279/საზ 7 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ზ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ხ. ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 3 წლითა და 6 თვით, 184-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის IV ნაწილით, შთანთქმის პრინციპით, მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 25 მაისიდან.
განაჩენით ხ. ზ-ას მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის არაერთგზის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის დროებითი გამოყენების მიზნით.
მსჯავრდებული ხ. ზ-ა ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ხ. ზ-ას დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის გაიზარდა სასჯელი და არც დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ხ. ზ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტს (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც ხ. ზ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნებოდა, ამდენად, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,
დაადგინა:
მსჯავრდებულ ხ. ზ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ხვიჩა ზარანდიას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.