Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹03გ/ად42-კ 14 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ბ. მეტრეველი, ნ. სხირტლაძე

განიხილა მოქ. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 18 ნოემბრის ¹03ა/52 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფიზიკურ პირს ი. მ-ს მთლიანად ეთქვა უარი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოპასუხე ორგანიზაციის თბილისის მერიის, მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ი. გ-ის და მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ი. ჩ-ის მიმართ. კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 13 ნოემბრის ¹22.22.1233 დადგენილების «ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95 წ. ¹11.50.453 დადგენილებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ» ბათილად ცნობაზე, უარი ეთქვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 8 ივნისის ¹ 11.50.453 დადგენილების «მებაღეობის ამხანაგობა» «შ-ის» წევრებისათვის საირმის გორაზე კანონიერად დაკავებული ტერიტორიის ინდივიდუ-ალურ ბინათმშენებელობისათვის დამაგრების შესახებ» ბათილად ცნობაზე, ასევე უარი ეთქვა ი. მ-ს საქართველოს ყოფილი სსრ მინისტრთა საბჭოს 1949 წლის 26 მარტის ¹290 დადგენილებას «მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური და ინდივიდუალური მებოსტნეობისა და მებაღეობის შესახებ» საფუძველზე გამოყოფილი საბაღე ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი. მ-ს, არც სამოქალაქო სამართლის ადრე მოქმედი კოდექსით, არც საქართველოს 1993 წლის 15 ივლისის კანონის საკუთრების უფლების შესახებ, არც ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის, არც მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდებით არ მოუპოვებია კანონიერი საფუძველი თბილისში, ......-ზე ამხანაგობა «შ-ის» ¹9 მიწის ნაკვეთზე, მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76 წლის ¹21.14.647 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა ......-ზე ინდივიდუალური და კოლექტიური მებაღეობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა. შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება საქართველოს 28.10.98 წლის კანონის, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» მოქმედება.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო საჩივარში კასატორი სადაოდ ხდის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მიუთითებს, რომ საქმეში არ არის შემდეგი დოკუმენტები: 1. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; 2. ცნობა მისი იჯარის წევრების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე; 3. ცნობა მისი საბაღე ამხანაგობა «შ-ის» წევრობის შესახებ.

კასატორი ასევე მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის ¹166 ბრძანებულების კანონიერების დამტკიცებას და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულებით იგი ცნობილი უნდა იქნას ......-ზე მდებარე, ყოფილი მებაღეთა ამხანაგობა «შრომის» ¹9 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. შესაბამისად არამართლზომიერად მიაჩნია თბილისის მუნიციპალიტეტის 08.06.1995 წლის ¹11.50.253 დადგენილება, რომლითაც სადაო მიწის ნაკვეთი გამოეყო ი. ჩ-ს.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი და მივიდა დასკვნამდის, რომ ი. მ-ს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგიამ დამტკიცებულად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სადაო მიწის ნაკვეთი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 07.04.1950 წლის ¹1984 გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური მებაღეობისათვის უვადო სარგებლობაში გამოეყო კასატორის ი. მ-ის მამას ნ. მ-ს. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი იყო მებაღეობა-მევენახეობის ამხანაგობა «შ-ა». თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.1976 წლის ¹21.14.647 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 07.04.1950 წლის გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლითაც მოხდა მიწის ნაკვეთების გამოყოფა და შესაბამისად მებაღეობა-მევენეხაობის ამხანაგობა «შ-ამ» შეწყვიტა არსებობა. ნ. მ-ი 1976 წლიდან აღარ ფლობდა და სარგებლოდა სადაო მიწის ნაკვეთით. ნ. მ-ი და მისი მეუღლე 1975 წლიდან სარგებლობდნენ საბაღე ნაკვეთით ..... ტბაზე, ხოლო ......-ზე ნ. მ-ის ყოფილ ნაკვეთს კანონიერი (ანუ ლეგალური) საფუძვლის გარეშე 1977 წლიდან დაეპატრონა ი. მ-ი (რასაც ადასტურებს თვით ი. მ-ი). ამ პერიოდში, ანუ 1977 წლიდან 1980 წლამდე, ამხანაგობა «შ-ა» აღარ ფუნქციონირებდა. 1980 წელს კომუნალური მეურნეობისა და ქალაქის საბჭოს აღმასკომის მუშაკები გაერთიანდნენ მებაღეობის ამხანაგობა «შ-ში», რომელიც 1992 წელს შევიდა მებაღეობის რესპუბლიკურ გაერთიანებაში იურიდიული პირის სტატუსით. მებაღეობას ამხანაგობა «შ-ის» წევრთა საერთო კრებამ 23.05.93 წ. ნ. მ-ი (კასატორის მამა) გარიცხა თავისი რიგებიდან. 30.05.1993 წელს მებაღეთა რესპუბლიკურმა გაერთიანებამ თავის გადაწყვეტილებით დაამტკიცა თბილისში ......-ზე მებაღეობის ამხანაგობა «შ-ის» წევრთა 23.05.1993 წლის ოქმი ¹10, რომელიც ითვალისწინებდა მებაღეობის წევრის ნ. მ-ის გარიცხვას.

ნ. მ-ს არ გაუსაჩივრებია სასამართლო ორგანოებში მებაღეობის ამხანაგობა «შ-ის» ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება თავისი რიგებიდან მისი გარიცხვის შესახებ. 23.12.1994 წელს ნ. მ-ი გარდაიცვალა.

19.09.1993 წელს ამხანაგობა «შ-ას» წევრთა საერთო კრებამ რიგ ფიზიკურ პირებთან ერთად თავის რიგებში მიიღო ი. ჩ-ი და მას დაუმაგრა ნ. მ-ის ყოფილი ნაკვეთი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.1995 წლის ¹112.50.453 დადგენილებით «მებაღეობას ამხანაგობა «შ-ის» წევრთათვის ......-ზე კანონიერად დაკავებული ტერიტორიის ინდივიდუალური ბინათმშენებ-ლობისათვის დამაგრების შესახებ» მებაღეობის ამხანაგობა «შ-ის» წევრებს თანდართული სიის მიხედვით დაუმაგრდათ.

ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთები. თანდართულ სიაში მითითებულია ი. გ-ს ასული ჩ-ი.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ არც სამოქალაქო სამართლის ადრე მოქმედი კოდექსით, არც საქართველოს 1993 წლის 15 ივლისის კანონით «საკუთრების უფლების შესახებ», არც დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, არც მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდებით ი. მ-ს არ მოუპოვებია კანონიერი საფუძველი თბილისში .....-ზე მდებარე სადაო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობისა, მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76 წლის ¹21.14.647 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა .....-ზე მიწის ნაკვეთების გამოყოფა. ვინაიდან ი. მ-ი არასოდეს არ ფლობდა კანონიერად სადაო მიწის ნაკვეთს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მასზე ვერ გავრცელდება საქართველოს 28.10.1998 წლის კანონის «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» მოქმედება.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ვინაიდან ნ. მ-ს დატოვებული ჰქონდა ანდერძი, რომელშიც კასატორი ი. მ-ი არ მოიხსენიება, ი. მ-ს არ ჰქონდა მებაღეობის ამხანაობაში, უპირატესი გაწევრიანების უფლება მამის გარდაცვალების შემდეგ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა ჩაითვალოს, რომ კასატორი ი. მ-ი 1977 წლიდან 1992 წლამდე და დღემდე კანონიერად არ ფლობდა სადაო მიწის ნაკვეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის ¹166 ბრძანებულების თანახმად იგი ცნობილი უნდა იქნას სადაო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, ვინაიდან აღნიშნულ ბრძანებულებაში საუბარია 1992 წლამდე მოქალაქეთა ოჯახების კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად მიჩნევაზე, რაც გათვალისწინებული იყო იმ დროისათვის საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში «სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ».

სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. მ-ის მეუღლე 1975 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა საბაღე მიწის ნაკვეთს ..... ტბის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 14. 11.86 წ. ¹709 დადგენილებით დამტკიცებული მებაღეობის ამხანაობის ტიპობრივი წესდების მეორე კარის მე-15 მუხლით დადგენილ იყო, რომ მებაღეობის წევრებად არ შეიძლება ყოფილიყვნენ მიღებული მოქალაქენი, თუ მათ ან მათთან ერთად მცხოვრები და საერთო მეურნეობის მქონე მათი ოჯახის წევრები არიან მებაღეობის ამხანაგობის წევრები.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქმეში არ არის რამდენიმე დოკუმენტი. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან და ცნობას ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანის შესახებ საქმესთან კავშირი არა აქვს, ამასთან, თუ კასატორი საჭიროდ თვლიდა ამ დოკუმენტების წარდგენას, უფლება ჰქონდა თავად წარედგინა ისინი საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას. რაც შეეხება ცნობას ი. მ-ის მებაღეობის წევრობის შესახებ 1950 წლიდან, 1991 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ი. მ-ის მებაღეობის ამხანაგობა «შ-ის» წევრობის დამადასტურებელ საბუთად, ვინაიდან თვითონ ი. მ-მა 19.05.1995 წელს მიმართა სასამართლოს და ითხოვა სადაო მიწის ნაკვეთზე უპირატესი უფლების მქონე პირად ცნობა. თუ ი. მ-ი (როგორE წარმოდგენილ ცნობაშია მითითებული) უკვე იყო მებაღეობის ამხანაგობის წევრი და შესაბამისად ცნობაში მითითებული ¹9 სადაო მიწის ნაკვეთი მასზე და მის ოჯახზე იყო გამოყოფილი, იმავე ნაკვეთზე უპირატესი უფლების მქონე პირად ცნობის მოთხოვნა ალოგიკურია. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარეთა მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელშიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის, ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. აღნიშნული ცნობა ი. მ-ის მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას წარდგენილ არ ყოფილა და ბუნებრივია საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში ასახული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მას მტკიცებულებად ვერ მიიღებს და მასზე ვერ იმსჯელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ი. მ-ის მოთხოვნა სადაო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა, აქედან გამომდინარე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გასაჩივრებული დადგენილებებით არ შელახულა მისი კანონიერი ინტერესები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერი დარღვევით მიღებულად ცნობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლები.

ამდენად, სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე და 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 18 ნოემბრის ¹03ა/52 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.