ბს-1399-1382(კ-11) 01 მარტი, 2012 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კასატორის – ი/მ “ქ. კ-ის” შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.11წ. განჩინებით ი/მ “ქ. კ-ის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, რამდენადაც სსსკ-ის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კასატორს განესაზღვრა 7-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად და საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 325 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, დარჩენილი თანხის – 225 ლარის გადახდის გადავადება 20 დღით. საკასაციო სასამართლოს 11.11.2011წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით. კასატორმა 14.12.11წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდის ქვითარი და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება პროცესის დასრულებამდე, ან ვადის გაგრძელება ხარვეზის სრულად შევსების მიზნით. საკასაციო სასამართლოს 23.12.11წ. განჩინებით კასატორს კვლავ გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 125 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 10.02.11წ. კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, რამდენადაც კასატორი არ მუშაობს, მისი ქონება დაყადაღებულია იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და ი/მ “ქ. კ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2011წ. განჩინებით კასატორს – ი/მ “ქ. კ-ეს” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 325 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორის შუამდგომლობების საფუძველზე კასატორს დამატებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, მაგრამ ხარვეზი სრულყოფილად არ იქნა შევსებული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის შუამდგომლობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, კასატორს რამოდენიმეჯერ მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, მაგრამ ხარვეზი არ იქნა შევსებული, მით უფრო, გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ი/მ “ქ. კ-ის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც კასატორმა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არ წარმოადგინა სსსკ-ის 38-ე მუხლის “ზ” პუნქტისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, კასატორის – ი/მ “ქ. კ-ის” წარმომადგენელს _ ზ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ “ქ. კ-ის” საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. კასატორ ი/მ “ქ. კ-ის” წარმომადგენელს _ ზ. გ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.