ბს-1119-1108(კ-11) 28 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ინდ.მეწარმე რ. ბ-მ მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 ნოემბრის ¹3284 “საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ, საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებში, აგრეთვე დღგ-ში (გადასახადის ძირითადი თანხების, საურავებისა და ჯარიმების), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე და 139-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმების დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 14 თებერვლის ¹292 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის-ინდ.მეწარმე “რ. ბ-ის” 2007 წლის 21 დეკემბრის საჩივარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებისა (სხდომა ¹2/260) და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 10 ნოემბრის ¹14/04-4811 ბრძანების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ “რ. ბ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “რ. ბ-მ”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განჩინებით ი/მ “რ. ბ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “რ. ბ-მ”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით ი/მ “რ. ბ-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ ,,რ. ბ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 04 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 ნოემბრის ¹3284 ,,საგადასახადო მოთხოვნა” ნაწილობრივ: საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებში, დღგ-ში, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის 133-ე და 139-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმების დარიცხვის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 14 თებერვლის ¹292 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი/მ ,,რ. ბ-ის” 2007 წლის 21 დეკემბრის საჩივარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 10 ნოემბრის ¹14/04-4811 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ი/მ ,,რ. ბ-სთან” დაკავშირებით გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაეკისრა ი/მ ,,რ. ბ-ისათვის” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დამატებით უნდა დაეკისროს ი/მ ,,რ. ბ-ისათვის” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ი/მ “რ. ბ-ს” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 800 ლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს კასატორის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის დაბრუნება.
ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს _ სსიპ შემოსავლების სამსახურს ი/მ “რ. ბ-ის” სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას, რომლის საფუძველზეც სსიპ შემოსავლების სამსახურს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული 500 ლარის გარდა ი/მ “რ. ბ-ის” სასარგებლოდ დამატებით დაეკისრება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი_300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურს ი/მ “რ. ბ-ის” სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით;
2. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.