Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3ა/ად-52-კ 7 ივნისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. კლარჯეიშვილი

მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენლის შ. ნ-ის მონაწილეობით,

განიხილა შპს „ი-ის“ დირექტორის თ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო პალატამ, მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ვაჩაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციას შპს „ი-ის“ სასარგებლოდ 843 950 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო კოლეგიის 1997 წლის 5 ნოემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 5 ივნისის დადგენილებებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 ივნისის განჩინებით დადგენილ იქნა, რომ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ 843 950 ლარის გადახდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო დეპარტამენტის მეშვეობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გ. ლ-ის განკარგულებით 1998 წლის 10 ივლისიდან 1999 წლის 13 მაისამდე გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულ იქნა.

1999 წლის 27 მაისს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ი. მ-ეს, რომელმაც 1999 წლის 2 ივნისს 843 950 ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის ანგარიშიდან ჩაურიცხა შპს „ი-ს“.

1999 წლის 26 ივლისს შპს „ი-ის“ დირექტორმა თ. ჟ-მა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს და თანხის დაგვიანებით გადახდისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისაგან 199 931 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ლარებში გადახდა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მყარ ვალუტასთან, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით, შპს „ი-მა“ კუთვნილი თანხის დაგვიანებით გადახდის გამო, 199 931 აშშ დოლარი დაკარგა.

მოსარჩელემ – შპს „ი-მა“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისაგან აღნიშნული თანხის გადახდა მოითხოვა.

მოპასუხემ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თახის გასაცემად მას 1998 წლის 10 ივლისიდან 1999 წლის 13 მაისამდე არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი (ვალდებულება), რადგან ამ პერიოდში აღსრულება შეჩერებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. მოპასუხის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა ინდექსაციასთან დაკავშირებით არასწორია, რადგან მოცემული დავა წარმოშობილია საგადასახადო ურთიერთობის სფეროში, რომელსაც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი „გადასახადი გამოიანგარიშება ფულად გამოხატულებაში და გადაიხდევინება ლარებში“. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, განჩინებასა და დადგენილებაში არსად არ არის მითითებული ინდექსაციასთან დაკავშირებით და ფიგურირებს მხოლოდ 843 950 ლარი, რომელიც უკვე გადახდილია.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ი-ის“ სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ 1999 931 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ლარებში გადახდა დაეკისრა.

ამასთან, შპს „ი-ის“ შუამდგომლობისა და „ა-ს“ საგარანტიო წერილის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნა მიქცეული აღსასრულებლად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გააუქმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება და მოსარჩელეს – შპს „ი-ს“ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

შპს „ი-ის“ დირექტორმა თ. ჟ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართოლს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისა და თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან თუ შეიცვალა ეროვნული ვალუტა. ფულის ერთეული საქართველოში 1998-1999 წლებში არ შეცვლილა, ერთი ლარი შეადგენდა და შეადგენს 100 თეთრს. ასევე, არ შეცვლილა ეროვნული ვალუტა, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ¹363-ე ბრძანებულების შესაბამისად, ერთადერთ საგადასახადო საშუალებად საქართველოში ითვლებოდა და ითვლება ლარი. ამასთან, ფულადი ვალდებულებების გადახდაც ხდება ლარებში. ის, რომ აშშ დოლარი, ან რომელიმე სხვა უცხო ქვეყნის ვალუტა ეროვნული ვალუტის _ ლარის მიმართ წარმოადგენს ფულადი ვალდებულებების შესრულების ორიენტირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის.

საკასაციო პალატა, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ, როგორც საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციას შპს «ი-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 843 950 ლარის გადახდა. ამ დადგენილებებში ეროვნული ვალუტის აშშ დოლარის კურსთან მიმართებაზე და ამ წესით ვალდებულების შესრულებაზე არაფერია ნათქვამი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის _ შპს «ი-ის» მოსაზრებას, რომ გადახდის ვალდებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის მიერ არ შესრულდა და თვლის, რომ, ჯერ ერთი, გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას დროულად შეესრულებინა ვალდებულება, მეორეც, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტზე ისე მოხდა ვალის დაკისრება, რომ ეს უკანასკნელი არც საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო და არც საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას მხარედ ან მესამე პირად არ მონაწილეობდა და არა თუ ვერ შეძლო ედავა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერებაზე, არამედ, დროულად ვერც შეიტყო გადახდის ვალდებულების შესახებ.

«ამდენად, საკასაციო პალატის აზრით შპს «ი-ის» საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ი-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ძალაში დარჩეს თბილისის საოქლო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს შპს «ი-ისაგან», «ა-ის» მეშვეობით, დაუბრუნდეს მის მიერ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე, დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგად გადახდილი 199 931 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.