უსწორობის გასწორების შესახებ
ბს-93-93(კს-12) 31 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლების საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანის საკითხი.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინება; საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განჩინების აღსრულების მიზნით, 2012 წლის 10 მაისს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
2012 წლის 18 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საკასაციო სასამართლოს კრედიტორის დასახელების სრულყოფის მიზნით დაუბრუნდა 2012 წლის 10 მაისის სააღსრულებო ფურცლის დედანი შეუსრულებელი სახით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის სააღსრულებო ფურცელში სსსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ინიციატივით შეტანილ უნდა იქნეს შესწორება და კრედიტორის რეკვიზიტებში დამატებით მიეთითოს – სახელმწიფო ბიუჯეტი შემდეგ გარემოებათა გამო:
«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის 21.3 მუხლი განსაზღვრავს სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტებს. მითითებული ნორმის «ვ» ქვეპუნქტი სავალდებულო მოთხოვნად ადგენს სააღსრულებო ფურცელში კრედიტორისა და მოვალის დასახელებისა და მათი რეკვიზიტების მითითებას.
კერძო საჩივარზე სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განჩინების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2012 წლის 10 მაისს, რომელშიც მიეთითა ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ხოლო კრედიტორის დასახელებასა და რეკვიზიტებში მიეთითა: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში: ს.ს. ბანკი ,,…» ბანკის BIჩ კოდი: …, მიმღების IBAN ანგარიშის ¹...; სასამართლო ხარჯები _ 50 (ორმოცდაათი) ლარი და არ იყო განსაზღვრული კრედიტორი – სახელმწიფო ბიუჯეტი, რის გამოც სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა საკასაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააღსრულებო ფურცლის კრედიტორის დასახელების სისრულეში მოყვანის მიზნით, სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ შესწორებას და სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის რეკვიზიტში მისი დასახელების სრულყოფის მიზნით დამატებით უნდა მიეთითოს - სახელმწიფო ბიუჯეტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის სააღსრულებო ფურცელში შეტანილ იქნეს შესწორება და კრედიტორად დამატებით მიეთითოს – სახელმწიფო ბიუჯეტი;
2. გაიცეს სააღსრულებო ფურცელი შესწორებული სახით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.