Facebook Twitter

ბს-1493-1455(კ-10) 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ჯ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 5 ნოემბერს ჯ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის ¹05.27.212 დადგენილების მე-5 პუნქტის მის ნაწილში ბათილად ცნობა, მოპასუხის მიერ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულების შესრულება, მასთან ხელშეკრულების დადება და ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 374 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, 2003 წელს მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის შესაბამისად გადაცემა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულებით მიღებული იქნა ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, პროფესორ ჯ. ქ-ს ნება დაერთო პირდაპირი განკარგვის წესით ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის შეეძინა ...ის ქუჩაზე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მთავარ სამეურნეო სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹2 და ¹3 სახლების მოპირდაპირედ არსებული 374 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის განმარტებით, სამთავრობო ცვლილებების და თბილისის მერიაში საჯარო ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების არარად აღიარების, მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წარმოების დაწყების გამო შეჩერდა გამოყოფილ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილებით ჯ. ქ-ის მიმართ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილება არ გაუქმებულა. 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ’’ პუნქტით მოსარჩელეს დაევალა ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის ¹1-7 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ღირებულების გადახდა, რაც მან უკანონოდ მიიჩნია და სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი, ქ. თბილისის მთვარობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილების მითითებისა და ჯ. ქ-ისათვის 2007 წლის მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დავალდებულების ნაწილში. აღნიშნულის შემდგომ, ქ. თბილისის მერიამ ჯ. ქ-ს განაახლებინა საბუთები. ქ. თბილისის მერიას ასევე წარედგინა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის დასკვნა, რომლის შესაბამისად, ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 31 მარტის ¹4-5 გადაწყვეტილების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი განეკუთვნებოდა 31-ე ქვეზონას, სადაც 2003 წლის ივნისის თვეში კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე ნორმატიული ფასი 22 ლარს შეადგენდა. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ჯ. ქ-თან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება არ ხორციელდებოდა, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით ჯ. ქ-ის სარჩელზე, ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის ¹05.27.212 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს _ ქ. თბილისის მერიას მოსარჩელისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ღირებულების 2003 წლის მიწის ნორმატიული ფასის შესაბამისად გაანგარიშება და ჯ. ქ-ის მიერ მიწის ღირებულების გადახდის შემდეგ, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება დაევალა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის თხოვნა და “სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, აღიძრა შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და კრწანისი-მთაწმინდის რაიონში, ...ის ქუჩაზე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სამეურნეო სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹2 და ¹3 სახლების მოპირდაპირედ არსებული 374 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის დაუმაგრდა ზოოტექნიკური-სავეტერინარო უნივერსიტეტის პროფესორს ჯ. ქ-ს. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულებით მიღებული იქნა ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, პროფესორ ჯ. ქ-ს ნება დაერთო პირდაპირი განკარგვის წესით ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის შეეძინა ...ის ქუჩაზე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მთავარ სამეურნეო სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹2 და ¹3 სახლების მოპირდაპირედ არსებული 374 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილებით ძალაში დარჩა ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებთან 2007 წლის 1 დეკემბრამდე იმ შემთხვევაში გაფორმდებოდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, თუ პირი წარადგენდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ დადებით ქალაქგეგმარებით დასკვნას, განსაზღვრული წესით დამზადებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს და ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის ¹1-7 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილების მითითებისა და ჯ. ქ-ისათვის მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დავალდებულების ნაწილში.

საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის ¹05.27.212 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილებაში და ამ დადგენილების მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,, ... 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილებებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ. თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტები, სათანადო ხელშეკრულებები უნდა გაფორმებოდათ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2009 წლის 1 იანვრამდე ... ’’. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუქტის ახალი რედაქციის შესაბამისად, ჯ. ქ-ს ევალებოდა 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ქვითრის წარდგენა. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 ივნისის მიმართვის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 10 ივლისს შედგენილი დასკვნით დადასტურებული იყო, რომ 2003 წლის ივლისის მდგომარეობით ...ის ქუჩაზე, სახელმწიფო კანცელარიის მთავარ სამეურნეო სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტოს ¹2 და ¹3 სახლების მოპირდაპირედ მდებარე მიწის ნაკვეთი მოხვედრილი იყო 31-ე ქვეზონაში, სადაც კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთზე ნორმატიული ფასი 22 (ოცდაორ) ლარს შეადგენდა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზების ფორმები განისაზღვრებოდა კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით. პრივატიზების ფორმის შერჩევა წარმოადგენდა სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. პრივატიზება ხდებოდა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტის თანახმად, მიწის პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯ. ქ-ს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გადაეცა ...ის ქუჩაზე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მთავარ სამეურნეო სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹2 და ¹3 სახლების მოპირდაპირედ არსებული 374 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს პრეზიდენტის მითითებული განკარგულება ძალაში იყო და მისი ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ განხორციელებულა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” მე-7 მუხლით განსაზღვრული იყო მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის პირობები, კერძოდ, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ მიწის ნაკვეთის შეძენით ან სარგებლობით, განაცხადი შეჰქონდათ იმ რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მოთხოვნაში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო მიწის გამოყენების მიზანი. რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოს დავალებით ხდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის შესაძლებლობის დასკვნის გაკეთება რაიონის შესაბამისი ორგანოს მიერ. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში რაიონის გამგეობა სხდომაზე იხილავდა მიწის განკარგვის საკითხს, თანხმობის შემთხვევაში იღებდა გადაწყვეტილებას. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული წესი ითვალისწინებდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შესყიდვის მსურველის განცხადებით მიმართვას და უფლებამოსილი უწყების მიერ განცხადების განხილვას, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა. კერძოდ, ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის თხოვნა და “სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, აღიძრა შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე კრწანისი-მთაწმინდის რაიონში, ...ის ქუჩაზე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სამეურნეო სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹2 და ¹3 სახლების მოპირდაპირედ არსებული მიწის ნაკვეთის ზოოტექნიკური-სავეტერინარო უნივერსიტეტის პროფესორ ჯ. ქ-ისათვის დამაგრების თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებეში როდესაც სადავო არ იყო საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულების კანონიერება, ფაქტობრივად და სამართლებრივად უსაფუძვლო იყო მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ 2009 წლის 1 იანვრამდე მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის გადაუხდელობის გამო ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილება, რაც გამორიცხავდა მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ მოცემული ქმედება განხორციელდებოდა, შეიძლება გამხდარიყო დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ 2007-2009 წლებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ქ. თბილისის მერიას, რასაც რეალურად შედეგი არ მოჰყოლია. კერძოდ, არ განხორციელებულა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი სამსახურის მიერ მიწის ნორმატიული ღირებულების გაანგარიშება 2003 წლის მიწის ნორმატიული ფასის შესაბამისად, რის გამოც მოსარჩელე ჯ. ქ-ი მოკლებული იყო შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარედგინა მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში - 2009 წლის 1 იანვრამდე ხელშეკრულების გაუფორმებლობა გამოწვეული იყო არა დაინტერესებული პირის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. შესაბამისად, სახეზე იყო ჯ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა მათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, თუ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულების დაანგარიშება არის უბრალო მოქმედება, რომელიც უნდა განახორციელოს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მაშინ ასეთი მოქმედება უკვე განხორციელებული და ასახული იყო შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 10 ოქტომბრის ¹12/44050 წერილში. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლომ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ღირებულების გადაანგარიშებაში იგულისხმა ის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს შესაბამის ქვეზონაში მოქცეული მიწის ნაკვეთის ნორმატიული ღირებულების ჯამური თანხის გადაანგარიშება და დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა თანხის ჩასარიცხად საბანკო რეკვიზიტების მითითებით, მაშინ სახეზე იყო დავა არა ქმედების განხორციელების, არამედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წინაპირობას და სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ქ. თბილისის მერიას ისე დაავალა ჯ. ქ-თან ხელშეკრულების გაფორმება, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელების (ხელშეკრულების გაფორმების) თაობაზე. ჯ. ქ-ის სახელზე გაგზავნილ ბოლო წერილში (ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 29 სექტემბრის ¹12/11812-2, ¹12/37892-2 წერილი) აღნიშნული იყო, რომ საკითხი საჭიროებდა სათანადო განხილვას და მერიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შედეგების შესახებ დაინტერესებულ პირს ეცნობებოდა დამატებით. აღნიშნული წერილი არ შეიცავდა ადმინისტრაციული ორგანოს უარს ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით სარჩელი ამ ნაწილშიც დაუშვებელი იყო.

კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის ¹24.36.852 დადგენილებით ცვლილება-დამატება შევიდა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილებაში და აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტს დაემატა ,,დ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 1 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებდნენ მათ. კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ჯ. ქ-ს ქ. თბილისის მერიისათვის 2009 წლის 1 იანვრამდე, მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარდა, უნდა წარედგინა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სავალდებულოდ მიიჩნია მხოლოდ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის გადახდა, არ გამოიკვლია ის გარემოება, კანონიერ ძალაში არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის ¹05.27.212 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი) დაკისრებული სხვა ვალდებულებები ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს შესრულებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი.

2010 წლის 11 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ¹980 განკარგულება “ჯ. ქ-ისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

2011 წლის 3 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ჯ. ქ-მა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ¹980 განკარგულება (შუამდგომლობას თან დაურთო სარჩელის წარდგენის დამადასტურებელი ქვითარი, შემდგომ კი სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება), რაც მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით ჯ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, ჯ. ქ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ¹980 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება; საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის თხოვნა და “სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 10.05.2000 წლის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, შუამდგომლობა აღიძრა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე კრწანისი-მთაწმინდის რაიონში, ...ის ქუჩაზე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სამეურნეო სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹2 და ¹3 სახლების მოპირდაპირედ არსებული 374 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზოოტექნიკური-სავეტერინარო უნივერსიტეტის პროფესორი ჯ. ქ-ისათვის დამაგრების თაობაზე (ტ. I; ს.ფ. 19-20). საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულებით მიღებული იქნა ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, პროფესორ ჯ. ქ-ს ნება დაერთო ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით შეეძინა ...ის ქუჩაზე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მთავარ სამეურნეო სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹2 და ¹3 სახლების მოპირდაპირედ არსებული 374 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტ. I; ს.ფ. 21). ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილებით ძალაში დარჩა ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, 2007 წლის 1 დეკემბრამდე ფიზიკურ პირებთან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ დადებით ქალაქგეგმარებით დასკვნას, განსაზღვრული წესით დამზადებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს და ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის ¹1-7 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს (ტ. I; ს.ფ. 22-29).

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემეობას, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ქ. თბილისის მთავრობის 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილების მითითებისა და ჯ. ქ-ისათვის მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დავალდებულების ნაწილში (ტ. I; ს.ფ. 30-34). ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის ¹05.27.212 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილებაში და ამ დადგენილების მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,, ..... 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილებებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ. თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტები, სათანადო ხელშეკრულებები უნდა გაფორმებოდათ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე 2009 წლის 1 იანვრამდე ... ’’. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუქტის ახალი რედაქციის შესაბამისად, ჯ. ქ-ს ევალებოდა ქ. თბილისის მერიისათვის წარედგინა 2003 წლის 10 ივლისის ¹09.43.227 დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის ქვითარი (ტ. I; 70-71).

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის ¹24.36.852 დადგენილებით ცვლილება-დამატება შევიდა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილებაში და აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტს დაემატა ,,დ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს ¹18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 1 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებდნენ მათ (ტ. I; ს.ფ. 74-75).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპზე, (2010 წლის 11 ნოემბერს) კასატორმა _ ქ. თბილისის მერიამ სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ¹980 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა “ჯ. ქ-ისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ნოემბრის ¹980 განკარგულება ჯ. ქ-ის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ნოემბრის ¹980 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ¹980 განკარგულება (რომლის საფუძველზეც ძალადაკარგულად გამოცხადდა “ჯ. ქ-ისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის ¹1409 განკარგულება) კანონიერ ძალაში არის შესული, რაც მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ¹980 განკარგულების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.