Facebook Twitter

ბს-169-167(კ-12) 28 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. მ-ისა და მ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 17 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ნ. მ-ისა და მ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით ნ. მ-სა და მ. კ-ს დაევალათ ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის განჩინებით, ამავე სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 თებერვლის ხარვეზის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა და აღნიშნული განჩინებით კასატორებს ნ. მ-სა და მ. კ-ს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მათ მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორებს – ნ. მ-სა და მ. კ-ს 2012 წლის 12 მარტს ჩაბარდათ. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 13 მარტს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2012 წლის 17 მარტს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო კასატორებს განუმარტავს, რომ ვინაიდან, მათ ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2012 წლის 17 მარტს ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე შაბათი, ხარვეზის შევსების ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2012 წლის 19 მარტს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ნ. მ-მ ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

მ. კ-მ 2012 წლის 19 მარტს წარმოადგინა განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თვითონ და მისი მეუღლეც არინ პენსიონერები და მათი შვილი დაავადებულია ქრონიკული “ც” ჰეპატიტით, რომლის მკურნალობის ხარჯების გადახდის საშუალება არ აქვთ. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად კასატორმა წარმოადგინა 2012 წლის 6 იანვრით დათარიღებული მისი ოჯახის დეკლარაცია, 2012 წლის 16 მარტს სამედიცინო დაწესებულებასა და ზვიად ნიკურაძეს შორის გაფორმებული ¹711 ხელშეკრულება და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად საიდენთიფიკაციო ¹010130346998 _ მ. კ-ს ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა არის 84170. რაც საკასაციო პალატის აზრით არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იმ მხარეების გათავისუფლებას, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილებით დამტკიცებული “სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემოწმების ოდენობის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური დაფინანსების წესის” მე-7 მუხლის შესაბამისად საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), ხოლო მ. კ-ს ოჯახის სარეიტიგო ქულა 27169-ით (ოცდაშვიდი ათას ასსამოცდაცხრით) აღემატება საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულის ოდენობას. რის გამოც კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული საკასაციო პალატაში მ. კ-სა და ნ. მ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა ნ. მ-მ და მ. კ-მ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. მ-ისა და მ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ. მ-ისა და მ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.