საქმე ¹ბს-172-170(კ-12) 20 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო გ. დ-ას მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – გ. დ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 40046.33 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 12013.90 ლარისა და ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 4892.41 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 3-11).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – გ. დ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით _ 40046,33 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 12013,90 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზიანის სახით – 4892,41 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 40-50).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 55-64).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე (სამხედრო მოსამსახურის კვებზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ) უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. დ-ას საქართველოს თავადცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა კვებზე გაწეული ხარჯის – 50,50 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 83-88).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება ზიანის თანხიდან კვებზე დახარჯული თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 97-109).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 108-109).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული ცნობით დასტურდება, რომ გ. დ-ას ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 4389,91 ლარს, მათ შორის კვებაზე დახარჯული თანხა - 502,50 ლარს (იხ. ს.ფ. 22).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით გ. დ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა კვებზე გაწეული ხარჯის – 50,50 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 83-88).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილში მითითებული კვების კომპენსაცია – 50,50 ლარი, წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას, ვინაიდან, როგორც ცნობაში ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კვების კომპენსაციის თანხად მითითებულია 502,50 ლარი. აღანიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეუძლია მიმართოს სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, უსწორობის გასწორების Yთაობაზე, ხოლო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული ტექნიკური უსწორობა ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, სხვა კანონით გათვალისწინებულ წანამძღვრებზე მითითებას კი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე