რადგან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია, ორგანული კანონის 33-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, აქვს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის მე-4 თავით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. ვინაიდან 1998 წლის საკრებულოს არჩევნების ჩატარების მომენტისათვის და შემდგომი პერიოდისათვისაც არ არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ფ. ო-ევისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადწყვეტილებას, რომ ფ. ო-ევი ამჟამადაც ითვლება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქედ და ... თემის საკრებულოს არჩევნებში მისი მონაწილეობა შეესაბამება «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დმანისის რაიონის ... საკრებულოს წევრ ფ. ო-ევისათვის სადუპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი ამჟამად არ არსებობს, სააპელაციო პალატამ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა და გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ამასთანავე, «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» კანონის 35-ე მუხლითა და «საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის ¹637 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად, საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს წარდგინების დაუყოვნებლივ შეტანას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ფ. ო-იევის საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადასაწყვეტად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 409-ე, 410-ე, მუხლებით, 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ა-ევის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება დმანისის რიონის სოფ. ... საკრებულოს წევრ ფ. ო-ევისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ.
3. ფ. ო-ევისათვის საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დასადგენად წარდგინება გაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
4. ვ. ა-ევს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.
5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.