Facebook Twitter

ბს-104-104 (3კ-12) 28 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. კ-ისა და ნ. ს-ს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. კ-მა, ი. მ-მ, ნ. კ-მ და ნ. ს-მ 2005 წლის 7 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, მ. კ-ის სასარგებლოდ 16053 აშშ დოლარის, ი. მ-ს სასარგებლოდ 22345 აშშ დოლარის, ნ. კ-ის სასარგებლოდ 2033 აშშ დოლარისა და ნ. ს-ს სასარგებლოდ 3213 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმეზე მოსარჩელედ მითითებულ იქნა მ. კ-ის უფლებამონაცვლე რ. კ-ი.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. კ-ისა და ნ. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ რ. კ-ის სასარგებლოდ 16053 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ი. მ-ს სასარგებლოდ 22345 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ნ. კ-ის სასარგებლოდ 20333 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და ნ. ს-ს სასარგებლოდ 2954 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. ს-ს და ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ რ. კ-ისათვის, ი. მ-სათვის, ნ. ს-სათვის და ნ. კ-ისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება თბილისის მერიის მიერ, ზარალის ოდენობის ხელახალი გადაანგარიშების საფუძველზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. კ-მა, ი. მ-მ, ნ. კ-მ და ნ. ს-მ, ასევე ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორები- რ. კ-ი, ი. მ-ა, ნ. კ-ე და ნ. ს-ა საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კასატორები-საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ქ. თბილისის მერია საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. კ-ისა და ნ. ს-ს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. კ-ისა და ნ. ს-ს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს და მიაჩნია, რომ რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. კ-ისა და ნ. ს-ს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. კ-ისა და ნ. ს-ს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. კ-ისა და ნ. ს-ს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ-ის, ი. მ-ს, ნ. კ-ისა და ნ. ს-ს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს უარი ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.