ბს-83-83(კს-12) 12 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ო-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიამ მოპასუხის - გ. ო-ის მიმართ და მოითხოვა გ. ო-ს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაკისრებოდა პირგასამტეხლოს თანხის - 617 685,25 ლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ. ო-ს გადაეცა ქ. თბილისში, გ-ის რაიონის I მკ/რ და მ-ის I მკ/რ შორის მდებარე 10 000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, ნასყიდობის ფასი 300 000 აშშ დოლარი. გ. ო-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის გადახდა დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა და შესაბამისად, მას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. ო-ს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს თანხის - 617 685,25 ლარის გადახდა; მოპასუხეს აგრეთვე დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის სახით 3000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-მ, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო პალატამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით (ს.ფ. 92), ¹3/1305-11 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა გ. ო-ის ძმამ - მ. ო-მ 2011 წლის 11 ნომბერს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი გ. ო-ის მიერ წარდგენილ იქნა 2011 წლის 28 ნოემბერს (ს.ფ. 93-101).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს ჩაჰბარდა 2011 წლის 11 ნომბერს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2011 წლის 12 ნოემბერს, რომელიც დასრულდა ამავე წლის 25 ნოემბერს 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2011 წლის 28 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენილს კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგარძელება (აღდგენა) არ შეიძლება. ამდენად, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ო-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის ძმას ჩაჰბარდა არა 2011 წლის 11 ნოემბერს, არამედ ამავე წლის 13 ნოემბერს. შესაბამისად, მას არ გაუშვია გასაჩივრების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ო-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელის და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადაგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2011 წლის 8 ნოემბერს გაეგზავნა გ. ო-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე, კერძოდ - ქ. თბილისი თ-ის ... ბინა 61 და 2011 წლის 11 ნოემბერს ჩაჰბარდა ადრესატის ძმას _ მ. ო-ს (იხ. ტომი ს.ფ 90, 92). გ. ო-ის მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2011 წლის 28 ნოემბერს (იხ.ს.ფ. 93)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულია ადრესატის არყოფნის შემთხვევაში შეტყობინების ჩაბარების წესი. დასახლებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ... უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი და აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა მ. ო-ს, 2011 წლის 11 ნოემბერს, რაც დადასტურებულია გზავნილის მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით. ამასთან მითითებულია მისი დამოკიდებულება ადრესატთან, კერძოდ აღნიშნულია, რომ მ. ო-ე არის გ. ო-ის ძმა (იხ. ტომი 92).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის ძმას ჩაჰბარდა არა 2011 წლის 11 ნოემბერს, არამედ ამავე წლის 13 ნოემბერს, რამდენადაც აღნიშნული გარემოება მხარის მიერ ვერ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების ჩაბარება მ. ო-ისათვის ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება თავად მხარისათვის _ გ. ო-ისათვის, შესაბამისად აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად ამოიწურა 2011 წლის 25 ნოემბერს, ოცდაოთხ საათზე. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ გ. ო-მ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2011 წლის 28 ნოემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 14-დღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა /სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი/, თუმცა კანონისმიერი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში გ. ო-ის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქალაქო სასამართლოს მიერ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ო-მ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 369-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.