Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-182-კ 6 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26 იანვრის ¹ 1-3/57 ბრძანების გაუქმება.

2. კასატორის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის ბეს ორმაგი თანხისა და მორალური ზიანის, სულ 10818, 90 ლარის დაკისრება.

3. კასატორის სასარგებლოდ ლ. შ-ძისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10000 ლარის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ვაკის რაიონის ¹ 28 პოლიკლინიკის მუშაკთა დროებითმა ამხანაგობამ (73 წევრი) დააფუძნა სს «რ.», 30000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის საწესდებო კაპიტალით, რომელმაც «მეწარმეთა შესახებ» კანონის შესაბამისად, 1996 წლის 1 ივლისს რეგისტრაცია გაიარა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში, რეგისტრაციის ¹ 5/5-32. «საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ» რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის ¹ 392 და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის ¹ 57.26.1244 დადგენილებების საფუძველზე, 1996 წლის ივნისში ¹...…პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის დროებითმა ამხანაგობამ პირდაპირი შესყიდვის წესით მოახდინა თბილისში ჭავჭავაძის გამზ. ¹ 33 მდებარე პოლიკლინიკის მშენებარე შენობის პრივატიზაცია 33737 აშშ დოლარად, რაზეც 1996 წლის 9 აგვისტოს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹ 470-პ. პრივატიზებული მშენებარე შენობა სს «რ-მ» 1997 წელს გაასხვისა შპს «მ-ზე» და ამჟამად ფიზიკურ პირთა საკუთრებაა. 1999 წლის 11 იანვარს კასატორმა ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა ვაკის რაიონის სასამართლოში ¹ ... პოლიკლინიკის მთავარი ექიმის ლ. შ-ძისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ შემდეგი მოთხოვნით: 1. სს «რ-ს» უკანონო რეგისტრაციის გაუქმება; 2. 1996 წელს გადაცემული ¹ 470-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 19 დეკემბრის ¹ 1-3/783 ბრძანებით დადგინდა მოზრდილთა ¹ ... პოლიკლინიკის პრივატიზება კომერციული კონკურსის წესით და საწყისი ფასი განისაზღვრა 43848 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში. კომერციული კონკურსი უნდა ჩატარებულიყო 1998 წლის 28 იანვარს. 26 იანვარს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბე – 5818 ლარი შეიტანა კასატორმა, ხოლო მომდევნო დღეს, 27 იანვარს, პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის სახელით ლ. შ-ძემ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცის მინისტრის მოადგილის, ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარისა და პოლიკლინიკის თანამშრომლების შუამდგომლობით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26 იანვრის ¹ 1-3/57 ბრძანებით შეჩერდა პოლიკლინიკის პრივატიზება შრომითი კოლექტივისა და ნ. გ-ძეს შორის დაპირისპირების გამო, რის შემდეგაც 1998 წლის 10 ივლისისა და 3 აგვისტოს განცხადებების საფუძველზე, კასატორს დაუბრუნდა კომერციულ კონკურსში მონაწილეობისათვის შეტანილი ბე – 5818,90 ლარი.

«საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის ¹ 615 ბრძანებულებით, დანართში ჩამოთვლილ სამედიცინო ობიექტების მუშაკებს, მათ შორის ¹ 28 პოლიკლინიკის პერსონალსაც, უფლება მიეცათ ამ ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე, თანახმად «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონისა. პრეზიდენტის ¹ 615 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 25 დეკემბრის ¹ 1-3/798 ბრძანებით გაუქმდა 26 იანვრის ¹ 1-3/57 ბრძანება პოლიკლინიკის პრივატიზების შეჩერების შესახებ, განახლდა ¹... … პოლიკლინიკის პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით და საწყისი საპრივპატიზებო ფასი განისაზღვრა 50845 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში.

1999 წლის 11 იანვარს კასატორმა ნ. გ-ძემ მეორე სარჩელიც აღძრა ვაკის რაიონის სასამართლოში ლ. შ-ძის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მესამე პირის - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ შემდეგი მოთხოვნით: 1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26 იანვრის ¹ 1-3/57 ბრბძანების გაუქმება; 2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის ბეს ორმაგი თანხისა და 5000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება; 3. ლ. შ-ძისათვის მორალური ზიანის 10000 ლარის დაკისრება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა პოლიკლინიკის სადავო შენობის დაყადაღებას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რაც დაკმაყოფილდა თბილისის ვაკის რაიონის სასასამართლოს 1999 წლის 22 იანვრის განჩინებით, ყადაღა დაედო თვით ¹ ... პოლიკლინიკასა და მის მშენებარე შენობასაც.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის ¹ 209 ბრძანებულებით, სახელმწიფო ქონების «პრივატიზების შესახებ» კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ¹ 615 ბრძანებულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, პირდაპირი წესით პრივატიზების უფლება მიეცათ დანართში ჩამოთვლილ ჯანდაცვის ობიექტების შრომით კოლექტივებს და მათ შორის ¹ ... პოლიკლინიკის თანამშრომლებსაც. შესაბამისად, 1999 წლის 19 მაისს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მიიღო ბრძანება ¹ 1-3/240 ¹ 28 პოლიკლინიკის დაყადაღებული ქონების შრომითი კოლექტივის წევრებზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, იმავე წლის 24 მაისიდან ¹ ... პოლიკლინიკის თანამშრომლებმა, სამინისტროს ¹ 1-3/240 ბრძანების საფუძველზე, გამოსყიდვის მიზნით დაიწყეს საპრივატიზებო თანხის შეტანა და 1999 წლის 29 ივნისისათვის ¹ 28 პოლიკლინიკის გამოსასყიდი თანხა სრულად დაიფარა, მაგრამ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არ გაცემულა, რადგან საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 16 ივნისის ¹ 1-3/324 ბრძანებით შეჩერდა ¹ 1-3/240 ბრძანების მოქმედება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს განჩინებით ნ. გ-ძის ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად. მოსარჩელემ და მისმა ადვოკატმა მრავალგზის შეცვალეს დავის საგანი და ბოლოს მოითხოვეს: 1) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26.01 ¹ 1-3/57 ბრბანების გაუქმება; 2) სამინისტროსათვის გადახდილი «ბეს» ორმაგი თანხისა და მიყენებული ზიანის - 5000 ლარის დაკისრება; 3) ლ. შ-ძისათვის 10000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მის სასარგებლოდ სულ დაეკისრა 10818, 90 ლარის გადახდა, ხოლო სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ძისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი 10818,90 ლარის მისთვის დაკისრების გაუქმების ნაწილში, ხოლო ნ. გ-ძის აპელაცია არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26 იანვრის ¹ 1-3/57 ბრძანების გაუქმების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან სადავო ბრძანება უკვე გაუქმებულია «ქ. თბილისის მოზრდილთა ¹ ... პოლიკლინიკის საწყისი გასაყიდი ფასისა და პირობების დამტკიცების შესახებ» 1998 წლის 25 დეკემბრის ¹ 1-3/798 ბრძანების მე-2 პუნქტით;

2. დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ლ. შ-ძისათვის 10000 ლარის დაკისრებაზე სარჩელი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-413 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მისთვის მიყენებული მორალური ზიანი ნამდვილად წარმოადგენდა ლ. შ-ძის მოქმედების უშუალო შედეგს;

3. სააპელაციოლ პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის 10818,90 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან აპელანტს სამინისტროსათვის არ წარუდგენია «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-3 მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და არც განაცხადი დაურეგისტრირებია, ამიტომ სამინისტრო «ბეს» მიმღებად არ ჩაითვლება და არც სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოეშობა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ ნ. გ-ძე და მისი წარმომადგენელი, ადვოკატი ნ. ნ-ძე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის «ა» და «ბ» პუნქტებითა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე მოითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი მოტივებით:

1. სასამართლომ უსწოროდ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლი, გამოცხადებული კომერციული კონკურსის ჩაშლა მოხდა სწორედ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრალეული მოქმედებით, უსაფუძვლოდ, ამიტომ სამინისტროს ¹ 1-3/57 ბრძანება კონკურსის შეჩერებაზე უკანონოა და უნდა გაუქმდეს თანამდევი შედეგებით;

2. 1124,50 ლარის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების დროს პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით და არ განმარტა თუ რის საფუძველზე დაიანგარიშა ბაჟის დაკისრებული ოდენობა;K

3. პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 395-ე, 397-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებენ მოვალესა და კრედიტორს შორის ურთიერთობებს;

4. გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ სააპელაციო საჩივრების განხილვის დროს სასამართლოს პროცესზე არ უნდა მოეწვია ლ. შ-ძე და ქონების მართვის სამინისტრო, რადგან სააპელაციო საჩივარი მათ არ დაუწერიათ და არც დამოუკიდებელი მოთხოვნა გააჩნდათ. ასევე, საპროცესო ნორმების დარღვევით მოხდა აპელაციაში ...-ე პოლიკლინიკის ამხანაგობის ჩართვა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა მხარედ ჩაბმული;

5. სააპელაციო პალატამ უსწოროდ გამოიყენა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹ 1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული დებულება, რომელსაც უკუქცევითი ძალა არ აქვს და ვერ გავრცელდება 1998 წლის იანვარს გამოცხადებულ კომერციულ კონკურსზე.

საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს კასატორის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის გაზრდაზე - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 19 მაისის ¹ 1-3/240 ბრძანების გაუქმების მოთხოვნის დაყენებაზე, რომლითაც ¹ 28 პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს მიეცა პირდაპირი მიყიდვის ფორმით დაყადაღებული ქონების პრივატიზების უფლება.

სასამართლოს სხდომაზე კასატორებმა შეამცირეს თავიანთი მოთხოვნა და უარი თქვეს საკასაციო საჩივარზე ლ. შ-ძისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10000 ლარის დაკისრების ნაწილში, რასაც დაეთანხმა ლ. შ-ძის წარმომადგენელი ადვოკატი ნ. ჯ-ი.

მოწინააღმდეგე მხარეებმა და მესამე პირებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთება, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისას ლ. შ-ძისა (მოწინააღმდეგე მხარე) და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს (მესამე პირი) საპროცესო ნორმების დარღვევით მოწვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომ სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით იმავე წესით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის, ამიტომ სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილეობას ღებულობს ყველა მხარე და მესამე პირი, ვინც კი მონაწილეობდა რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განხილვა პირველ ინსტანციაში ჩართული მხარის ან მესამე პირის მოუწვევლად, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს და იმავდროულად, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველიცაა.

2. საკასაციო პალატა, ასევე, არ ეთანხმება კასატორის მოტივს სააპელაციო პალატის მიერ პროცესში ¹ ... პოლიკლინიკის ამხანაგობის მესამე პირად უსწოროდ ჩართვის თაობაზე, რადგან იგი სადავო სამართალურთიერთობის (¹ ... პოლიკლინიკის პრივატიზების) უშუალო მონაწილეა, მის ინტერესებს უდავოდ ეხება და სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აუცილებელი მოწვევის წესით, მართებულად ჩართო ¹ ... პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივი და მითითებულ საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლოს განჩინება მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ საჩივრდება, გამონაკლისია თვით საქმეში ამ წესით ჩართული მესამე პირი და მხოლოდ მას შეუძლია განჩინების გასაჩივრება, თანახმად ზემოაღნიშნული კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილისა.

3. უსაფუძვლო და მცდარია კასატორის მითითება სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო კოდექსის 395-ე და 397-ე მუხლების უსწოროდ გამოყენების თაობაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოტანისას პალატამ სწორად იხელძღვანელა არა მატერიალური სამოქალაქო კოდექსის, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე და 397-ე მუხლებით და განუმარტა მხარეებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი, რაც სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს. ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მოტივი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის ¹ 1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული დებულების უსწოროდ გამოყენების თაობაზე, რადგან სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის ¹ 1-3/548 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ», რომელიც მოქმედებდა 1998 წლის 26 იანვარს, სადავო კომერციული კონკურსის შეჩერების დროს.

4. დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 1124,50 ლარის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან მოსარჩელეს (კასატორ ნ. გ-ძეს) თავიდანვე არ მიუთითებია დავის საგნის ფასი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს სასამართლო. რადგან არაქონებრივ-სამართლებრივ დავასთან (საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26 იანვრის ¹ 1-3/57 ბრძანების გაუქმება) ერთად განიხილება ქონებრივ-სამართლებრივი დავაც (¹ ... პოლიკლინიკის პრივატიზება, «ბე» და მორალური ზიანი, სასამართლომ დავის საგნის ღირებულება უნდა განსაზღვროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 43-ე მუხლის «გ» პუნქტიდან გამომდინარე და მხარეს დააკისროს ამ კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ბაჟის ოდენობა.

5. მთავარ სხდომაზე კასატორმა შეამცირა მოთხოვენა და უარი თქვა ლ. შ-ძისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10000 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივარზე, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელიც, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე და 272-ე მუხლის «გ» პუნქტის შესაბამისად ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც უნდა განახევრდეს, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილისა.

6. სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის უსწოროდ განმარტება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ¹ 1-3/57 ბრძანების გაუქმებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას აღნიშნავს, ვინაიდან აპელანტი ნ. გ-ძე ითხოვდა სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას თანამდევი შედეგებით, ადმინისტრაციული აქტის გაუქმება კი მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობით გულისხმობს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებასაც და/ან მის ბათილად ცნობასაც, სააპელაციო პალატას აპელანტისათვის უნდა მიეცა მოთხოვნის დაზუსტების საშუალება და გაერკვია ¹ 1-3/57 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას ითხოვდა იგი თუ მის ბათილად ცნობას, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით მისი კანონიერი ინტერესების არსებობისას ბათილად ცნოს სადავო აქტი.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სააპელაციო პალატის ის განჩინება, რომელიც წინ უსწრებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანას საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს იმსჯელოს სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის გაზრდაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. 2000 წლის 6 ოქტომბერს აპელანტმა ნ. გ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა მოითხოვეს დავის საგნის გაზრდა - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 19 მაისის ¹ 1-3/240 ბრბანების გაუქმება, რომლითაც ¹ ... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს მიეცა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პოლიკლინიკის ქონების (შენობის) პრივატიზების უფლება. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა დავის საგნის გადიდება და უარი უთხრა ¹ 1-3/240 ბრძანების კანონიერების განხილვაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ეს ბრძანება უშუალოდ მჭიდრო კავშირშია სადავო ურთიერთობასთან და მის გარეშე კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა, ამიტომ სასამართლო ვალდებული იყო თავადაც გამოერკვია საქმისათვის მნიშვნელოვანი ეს გარემოება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად დაედგინა აპელანტების მიერ მითითებული კანონის დარღვევის გარდა, გადაწყვეტილებას ხომ არ ედო საფუძვლად კანონის სხვა დარღვევაც. კერძოდ: 1999 წლის 19 მაისის ¹ 1-3/240 ბრძანებით ¹ ... პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს მიეცათ უფლება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პოლიკლინიკის ქონების პრივტიზებაზე ბრძანება თავის მხრივ ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის ¹ 615 და 1999 წლის 30 აპრილის ¹ 209 ბრძანებულებებს «საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ,» რომლითაც სამედიცინო ობიექტებში მომუშავე პერსონალს და მათ შორის ¹ ... პოლიკლინიკის თანამშრომლებსაც, უფლება მიეცათ პირდაპირი მიყიდვის წესით ობიექტის პრივატიზებაზე, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად. საპრივატიზებო ქონებას კი ¹ 1-3/240 ბრძანების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ედო ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 იანვრის განჩინებით. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირთათვის ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ამიტომ სააპელაციო პალატას ყურადღება უნდა გაემახვილებინა და ემსჯელა, რამდენად უფლებამოსილი იყო ქონების მართვის სამინისტრო მოეხდინა სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონების პრივატიზება და რამდენად კანონიერი იყო სამინისტროს ¹ 1-3/240 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც სარჩელის დაზუსტებისა და ¹ 1-3/240 ბრძანების კანონიერების დადგენის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს «ბეს» ორმაგი ოდენობით დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარის ქონების მართვის სამინისტროსათვის დაკისრების საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. შ-ძისათვის 1000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო.

2. ნ. გ-ძისა და მისი წარმომადგენლის ადვოკატ ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.