ბს-1332-1317(კ-11) 28 მარტი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი _ ნ. ჰ-ი, წარმომადგენელი – თ. ა-ი (03.05.11წ. ორდერი)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი - გ. ბ-ე (08.02.11წ. ¹08-01/1958 მინდობილობა); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი - მ. მ-ე (27.05.11წ. ¹21-04/10663, 09.02.11წ., ¹21-09/3385-6 მინდობილობა)
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.11წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჰ-მა 22.12.2010წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 26.10.10წ. ¹8005/21-18 საბაჟო შეტყობინების, შემოსავლების სამსახურის 09.11.10წ. ¹2237 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 06.12.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რუსთავის რეგიონული ცენტრისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი სადავოდ არ ხდის მისი მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მის მიმართ შეფარდებულ იქნა შეუსაბამოდ მკაცრი სანქცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით, რაც მის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. მოსარჩელე ითხოვს, რუსთავის რეგიონული ცენტრისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც სანქციის სახით ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაცვლად დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.02.11წ. გადაწყვეტილებით ნ. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე 26.10.10წ. აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა ,,...” მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის მოქალაქე ნ. ჰ-ი. ავტომანქანის საბაჟო დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ 21,7 კილოგრამი ბამბის ქსოვილი და 34.8 კილოგრამი სინთეზური ძაფების ქსოვილი, სულ 564.9 ლარის ღირებულების საქონელი. 26.10.10წ. საბაჟო გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” უფლებამოსილი პირის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹034760 მოსარჩელე ნ. ჰ-ის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე. საბაჟო სამართალდარღვევის ¹034760 ოქმის საფუძველზე 26.10.10წ. გამოიცა ¹8005/21-18 საბაჟო შეტყობინება, რომლის მიხედვით ნ. ჰ-ს ჩამოერთვა საბაჟო სამართალდარღვევის საქონელი და ავტოსატრანსპორტო საშუალება. ¹8005/21-18 საბაჟო შეტყობინება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 11.11.10წ. ¹2237 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹2237 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, რომლის მიერ 06.12.10წ. მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა წარდგენილი საჩივარი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სზაკ-ის მე-6 მუხლი ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლი, სანქციების რამდენიმე სახის განსაზღვრით, სწორედ დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რათა თავად განსაზღვროს კონკრეტული სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობა კონკრეტული სამართალდამრღვევის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ არის დარღვეული საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი და არ არის დაუსაბუთებლად შეზღუდული მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის – საბაჟო შეტყობინების გამოცემისას, გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლომ გაიზიარა რა მოპასუხეების პოზიცია, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.02.11წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჰ-მა. აპელანტმა აღნიშნა, რომ სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია გამოყენებულ იქნა ნაწილობრივ, სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც აღნიშნული საქონელი გადაადგილდებოდა. თუმცა გასაჩივრებულ აქტში არ არის დასაბუთებული, რატომ გამოიყენა საბაჟო ორგანომ სამართალდამრღვევის მიმართ აღნიშნული სანქცია და არა ფულადი ჯარიმა. დამრღვევის მიმართ გამოყენებული სანქცია არ არის მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერი. სანქციის შეფარდებისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უკანონოდ გადაადგილებული საქონლის მცირე მოცულობა და ღირებულება, ასევე ის გარემოება, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.11წ. განჩინებით ნ. ჰ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.02.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმება და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლი სანქციების რამოდენიმე სახის განსაზღვრით ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბაჟო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება სამართალდამრღვევს შეუფარდოს მხოლოდ ჯარიმა, თუ ამასთან ერთად განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის ჩამორთმევა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით არ დარღვეულა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი და დაუსაბუთებლად არ შეზღუდულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ აქტში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გამოიყენა საბაჟო ორგანომ სამართალდამრღვევის მიმართ აღნიშნული სანქცია და არა ფულადი ჯარიმა. 26.10.10წ. ¹8005/21-18 საბაჟო შეტყობინების წერილობით დასაბუთებაში მითითებულია, რომ ნ. ჰ-ის მიერ “...” მარკის სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავი გამოყენებული იქნა საქონლის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადასატანად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე გამოცემული იქნა “საბაჟო შეტყობინება”, რომლითაც ნ. ჰ-ს საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის სახით ჩამოერთვა საბაჟო სამართალდარღვევის საქონელი _ 21,7 კილოგრამი ბამბის ქსოვილი და 34.8 კილოგრამი სინთეზური ძაფების ქსოვილი და სატრანსპორტო საშუალება “...” მარკის სატვირთო ავტომანქანა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქონელი მოთავსებული იყო სამალავში, საბაჟო ორგანომ გამოიყენა 242-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებულია აღნიშნული სანქციის გამოყენების საფუძველი, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ჰ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7-ე და 53-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის გამოიცა. სააპელაციო პალატის მითითება, რომ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავი იყო გამოყენებული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან არადეკლარირებული საქონელი მოთავსებული იყო ავტომანქანის საბარგულში და რაიმე სახის კუსტარულად დამზადებული სამალავი მოწყობილი არ ყოფილა. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის არსებობა არ არის დადასტურებული, აღნიშნულის გასარკვევად საქმეზე შესაძლებელი იყო ექსპერტიზის ჩატარება. კასატორის განმარტებით, სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სანქცია გამოყენებულ იქნა ნაწილობრივ, სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება, თუმცა გასაჩივრებულ აქტში არ არის დასაბუთებული, რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართალდამრღვევის მიმართ აღნიშნული სანქცია და არა ფულადი ჯარიმა. დამრღვევის მიმართ გამოყენებული სანქცია არ არის მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომადი. სანქციის შეფარდებისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უკანონოდ გადაადგილებული საქონლის მცირე მოცულობა და ღირებულება, ასევე ის გარემოება, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად, გასათვალისწინებელია სამართალდამრღვევის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, ნ. ჰ-ს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი დედა და მეუღლე, ხოლო ავტომანქანა არის მისი ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთი წყარო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 26.10.10წ. საბაჟო გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა ,,...” მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის მოქალაქე ნ. ჰ-ი. ავტომანქანის საბაჟო დათვალიერებისას, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ 21,7 კილოგრამი ბამბის ქსოვილი და 34.8 კილოგრამი სინთეზური ძაფების ქსოვილი, სულ 564.9 ლარის ღირებულების საქონელი. ნ. ჰ-ის მიერ არ იქნა შევსებული დეკლარაცია. 26.10.10წ. საბაჟო გამშვები პუნქტის “წითელი ხიდის” უფლებამოსილი პირის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹034760 ნ. ჰ-ის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე (ტ. I, ს.ფ. 12). საბაჟო სამართალდარღვევის ¹034760 ოქმის საფუძველზე, 26.10.10წ. გამოიცა ¹8005/21-18 საბაჟო შეტყობინება, რომლის მიხედვით ნ. ჰ-ს ჩამოერთვა საბაჟო სამართალდარღვევის საქონელი და ავტოსატრანსპორტო საშუალება (ტ. I, ს.ფ. 13-14). 26.10.10წ. ¹8005/21-18 საბაჟო შეტყობინება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 11.11.10წ. ¹2237 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 15-16). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 11.11.10წ. ¹2237 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, რომლის მიერ 06.12.10წ. მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა წარდგენილი საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 70, 17-19).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევდა პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა (საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10, მე-14 ნაწილები) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით შემსუბუქებულ სანქციებს არ ითვალისწინებს.
ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდებით. 28.10.2010წ. საბაჟო შეტყობინების წერილობითი დასაბუთების, დავების განხილვის საბჭოს 01.12.10წ. გადაწყვეტილებით, ნ. ჰ-ის მიმართ გამოყენებული სანქცია მართებულად იქნა მიჩნეული იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქონელი მოთავსებული იყო სამალავში, ამასთანავე, საბჭომ აღნიშნა, რომ საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება არის საბაჟო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფერო, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება სამართალდამრღვევისათვის მხოლოდ ჯარიმის თუ სატრანსპორტო საშუალების და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევის გამოყენება (ტ.1, ს.ფ. 18). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხსაც, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას შესაძლებელია ჩაენაცვლოს ზემდგომი ორგანოს დისკრეცია, ამდენად, საბჭოს მითითება 242-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებაში საბაჟო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების შესახებ, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ნ. ჰ-ის მიმართ გამოყენებული სანქცია იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ საქონელი (21,7კგ ბამბის ქსოვილი და 34,8კგ სინთეზური ძაფების ქსოვილი) მოთავსებული იყო სამალავში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პალატის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია, საქმის მასალებით არ დასტურდება სატვირთო ავტომანქანაში სამალავის ანუ მანქანის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი, არაქარხნული, კუსტარულად დამზადებული დახურული სივრცის მოწყობა საქონლის ფარული გადაზიდვისათვის, ნ. ჰისეინოვის განცხადებით საქონელი იმყოფებოდა ავტომანქანის ძარაში განთავსებულ ყუთში, ავტომანქანაში განთავსებულ ყუთებში საქონლის მოთავსებაზე უთითებს აგრეთვე 28.10.10წ. საბაჟო შეტყობინების წერილობითი დასაბუთება, რაც არ ადასტურებს საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის ფარული გადაზიდვისათვის სამალავის მოწყობას. სამალავის არსებობა, როგორც ერთ-ერთი ფაქტობრივი გარემოება, არ დასტურდება, სასამართლოების მიერ არ არის დადგენილი ავტომანქანაში მისი მოწყობის ადგილი, ქარხნულ პარამეტრებში შეტანილი ცვლილებების არსებობა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის აღნიშნული გარემოება არ არის ზედმიწევნით და ობიექტურად შესწავლილი, არ დასტურდება ნ. ჰ-ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართალდარღვევის ჩადენის იარაღად გამოყენება. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, კერძოდ, საქონლის მცირე მოცულობაზე და ღირებულებაზე, მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის პირველად ჩადენაზე, მის ოჯახურ მდგომარეობაზე (კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, სამი მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი დედა), იმაზე, რომ გამოყენებული სანქციის შეფარდებით მოსარჩელეს შესაძლოა მოესპოს შემოსავლის წყარო და უკიდურესად გაუარესდეს მისი და მისი ოჯახის წევრების მატერიალური მგომარეობა. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე, ნ. ჰ-ის განმარტებით მისთვის უცნობ ენაზე შედგენილ დოკუმენტაციას მან ხელი იმ პირობით მოაწერა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაკების დაპირებით დაუბრუნებდნენ ავტომანქანას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ჰუსიენოვის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქენს ახალი გადაწყვეტილება, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის ყველა გარემოების გამოკვლევის, მტკიცებულებათა ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.11წ. განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 26.10.10წ. ¹8005/21-18 საბაჟო შეტყობინება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 09.11.10წ. ¹2237 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 06.12.10წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ჰ-ის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის მიმართ;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს ნ. ჰ-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.