285/საზ 9 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 12 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 12 აპრილის განაჩენით მ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის III ნაწილით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის I, III, VII პუნქტებით _ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა (1960 წლის რედაქცია).
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 4 ოქტომბრის ¹-- ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებული მ. ბ-ძე შეწყალებულ იქნა და განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა _ შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1993 წლის 29 მაისიდან.
განაჩენით მ. ბ-ეს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით; განზრახ მკვლელობისათვის ანგარებით, დაზარალებულის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით.
მსჯავრდებული მ. ბ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 12 აპრილის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას იმ მოტივით, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით სიკვდილით დასჯა არასწორად შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის I, III, VII პუნქტების საფუძველზე (განზრახ მკვლელობა ანგარებით, დაზარალებულის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, 1960 წლის რედაქცია) შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩადენაში ბრალი დაედო მ. ბ-ეს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამრიგად, მ. ბ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, რამდენჯერმე შეიცვალა.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას და რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ეს სასჯელი _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა _ არ შეიძლება დაენიშნოს 15 წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
მსჯავრდებულ მ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის III ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის გატაცება ყაჩაღური თავდასხმის გზით, 1960 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 237-ე მუხლის IV ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), და აღნიშნული მუხლით მას უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, მ. ბ-ეს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 12 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ მ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის III ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 237-ე მუხლის IV ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მას აღნიშნული მუხლით სასჯელად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ. ბ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.