Facebook Twitter

ბს-233-231(კ-12) 9 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. მ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

2011 წლის 11 მაისს ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 თებერვლის ¹882011044001-03 გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 8 აპრილის ¹51804 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ი. მ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ლ. მ-ებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ლ. მ-ებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. მ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი ი. მ-ის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა.

საკასაციო სასამართლო ყურაღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ი. მ-ის სააპელაცო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაში არის შესული. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არსებითად განიხილა მხოლოდ ლ. მ-ის ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ი. მ-ის ნაწილში განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს ლ. მ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი ი. მ-ის ნაწილში;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.