Facebook Twitter

ბს-109-108 (კს-12) 14 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ (აწ. გარდაცვლილი) ი.მ ,,რ. ხ-ე”;

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

დავის საგანი _ უფლებამონაცვლის დადგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 20 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი.მ ,,რ. ხ-მ” მოპასუხეების ქუთაისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქუთაისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2005 წლის 25 ივლისის ¹6075 ,,საგადასახადო მოთხოვნის”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 18 დეკემბრის ¹7932 ბრაძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 თებერვლის ¹05-04/107 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ასევე ქონების საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განჩინებით საქმის განხილვაში ასკ-ის 16.2 მუხლით ჩაება ხ. დ-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.მ ,,რ. ხ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის მოთხონვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 18 დეკემბრის ¹7932 ბრაძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 თებერვლის ¹05-04/107 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე ქონების საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლებას შესახებ არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ი.მ ,,რ. ხ-ზე” 2005 წლის 25 ივლისის ¹6075 ,,საგადასახადო მოთხოვნით” დარიცხული საურავი 15 496 ლარის ოდენობით და მითითებულ ნაწილში 2005 წლის 25 ივლისის ¹6075 ,,საგადასახადო მოთხოვნა” ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო დღგ-ს ჩათვლის ნაწილში დარჩა ძალაში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რეგიონული ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და რ. ხ-მ.

აპელანტი - რ. ხ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

აპელანტები - ქუთაისის რეგიონული ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ი.მ ,,რ. ხ-ის” გარდაცვალების გამო, ხოლო 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ი.მ ,,რ. ხ-ის” სააპელაციო საჩივრის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომრის განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ი.მ ,,რ. ხ-ის” სარჩელი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ქუთაისში, ...ის გ. ¹17-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობა აკაკი ხ-იდან, რომელიც გარდაიცვალა 2006 წლის 13 აპრილს, შვილმა რ. ხ-მ 2011 წლის 28 ოქტომბერს მიიღო, რაზედაც გაცემულია ¹111185860 სამკვიდრო მოწმობა, დამოწმობული 2011 წლის 20 ოქტომბერს;

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის გ. ¹17-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა რ. ხ-ე;

გარდაცვლილ ი.მ ,,რ. ხ-ს” საკუთრებად თავისი წილი უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ის გ. ¹17-ში, არ დაურეგისტრირებია, შესაბამისად მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვდრო ქონება არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წლის რედაქცია) 62-ე მუხლით და განმარტა, რომ გარდაცვლილი რ. ხ-ის და რ. ხ-ე - რომელმაც მემკვიდრეობა მიიღი მამის – აკაკი ხ-ისაგან, მის მემკვიდრედ და მითითებული მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო ვალდებულების მქონე სუბიექტად ვერ ჩაითვლება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება ი.მ ,,რ. ხ-ის” უფლებამონაცვლედ მისი დის - რ. ხ-ის ცნობის შესახებ, ვერ იქნებოდა გაზიარებული, რამეთუ დავის საგნიდან გამომდინარე რ. ხ-ის უფლებამონაცვლეობა ფაქტობრივად და სამართლებრივად დოკუმენტალურად დადგენილი არ იყო, რის გამოც ის ასეთად საქმეში ვერ ჩაერთვებოდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, აკაკი ხ-ის სამკვიდრო გაიხსნა 2006 წლის 13 აპრილიდან, როდესაც რ. ხ-ე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (დადგენილია, რომ რ. ხ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 20 დეკემბერს). ამავე კოდექსის 1430-ე მუხლის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში აკაკი ხ-ის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა ერთ-ერთმა მემკვიდრემ რ. ხ-მ, მათ შორის ძმის რ. ხ-ის წილი ქონებაც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების მქონე სუბიექტს წარმოადგენს რ. ხ-ე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისYთანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად მართებულად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნულთან დაკავშირებით საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არა აქვს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ქ. ქუთაისში, ...ის გ. ¹17-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობა აკაკი ხ-იდან, რომელიც გარდაიცვალა 2006 წლის 13 აპრილს, შვილმა რ. ხ-მ 2011 წლის 28 ოქტომბერს მიიღო, რაზედაც გაცემულია ¹111185860 სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული 2011 წლის 20 ოქტომბერს;

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის გ. ¹17-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა რ. ხ-ე;

გარდაცვლილ ი.მ ,,რ. ხ-ს” საკუთრებად თავისი წილი უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ის გ. ¹17-ში, არ დაურეგისტრირებია, შესაბამისად მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვდრო ქონება არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

მითითებული მუხლის მიხედვით, უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა ეს არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლება-მოვალეობები გადავიდა. იგი მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთერთობაში უფლება-მოვალეობების სუბიექტის შეცვლა, მაშინ დაიშვება საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281. ,,ა” მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოება შეჩერდება: ა) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველი მოქალაქის გარდაცვალება, გარდაცვალება არის იურიდიული ფაქტი, რაც უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს. გარდაცვლილის უფლებამონცვლედ მიიჩნევა პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ხდება გარდაცვლილის უფლება-მოვალეობების მიმღები სუბიექტი ანუ მისი სამრთალმემკვიდრე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ესა თუ ის პირი სამართლებრივად მემკვიდრის სტატუსს იძენს მასზე მამკვიდრებლის ქონების, სამკვიდრო მასის გადასვლის მომენტიდან. შესაბამისად მემკვიდრეა ის პირი, ვინც მამკვიდრებლისაგან მიიღო ქონება. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, ამასთან სამკვიდრო მოწმოება არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მასში მოხსენიებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აკაკი ხ-ის გარდაცვალების შემდგომ საკვიდრო ქ. ქუთაისში, ...ის გ. ¹17-ში მდებარე უძრავი ქონების სახით მიიღო მისმა შვილმა რ. ხ-მ, გაიცა სამკვიდრო მოწმობა მთელ ქონებაზე და მითითებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა რ. ხ-ის საკუთრებად. მოსარჩელე რ. ხ-ის სახელზე მისი გარდაცვალების მომენტისათვის რაიმე სახის ქონება არ ირიცხებოდა, შესაბამისად არ არსებობდა სამკვიდრო ქონება. ასეთ პირობებში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა ამა თუ იმ პირის გარდაცვლილის მემკვიდრედ (უფლებამონავცლედ) მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებს, რომ ამჟამად მიმდინარე დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ კატეგორიას მიკუთვნებულ დავას, შესაბამისად, სასამართლო, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს რამდენად სწორად მოხდა რ. ხ-ის მიერ სამკვიდროს მიღება. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც საქმეში მოიპოვება და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების აბსოლუტური დაცვით დადგენილად იქნა მიჩნეული. ხოლო რაც შეეხება სამკვიდრო ქონების მიღების მართლზომიერებას, აღნიშნული საკითხი სცილდება საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საგნობრივი კომპეტენციის ფარგლებს და მითითებული საკითხის განხილვა ექცევა სამოქალაქო (კერძო) ხასიათის დავათა რიცხვში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში დავის განხილვისას კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მემკვიდრეობითი ტრანსმისიის თაობაზე შესაძლოა სამართლებრივად მართებულადაც იქნას მიჩნეული, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოთ მითითებული მოსაზრების კანონიერება-დასაბუთებულობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობითა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ცალსახად დგინდება, რომ რ. ხ-ის სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, ...ის გ. ¹17-ში და არც სხვა რაიმე სახის ქონება. ამდენად, დასაშვები, რელევანტური და ავთენტიკური ძალის მქონე მტკიცებულებებით დასტურდება სამკვიდრო ქონების არ არსებობის ფაქტი, რაც, როგორც აღინიშნა, თავისთავად გამორიცხავს მემკვიდრის, პირის, რომლიც მიიღებდა მამკვიდრებლის აქტივებსა და პასივებს, არსებობას. ვინაიდან, თუ არ არსებობს სამკვიდრო მასა, არ არსებობს მისი მიმღები პირი, მამკვიდრებლის უფლებამონაცვლე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წლის რედაქცია) 62-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი მემკვიდრე (მემკვიდრეები) მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში და სამკვიდრო ქონებაში მისი (მათი) წილის წილის პროპორციულად მემკვიდრეობის მიღების დღიდან.

ყოველივე ზემაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები რ. ხ-ის მისი ძმის – რ. ხ-ის მემკვიდრედ მიჩნევისათვის. სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით გამართლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რ. ხ-ე საქმეში ვერ იქნება ჩართული თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ და იგი ვერ მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წლის რედაქცია) 62-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო ვალდებულების მქონე სუბიექტად.

ამდენად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის გარდაცვალება მოცემულ შემთვევაში ქმნის საქმის განუხილველად დატოვების საფუძველს, გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლის ნორმებს, და არ არსებობს მისი გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური წინამძღვრები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.