ბს-150-149 (გ-12) 28 მარტი, 2012 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა მ. ჯ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, 2010 წლის 20 ივლისის №გ-772 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით, მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესაბამისად, გადაუგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატას, იმ მოტივით, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, დავაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავის საგანს წარმოადგენს ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლზე, რომლითაც სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 20 ივლისის №გ-772 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანება. ბრძანების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 1 აპრილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ასევე მიუთითა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება. აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის (საქმიანობა) პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. ხსენებული კანონის მე-10 მუხლის (მართვა და წარმომადგენლობა) მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ხოლო მე-12 მუხლში ჩამოთვლილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შემადგენელი ის ქმედებები, რომელთა განხორციელება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულმა პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებით განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მისი ხელმძღვანელის საქმიანობის მმართველობითი ხასიათი, ასევე_სახელმწიფო კონტროლისა და შესაბამისი სახის საქმიანობაზე ხელმძღვანელის სახელისუფლებო შეზღუდვის ელემენტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ერთპიროვნულად უძღვება მის საქმიანობას და განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს, აღნიშნული ნიშნით განსხვავდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატამ მიუთითა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 და 41–ე პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან კანონით (პრეზიდენტის ბრძანებულებით) განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატამ განმარტა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან კანონით (პრეზიდენტის ბრძანებულებით) განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს _ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო). ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო აქტით, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატამ დამატებით განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში“ რანგირების მიხედვით მოცემულ ჩამონათვალში ასევე არ არის მითითება საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელზე, როგორც საჯარო სამსახურის ფარგლებში საჯარო სამსახურის განმახორციელებელ სუბიექტზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთA პალატამ მიიჩნია, რომ მ. ჯ-ი მუშაობდა რა სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის მომსახურების სამმართველოს დიდუბე–ჩუღურეთის სერვისის ცენტრის მთავარ ოფიცრად (ს.ფ. 65), არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, შესაბამისად, მასზე ვერ გავცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. რის გამოც ხსენებული ბრძანება წარმოადგენს კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში და გამოყენებულ იქნეს სწორედ კერძო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო აქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განისაზღვრება იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალი, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული კოდექსით დადგენილი საპროცესო წესებით. ამასთან, არსებითი ელემენტი, რომლის შედეგადაც დავა მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმედ, არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის ¹971 ბრძანებისა და “მ. ჯ-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ” 2010 წლის 20 ივლისის ¹გ-772 ბრძანებების კანონიერების საკითხს, ასევე ითხოვს სამუშაოზე აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მართლაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა, აღნიშნული არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. “დ” მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
“საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს შემდეგს, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, საგულისხმოა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ- შემოსავლების სამსახურში საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, რამდენადაც ეს დაწესებულება ამ ნუსხაში არ მოიაზრება.
“საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ ბრძანებულებით განსაზღვრულია საჯარო თანამდებობათა რეესტრი, საჯარო მოხელეების რანგირება, რაც საჯარო მოხელეთათვის კიდევ ერთი ნორმატიული დადასტურებაა სტატუსთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად ის განხილული ვერ იქნება საჯარო მოსამსახურედ.
იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, მასზე არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები, შემოსავლების სამსახურში საბაჟო და საგადასახადო ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სამსახურის თანამშრომელთა ატესტაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ასევე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 ივლისის ¹971 ბრძანება შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული ბრძანების სამართლებრივ საფუძველზე. “საჯარო სამართლის იურიდიული პირ_შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ¹257 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად, ატესტაციის ჩატარების დროსა და საატესტაციო მოთხოვნებს, აგრეთვე ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსი შიდაორგანიზაციული ხასიათის მოწესრიგების ფორმების (ბრძანებებით) საფუძველზე უფლებამოსილია განსაზღვროს თანამშრომელთა სამსახურში მიღების წესი, კვალიფიკაციური კადრების შერჩევის მიზნით იგი უფლებამოსილია შექმნას პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული კომისია, რომლის მიზანია, დადგინდეს თანამშრომლის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა. სადავო ბრძანების მე-7 პუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს დაევალა ტესტირების ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმდინარე წლის 20 ივლისის ¹40/1-1092 წერილი დაედო საფუძვლად შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ მიღებულ მოსარჩელის განთავისუფლების ბრძანებას.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “საჯარო სამართლის იურიდიული პირ_შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ¹257 ბრძანება არ ეყრდნობა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე_36-ე და ამავე კანონის 81-ე_87-ე მუხლებს, შესაბამისად სადავო სამართალურთიერთობა ვერ მოექცევა მითითებული სამართლებრივი ნორმების რეგულირების სფეროში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი _ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს შეწყდა კერძოსამართლებრივი_შრომითი ურთიერთობა, ერთი მხრივ ადმინისტრაციულ ორგანოსა და მეორე მხრივ - ფიზიკურ პირს შორის, რომლის კანონიერების შეფასების უფლებამოსილება გააჩნია სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე შრომით-სამართლებრივ და მის თანმდევ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი, თუ შრომითი ურთიერთობა განსხვავებულად არ არის დარეგულირებული სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე და 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.