ბს-1347-1332(კ-11) 07 მარტი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
02.07.2010წ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “...მ” მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 08.12.2009წ., 14.12.2009წ., 15.12.2009წ. და 16.12.2009წ. საბაჟო შეტყობინენების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.09.2010წ. განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
27.10.2010წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 26.11.2009წ. და 30.11.2009წ. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების, 08.12.2009წ., 14.12.2009წ., 15.12.2009წ., 16.12.2009წ. საბაჟო შეტყობინენების და საბაჟო შეტყობინებების დასაბუთების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 09.03.2010წ. ¹1130 და ¹1132 ბრძანებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 07.06.2010წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.2010წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “...ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...მ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2011წ. განჩინებით შპს “...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.12.2010წ. გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...მ” და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2011წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...ს” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, შპს “...ს” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “...ს” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...ს” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს “...ს” (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.