Facebook Twitter
ბს-1484-1466(2კ-11) 9 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ასოციაცია “...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ქალაქ თბილისის მთავრობა (მოპასუხე)

დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ასოციაცია “...მ” (წარმომადგენელი ნ. გ-ე) 2010 წლის 15 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ქმედების განხორციელების დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2010 წლის 26 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთავრობას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს “მ-ს” შორის 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს “რ-ის” “100% წილის, შპს “მც-ის” 100% წილის, შპს “ს-ის” 100% წილისა და შპს “თ-ის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემა, რაზედაც ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 9 სექტემბრის ¹11/107635-7 წერილით განემარტა, რომ 2010 წლის 26 აგვისტოს ¹04/03-214 განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, გადაეგზავნა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, რომელსაც მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადაუცია მოსარჩელისათვის.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა, ქ. თბილისის მთავრობის დავალდებულება, გასცეს ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემდეგი საჯარო ინფორმაცია: შესრულებულია თუ არა მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების 11.6.4 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება 6 თვეში ერთხელ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ ანგარიშის “გამყიდველი-2”-ისათვის წარდგენის თაობაზე; მყიდველის მიერ “გამყიდველი-2”-ისათვის წარდგენილი კონკრეტული ანგარიშების ასლები; რა თარიღიდან აიღო მყიდველმა საკუთარ თავზე “კომპანიის” მართვა; ხელშეკრულების 2.4 მუხლით გათვალისწინებული “პარტნიორთა კრების” ოქმის ასლი; იმ საუკეთესო საინჟინრო და საოპერაციო მეთოდების ამსახველი დოკუმენტი, რომელთა პირობების შესაბამისად, მყიდველმა უნდა მართოს და შეინარჩუნოს აქტივები; ვის მიერ და როდის არის დამუშავებული დამტკიცებული აღნიშნული მეთოდები (კონკრეტული ორგანო, კონკრეტული სამართლებრივი აქტი); უზრუნველყოფილია თუ არა მყიდველის მიერ “კომპანიის” აქტივების მართვა და შენარჩუნება საუკეთესო საინჟინრო და საოპერაციო მეთოდების პირობების შესაბამისად, კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული; შეიცავს თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულება მყიდველის ვალდებულებებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ შეიცავს, მიეთითოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მყიდველის კონკრეტული ვალდებულებები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში; სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული; რა ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული მყიდველის მიერ დღეის მდგომარეობით; საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹245 განკარგულება; საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მაისის ¹323 განკარგულება; საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მაისის ¹325 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ასოციაცია “...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობას დაევალა ასოციაცია “...ს” საჯარო ინფორმაციის სახით გადასცეს ინფორმაცია იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს “მ-ს” შორის 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს “რ-ის” “100% წილის, შპს “მც-ის” 100% წილის, შპს “ს-ის” 100% წილისა და შპს “თ-ის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება მყიდველის ვალდებულებებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ შეიცავს, მიეთითოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მყიდველის კონკრეტული ვალდებულებები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში და სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹245 განკარგულება; საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მაისის ¹323 განკარგულება; საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მაისის ¹325 განკარგულება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასოციაცია “...მ”. გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მთავრობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტ “...ს” შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის დავალდებულების ნაწილში, მოსარჩელისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹245 განკარგულების, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მაისის ¹323 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მაისის ¹325 განკარგულების გადაცემის დავალდებულების შესახებ და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ასოციაცია “...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა ქ. თბილისის მთავრობის დავალდებულების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილში, კერძოდ – სრულდება თუ არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს “მ-ს” შორის 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს “რ-ის” “100% წილის, შპს “მც-ის” 100% წილის, შპს “ს-ის” 100% წილისა და შპს “თ-ის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების ნაწილში იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს “მ-ს” შორის 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს “რ-ის” “100% წილის, შპს “მც-ის” 100% წილის, შპს “ს-ის” 100% წილისა და შპს “თ-ის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება მყიდველის ვალდებულებებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თუ შეიცავს, მიეთითოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მყიდველის კონკრეტული ვალდებულებები ჯანმრთელობისა და უსაფრთოხების სფეროში - დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს. საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგერთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება ¹1 შპს “რ-ის”, შპს “მც-ის”, შპს “ს-ისა” და შპს “თ-ის” 100% წილის ზემომითითებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დამატებითი განმარტებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 14 მაისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შეთანხმებაში შეტანილ იქნა 12.4 მუხლი, რომლის თანახმად, ინფორმაცია, წინადადებები და შეთანხმებები, რომლებიც მოცემულია ამ დოკუმენტებში, ითვლება კონფიდენციალურად და შესაბამისად, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე მხარეებმა არ უნდა შეატყობინონ სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს რაიმე ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება წინამდებარე შეთანხმებას. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მასში შესული ცვლილებებით, მოიცავს მეწარმე სუბიექტის ფინანსურ ვალდებულებებს, რაც მის კომერციულ ინტერესებს უკავშირდება და შესაბამისად, ხელშეკრულებასთნ დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის კანონისმიერი ვალდებულება მოპასუხეს ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. თბილისის მთავრობის დავალდებულების შესახებ, საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილში, კერძოდ, სრულდება თუ არა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული, დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საჭიროებს დამუშავებას, ხოლო ასეთი ინფორმაცია დამუშავებული და მომზადებული ქ. თბილისის მთავრობას არ გააჩნია.
რაც შეეხება ასოციაცია “...ს” სააპელაციო საჩივარს, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული საქალაქო სასამართლოს დასკვნები ამ ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთავრობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და ეწინააღმდეგება კანონს. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს. სადავო არ იყო ის გარემოება, რამდენად კანონიერად მოახდინა ქ. თბილისის მთავრობამ ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია - შეიცავს თუ არა ხელშეკრულება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს - წარმოადგენს გარემოსდაცვით ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გასაიდუმლოება დაუშვებელია - ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან გულისხმობს უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას. საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ასოციაცია “...ს” მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტი შეზღუდული იყო კომერციული საიდუმლოების სტატუსით და სასამართლოს არ დაუდგენია ამ კუთხით არანაირი გამონაკლისი. სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებით დასაშვები ხდება ხელშეკრულების ნაწილის გასაჯაროება, რაც ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებასთან და უფრო მეტიც, განსხვავებულად აწესრიგებს აღნიშნული გადაწყვეტილებით მოწესრიგებულ ურთიერთობას.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ასოციაცია “...მ” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობების განსაზღვრისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მითითებული საპროცესო დარღვევების გამო, ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად, საქმეზე გამოტანილია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ასოციაცია ,,...ს’’ საკასაციო საჩივარი, სასარჩელო მოთხოვნის _ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,მ-ს’’ შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს ,,რ-ის’’ 100% წილისა და შპს ,,მც-ის’’ 100% წილის, შპს ,,ს-ის’’ 100% წილისა და შპს ,,თ-ის’’ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვლზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ,,მყიდველის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული _ მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო ასოციაცია ,,...ს” საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში და ქ. თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად;
2012 წლის 7 მარტს ქ. თბილისის მთავრობის წარმომადგენელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება ასოციაცია “...ს” საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, რომელშიც მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, ასოციაცია “...ს” საკასაციო საჩივარი დაშვებულ სასარჩელო მოთხოვნის _ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,მ-ს’’ შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს ,,რ-ის’’ 100% წილისა და შპს ,,მც-ის’’ 100% წილის, შპს ,,ს-ის’’ 100% წილისა და შპს ,,თ-ის’’ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ,,მყიდველის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული _ უნდა დაკმაყოფილდეს; ამ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ასოციაცია “...ს” სარჩელი მოთხოვნის _ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,მ-ს’’ შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს ,,რ-ის’’ 100% წილისა და შპს ,,მც-ის’’ 100% წილის, შპს ,,ს-ის’’ 100% წილისა და შპს ,,თ-ის’’ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ,,მყიდველის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული _ ნაწილში დაკმაყოფილდეს; დაევალოს მოპასუხეს _ ქ. თბილისის მთავრობას გასცეს ინფორმაცია _ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,მ-ს’’ შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს ,,რ-ის’’ 100% წილისა და შპს ,,მც-ის’’ 100% წილის, შპს ,,ს-ის’’ 100% წილისა და შპს ,,თ-ის’’ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ,,მყიდველის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 24.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლის მიხედვით, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული პრინციპი აგრეთვე რეგლამენტირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლში, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა, ხოლო ამავე კოდექსის მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტში მოცემული საჯარო ინფორმაციის დეფინიციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებაში დაცული ყველა ოფიციალური დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ხოლო საჯარო ინფორმაციის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებით ან დადგენილი წესით გასაიდუმლოება არ ნიშნავს, რომ იგი აღარ ატარებს საჯარო ინფორმაციის სტატუსს, სწორედ პირიქით, მხოლოდ ამგვარი სტატუსის დოკუმენტი შესაძლებელია გასაიდუმლოვდეს, რაც გულისხმობს, რომ იგი აღარ განეკუთვნება ხელმისაწვდომ საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად საჯარო ინფორმაციის ღიაობა ორ შემთხვევაშია შეზღუდული: 1. როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული 2. როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “მ” ქვეპუნქტი იძლევა განსაზღვრებას საჯარო ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის _ ასოციაცია “...ს” მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია _ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,მ-ს’’ შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს ,,რ-ის’’ 100% წილისა და შპს ,,მც-ის’’ 100% წილის, შპს ,,ს-ის’’ 100% წილისა და შპს ,,თ-ის’’ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ,,მყიდველის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული _ წარმოადგენს ინფორმაციას წყლის მდგომარეობის თაობაზე, რაც თავისთავად თავსდება გარემოს შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში და შესაბამისად განეკუთვნება ინფორმაციის იმ სახეს, რომლის გასაიდუმლოება კანონმდებლობით არის აკრძალული.
საკასაციო სასამართლო ეყრდნობა “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ" კონვენციას (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის ¹135 დადგენილებით), რომლის მიხედვით კონვენციის მხარეებმა აღიარეს, რომ ყოველ ადამიანს აქვს მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაბამის გარემოში სიცოცხლის უფლება და ამ უფლებებისა და მოვალეობის შესასრულებლად მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარემოსდაცვითი ინფორმაცია. Kკონვენციის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის ა) ქვეპუნქტით “გარემოსდაცვითი ინფორმაცია” გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მოწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს შემადგენელი ისეთი ელემენტების მდგომარეობა, როგორიც არის ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი და ბუნებრივი ობიექტები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზაციები და ამ ელემენტების ურთიერთქმედება.
კონვენციის ზემოაღნიშნული პრინციპი ასევე ასახულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლში, რომლითაც განისაზღვრა ინფორმაციის კატეგორიები, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია. მითითებულის მუხლის ა) პუნქტის მიხედვით ყველას აქვს უფლება იცოდეს ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წყლის, როგორც გარემოს შემადგენელი ნაწილის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება ღია ინფორმაციის სახეს, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, მისი ფიზიკური ფორმისა და მდგომარების მიუხედავათ. ამდენად, მოსარჩელის _ ასოციაცია “...ს” სასარჩელო მოთხოვნა _ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,მ-ს’’ შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს ,,რ-ის’’ 100% წილისა და შპს ,,მც-ის’’ 100% წილის, შპს ,,ს-ის’’ 100% წილისა და შპს ,,თ-ის’’ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ,,მყიდველის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული როგორც საფუძვლიანი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს _ ქ. თბილისის მთავრობას დაევალოს გასცეს ინფორმაცია _ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,მ-ს’’ შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს ,,რ-ის’’ 100% წილისა და შპს ,,მც-ის’’ 100% წილის, შპს ,,ს-ის’’ 100% წილისა და შპს ,,თ-ის’’ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვლზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ,,მყიდველის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა ასოციაცია “...ს” საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც ასოციაცია “...ს” სარჩელი საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ასოციაცია “...ს” საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ასოციაცია “...ს” საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ასოციაცია “...ს” სარჩელი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხეს _ ქ. თბილისის მთავრობას დაევალოს გასცეს ინფორმაცია _ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს ,,მ-ს’’ შორის, 2008 წლის 14 მაისს დადებული შპს ,,რ-ის’’ 100% წილისა და შპს ,,მც-ის’’ 100% წილის, შპს ,,ს-ის’’ 100% წილისა და შპს ,,თ-ის’’ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სრულდება თუ არა მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ,,მყიდველის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული;
5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.