ბ-138-1(ა-12) 13 მარტი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) _ ა. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ღ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე ექვსი თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. ა. ღ-მა ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში სს ,,...ის” მესამე პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება 2008 წლის 7 აპრილის სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება სს ,,...ის” საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2008 წლის 18 აპრილის განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
2009 წლის 16 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 8 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება სხდომის ოქმზე შენიშვნების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 20 მაისს ა. ღ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილისა და 2009 წლის 13 მაისის განჩინებები და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად (არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის განჩინებებით განსაზღვრული ხარვეზი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნეს განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მისი განცხადების არსებითად განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინება.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ. II; ს.ფ. 137-139).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებული იქნა ხარვეზზე. იმ მოტივით, რომ განცხადება არ პასუხობდა სსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს და სსკ-ის 39.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც ა. ღ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სსკ-ის 427.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი განცხადება და სახელმწიფო ბაჟის – 100 (ასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება დედნის სახით (იხ. ტ. II; ს.ფ. 142).
2011 წლის 7 ივლისს ა. ღ-მა ხარვეზის შევსების ვადაში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც განცხადების საფუძვლების გამოკვლევის მიზნით საქმის არსებითი განხილვის თარიღის დანიშვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლეილა მამულაშვილის აცილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ლეილა მამულაშვილის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. II; ს.ფ. 150-153).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ტ. II; ს.ფ. 154-157).
აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებების გაუქმება და მისი 2011 წლის 30 მაისის განცხადების დასაშვებად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.
2012 წლის 23 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სს ,,...იდან” მისი სამსახურიდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება რომ ყოფილიყო საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ ფაქტობრივად საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, თუ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის უცნობი რაიმე გარემოება, ან მტკიცებულება, რომლებიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ა. ღ-ი ამგვარ ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებს და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს ,,...იდან” მისი სამსახურიდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის ა. ღ-ის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინების კანონიერება, რომლითაც ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით საკასაციო სასამართლო არ სწავლობს საქმეს არსებითად, ა. ღ-ის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა საკასაციო სასამართლოში განხილულ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რაც სსსკ-ის 423-ე მუხლის შესაბამისად, შექმნიდა კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების პროცესუალურ წინაპირობას, რის გამოც არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.