ბს-48-48 (კ-12) 14 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 8 ივლისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხის დ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაკისრებოდა: ჯარიმის სახით – 9552 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 2865,60 ლარის, ზიანის სახით – 22710,67 ლარის ანაზღაურება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე დ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით– 9552 ლარის, პირგასამტეხლოს-2865,60 ლარის, ზიანის (კვების კომპენსაცია)-2457 ლარის და ზედმეტად გაცემული თანხის-142,21 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენდა 15016,81 ლარს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა, ზიანის 20111,46 ლარის მოპასუხე დ. გ-ისთვის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დ. გ-მა.
აპელანტი-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
აპელანტი-დ. გ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აპელანტ დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე დ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს-2 865,60 ლარის, ზიანის (კვების კომპენსაცია_2457 ლარის, სულ- 5322,60 ლარის) გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს 2 865,60 ლარის და ზიანის (კვების კომპენსაცია) -2457 ლარის, სულ -5322,60 ლარის გადახდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა, ზიანის სახით-20111,46 ლარის მოპასუხე დ. გ-ისათვის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე დ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 9552 ლარის და ზედმეტად გაცემული თანხის 142,21 ლარის გადახდა (სულ 9694,21 ლარი).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკამყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. საქმე ბს-554-549 (კ-11), 20.12.11წ.).
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.