ბს-101-101(კ-12) 13 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი/მ ,,ზ. ტ-ის” სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ი/მ ,,ზ. ტ-მ” სარჩელი აღძრა ადიგენის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ზედმეტად დარიცხული გადასახადების ჩამოწერა (იხ. ტ.1; ს.ფ. 6-10; 22-23).
2007 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ი/მ ,,ზ. ტ-ის” სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს (იხ. ტ.1; ს.ფ. 5).
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ი/მ “ზ. ტ-ზე” ხე-ტყის ღირებულების 2380 ლარის, ჯარიმის - 3000 ლარის, სოც. დაზღვევის გადასახადის - 262 ლარისა და საშემოსავლო გადასახადის - 330 ლარის დაკისრების ნაწილში მოპასუხის 2007 წლის 28 სექტემბრის რევიზიის აქტის ბათილად ცნობა (იხ. ტ.1; ს.ფ. 68).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით ი/მ ,,ზ. ტ-ის” სარჩელი მოპასუხე ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიმართ რევიზიის აქტის სალარო-საკონტროლო აპარატის არქონის გამო დაჯარიმებისა და დამალულ შემოსავლებზე დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის ნაწილში დატოვებული იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ. 81-82).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ი/მ ,,ზ. ტ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 28 სექტემბრის რევიზიის აქტი ი/მ ,,ზ. ტ-ზე” ხე-ტყის ღირებულების 2380 ლარის, ჯარიმის – 3000 ლარის, სოც. დაზღვევის გადასახადის – 262 ლარისა და საშემოსავლო გადასახადის – 330 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში (იხ. ტ.1; ს.ფ. 102-107).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 110-119).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ.2; ს.ფ. 49-54).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ,,ზ. ტ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 სექტემბრის რევიზიის აქტი ი/მ ,,ზ. ტ-ის” საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის III ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის – 2380 ლარის დარიცხვისა და წლიური საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში მთლიანად, ხოლო სარჩელი წლიური სოციალური გადასახადის დარიცხვის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი - 262 ლარის დარიცხვის ფარგლებში, რევიზიის აქტის საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლის III ნაწილით დარიცხული ჯარიმის ბათილად ცნობის ნაწილში ეთქვა უარი (იხ. ტ.2; ს.ფ. 95-102).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 106-114).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.2; ს.ფ. 129-139).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 145-153).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ.2; ს.ფ. 196-203).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ.3; ს.ფ. 12-19).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ ,,ზ. ტ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2007 წლის 12 ოქტომბრის №2412 ბრძანება სოციალურ გადასახადში ძირის - 421 ლარის, ჯარიმის - 105 ლარისა და საურავის - 146 ლარის დარიცხვის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადში ძირის - 189 ლარის, ჯარიმის - 47 ლარისა და საურავის - 69 ლარის დარიცხვის ნაწილში, ასევე 143-ე მუხლის მესამე ნაწილით ჯარიმის -2380 ლარისა და 133-ე მუხლის მესამე ნაწილით ჯარიმის - 3000 ლარის დარიცხვის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 16 ოქტომბრის №1827 საგადასახადო მოთხოვნა სოც. დაზღვევის გადასახადში ძირის 421 ლარის, ჯარიმის - 105 ლარისა და საურავის - 146 ლარის დარიცხვის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადში - ძირის 189 ლარის, ჯარიმის - 47 ლარისა და საურავის - 69 ლარის დარიცხვის ნაწილში, ასევე ჯარიმების - 5380 ლარის დარიცხვის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 17 ოქტომბრის №1828 საგადასახადო მოთხოვნა 7518 ლარის დარიცხვის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინდ. მეწარმე ,,ზ. ტ-ის” მიმართ (იხ. ტ.3; ს.ფ.53-63).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.3; ს.ფ. 68-78).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ტ.3; ს.ფ. 96-107).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.3; ს.ფ. 112-120).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.3; ს.ფ. 124-125).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.