Facebook Twitter

ბს-89-89(კ-12) 6 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2012 წლის 17 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-89-89(კ-12) ი. მ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზს). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. ტ. II; 56-57/.

2012 წლის 13 თებერვალს საკასაციო სასამართლოს მომართა ი. მ-მა და წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი და საკასაციო საჩივარი, რომელიც კვლავ არ იყო დასაბუთებული (იხ. ტ. II; ს.ფ. 62-75).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით ი. მ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა კიდევ 3 დღით, რათა წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ტ. II; ს.ფ. 106-107).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის სრულყოფილად შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 3 დღით, რათა წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. აღნიშნული განჩინება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ი. მ-ს გაეგზავნა 2012 წლის 20 თებერვალს. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ ხელწერილის თანახმად ი. მ-ის მამას – ვ. მ-ს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განჩინება ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაჰბარდა 2012 წლის 21 თებერვალს /იხ. ტ. II; ს.ფ. 80/, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 3-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 24 თებერვალს, მაგრამ კასატორს მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 390-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.