Facebook Twitter

ბს-87-87(კს-12) 12 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გორის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა რ. კ-მა მოპასუხეების - ქ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ლ. მ-ის მიმართ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. გორში, ...ი ¹15-52-ში მდებარე ოროთახიან ბინაზე სარგებლობის უფლების აღდგენა. მხარემ მიუთითა, რომ ქ. გორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით გორის საბინაო-საექსპლოატაციო უბნის სარჩელი მოპასუხე რ. კ-ის მიმართ, ფართზე უფლებადაკარგულ პირად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე რ. კ-ი ცნობილ იქნა უფლებადაკარგულ პირად ქ. გორში ...ი ¹15-52-ში მდებარე ბინის ფართზე, ხოლო სარჩელი - ლ. მ-ის მიმართ, მისი ბინიდან გამოსახლების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო. ასევე, სააპელაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში მას მონაწილეობა არ მიუღია და არ ჩაუბარებია გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველა, რაც სააპელაციო პალატამ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილება ძალაში შედიოდა საკასაციო ვადის გასვლის შემდეგ, თუ იგი არ იყო გასაჩივრებული. ამავე კოდექსის 293-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელი იყო 14 დღის განმავლობაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით მიღების დღიდან. ამავე კოდექსის 210-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის შემდეგ, სასამართლო ბრუნდებოდა სხდომის დარბაზში და აცხადებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, იგი მიღებული იყო 1992 წლის 14 სექტემბერს, რაც ადასტურებდა, რომ იგი იმავე დღეს გამოცხადდა იმ სახით, როგორადაც საქმეშია წარმოდგენილი. რ. კ-ის მიერ კი ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა 19 წლის შემდეგ. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატამ დადაგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელზეც შეტანილია რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ქ. გორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2011 წლის 5 ოქტომბერს, მანამდე კი არანაირი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნდა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გათვალისწინებით, მის მიერ სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდა კანონით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რ. კ-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.

საქმის მასალების მიხედვით, გორის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით გორის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის სარჩელი, მოპასუხე _ რ. კ-ის მიმართ, ფართზე უფლება დაკარგულ პირად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე _ რ. გ-ის ძე კ-ი ცნობილ იქნა უფლება დაკარგულ პირად, ქ. გორში, ...ი ¹15-52-ში მდებარე ბინის ფართზე, ხოლო სარჩელი ლ. მ-ის მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეოვნული სააგენტოს 2011 წლის 3 ნოემბრის წერილის მიხედვით, ქ. გორში, ...ი ¹15ბ/52-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, საკადასტრო კოდით ¹... ფართობით 54,60 კვ.მ, 2005 წლის 7 სექტემბერს დარეგისტრირდა ლ. მ-ის საკუთრების უფლება; 2005 წლის 23 სექტემბერს დარეგისტრირდა რ. ა-ის საკუთრების უფლება; დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია ქ. მ-ის საკუთრების უფლება (საფუძველი: 2006 წლის 6 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებ, რ. ¹ა1-1203)

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 20011 წლის 14 ნოემბერს გაცემული ¹1892 წერილით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ 1992 წელს განხილულია საქმოქალაქო საქმე სადაც მოსარჩელეა გორის ¹3 საბინაო-საექსპლუატაციო უბანი, მოპასუხე _ რ. კ-ი, დამუშავებულია, დარჩენილია მხოლოდ გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილება ძალაში შედიოდა საკასაციო ვადის გასვლის შემდეგ, თუ იგი არ იყო გასაჩივრებული. ამავე კოდექსის 293-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია 14 დღის განმავლობაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით მიღების დღიდან. ამავე კოდექსის 210-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის შემდეგ, სასამართლო ბრუნდება სხდომის დარბაზში და აცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება, იგი მიღებული იყო 1992 წლის 14 სექტემბერს, რაც ადასტურებს, რომ იგი იმავე დღეს გამოცხადდა იმ სახით, როგორადაც საქმეშია წარმოდგენილი. რ. კ-ის მიერ კი ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა 19 წლის შემდეგ. საქმის მასალების მიხედვით, უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომელზეც შეტანილია რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 390-ე, 414-419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.