Facebook Twitter

საქმე ¹ბს-1740-1709(2კ-11) 13 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. ჯ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქ რუსათვის მერიის მიმართ მესამე პირის - ლ. ჭ-ის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. ღ-მა სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს, ქ. რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარების ტრასპორტის განვითარების სამსახურისა და ლ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №338 ბრძანების მიშენების ლეგალიზების შესახებ, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის 2010 წლის 21 ოქტომბრის №639 დასკვნის ლეგალიზების თაობაზე ბათილად ცნობა (ი.ხ ს.ფ. 4-12; ტ.1).

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრასპორტის განვითარების სამსახურმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 46-62).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის საოქმო განჩინებით სათანადო მოსარჩელედ მიჩნეულ იქნა გ. ჯ-ი, ხოლო ლ. ჭ-ი საქმეში ჩაება მესამე პირად (იხ. ტ.1; ს.ფ. 84-86).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარების და ტრანსპორტის განვითარების სამსახური შეიცვალა სთანადო მოპასუხით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიით (იხ. ს.ფ. ტ.1; ს.ფ. 115).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 130-136).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება (იხ. ტ.1; ს.ფ. 144-152).

მესამე პირმა – ლ. ჭ-მა სააპელაციო შესაგებლით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ტ.2; ს.ფ. 29-35).

სააპელაციო საჩივარი არ ცნეს არც თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულომ და თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიამ (იხ. ტ.1; ს.ფ. 41-48; 51-57).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №338 ბრძანება და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ჭ-ის მიმართ, ხოლო სარჩელი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის 2010 წლის 21 ოქტომბრის № 639 დასკვნის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 83-92).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჭ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 101-109).

თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულომ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტება (იხ. ტ.2; ს.ფ. 110-111).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2; ს.ფ.113-116).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 124-131; 149-157; 171-179).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2; ს.ფ. 180-181).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ტ.2; ს.ფ. 189-191).

გ. ჯ-მა მოსაზრებით მოითხოვა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 204-205).

თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 207-212).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე