Facebook Twitter

ბს-69-69(კ-12) 8 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ვ. ს-ის სარჩელისა გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ი. ს-ის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ვ. ს-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ი. ს-ის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება (იხ. ს.ფ. 2-14).

შესაგებლით სარჩელი არ ცნო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 63-71).

შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე ი. ს-ემ (იხ. ს.ფ. 98-106).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაებნენ ნ. და ნ. ს-ეები (იხ. ს.ფ. 124).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 დეკემბრის ¹882010915656-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 იანვრის ¹10967 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 159-170).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ასევე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 177-187).

სააპელაციო შესაგებლით ი., ნ. და ნ. ს-ეებმა სააპელაციო საჩივარი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 226-232).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 254-264).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შეწორება იქნა შეტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინების დადგენილებით ნაწილში და მხარეებს განემარტათ აღნიშნული განჩინების გასაჩივრების წესი (იხ. ს.ფ. 280-281).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 295-304; 337-347).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განჩინებით ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 350-353).

ი., ნ. და ნ. ს-ეებმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მოსაზრებებით მოითხოვეს ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 360, 362-364)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ვ. ს-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ვ. ს-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე რ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ვ. ს-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ბ-ის მიერ 2012 წლის 3 თებერვალს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹12) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “...ის” მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.