გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3ნ/ად-32-კ 17 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ დ სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ბ. კობერიძე
განიხილა თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი :
1999 წლის 9 ნოემბერს თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურის გამგემ ა. გ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და ქ. თბილისში, ... განთავსებული საცხოვრებელი სახლის სარდაფის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულია თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურა, რომლის ქვემოთაც მდებარეობს სადავო ობიექტი-სარდაფი. მოსარჩელის აზრით, სადავო ობიექტი წარმოადგენს თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურის ოფისის შემადგენელ ნაწილს და მისი პრივატიზება ძირითად ფართობთან ერთად უნდა მომხდარიყო. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აღნიშნული სარდაფის პრივატიზებისას უნდა გაეთვალისწინებინა ადვოკატთა ინტერესები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სარდაფით სარგებლობდნენ.
მოპასუხემ – თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ობიექტის – 168 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება გ. ყ-შვილზე განხორციელდა კომერციული კონკურსის ფორმით, იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, რა დროსაც სამმართველოს მიერ დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები. მოპასუხის განმარტებით, სადავო, პრივატიზებული 168 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა შენობის იზოლირებულ ნაწილს და იგი არასოდეს ყოფილა ადვოკატურის მხრიდან რაიმე უფლების მატარებელი, რის გამოც ქონების მართზომიერი გასხვისებისას (პრივატიზებისას), არ უნდა შეიზღუდოს ქონების მესაკუთრის ინტერესები. მოპასუხის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, სადავო ფართი არ წარმოადგენს მოძრავ ნივთს და იგი განკუთვნილი არ არის რომელიმე მთავარი ნივთის სამსახურისათვის.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე – ქ. თბილისში, ... მდებარე 168 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინებით თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სადავო ობიექტის – ქ. თბილისში, ... მდებარე 168 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება მოახდინა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ, კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ობიექტის პრივატიზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ «თ.» 1999 წლის 12 ივნისის ნომერში. ობიექტის საწყისი ღირებულება განისაზღვრა 5106 აშშ დოლარით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურის მოსაზრება, რომ ადვოკატურას სადავო ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნდა და განმარტა, რომ ასეთი უფლება გათვალისწინებულია «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, რომელიც საპრივატიზებო საწარმოს მუშაკთა სოციალურ გარანტიებს და შეღავათებს შეეხება. სადავო არასაცხოვრებელი ფართი არ წარმოადგენს საწარმოს კუთვნილებას და ადვოკატთა გაიგივება საწარმოს მუშაკებთან დაუშვებელია, მითუმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სადავო ობიექტი არასოდეს ყოფილა ადვოკატურის მხრიდან რაიმე უფლების მატარებელი.
სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, მიუთითა, რომ სადავო ობიექტი თბილისის მერიის მუნიციპლიტეტის კუთვნილ არასაცხოვრებელ ფართს წარმოადგენდა და არ შეიძლება ჩათვლიდიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურამ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა, რომ სადავო ობიექტი _ ქ. თბილისში, ... მდებარე 168 კვ.მ სარდაფი წარმოადგენს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კუთვნილ არასაცხოვრებელ ფართს და არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, პრივატიზებამდე თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა სადავო ფართი, თბილისის მერიის მუნიცალიტეტისას, თუ ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას.
მხოლოდ ამ მტკიცებულებათა მოძიებისა და გამოკვლევის შემდეგ შეუძლია სასამართლოს იმსჯელოს, თუ რამდენად კანონიერად მოხდა სადავო ობიექტის პრივატიზება. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, რადგან ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, «ეს კანონი არ აწესრიგებს მიწისა და სახელმწიფო საბინაო ფონდის პრივატიზების საკითხებს».
ამდენად, სასამართლო მას შემდეგ გამოიყენებს აღნიშნულ კანონს, როცა დაადგენს, რომ სადავო ფართი სახელმწიფო საბინაო ფონდს არ განეკუთვნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე ხალახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.