Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/-ად-1კ.ს. 25 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2000 წლის 25 თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს., ნ., ო. და მ. ა-ეების კერძო საჩივარი შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. კლარჯეიშვილი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე ¹2/870, მოსამართლე თ. ა-ე) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ა-ისა და მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობების გაცემისა და ქ. თბილისში, ....... ქ. ¹6-ში რეგისტრაციის შესახებ და მოპასუხეს, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის შსს საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსს დაევალა თ. ა-ისა და მ. ც-ის რეგისტრაციაში გატარება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ..... ქ. ¹6, ასევე, მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და უცხოეთის პასპორტების გაცემა. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე და საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად მათ ჰქონდათ „საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება კანონიერი გზით».

მესამე პირებმა, მოპასუხის მხარეზე: ს., ნ., ო. და მ. ა-ებმა სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ ქ. თბილისში, ....... ქ. ¹6-ში მდებარე სახლი მათი საკუთრებაა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა), არავის არა აქვს უფლება, გაიაროს რეგისტრაცია მესაკუთრის, ამ შემთხვევაში, მათი თანხმობის გარეშე. სასამართლომ, ასევე, დაარღვია მათი საპროცესო უფლებები: სათანადო წესით არ გააფრთხილა პროცესის ჩატარების დროის შესახებ, რის გამოც ვერ მიიღეს მონაწილეობა საქმის განხილვაში.

მოწინააღმდეგე მხარემ, თ. ა-ემ და მ. ც-მა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინეს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის შსს საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების მიერ მათზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, ასევე რეგისტრაციის მოწმობები შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ..... ქ. ¹6 და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინებით (თავმჯდომარე ბ. მ-ი, მოსამართლეები: ნ. წ-ე და ა. ჭ-ი) შეაჩერა თ. ა-ისა და მ. ც-ის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების გაცემისა და რეგისტრაციის შესახებ ¹2/870 საქმის წარმოება, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ს., ნ., ო. და მ. ა-ების მიმართ საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ თ. ა-ისა და მ. ც-ის სარჩელის საბოლოო განხილვამდე. ამასთან, მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹6-ში მდებარე სადაო საცხოვრებელ სახლში თ. ა-ისა და მ. ც-ის რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ სადაო სახლში მათთვის ბინის ფართის გამოყოფასთან და ამ დავის გადაწყვეტის გარეშე რეგისტრაციის საკითხის ობიექტური გადაწყვეტა შეუძლებელია.

აღნიშნულ განჩინებაზე აპელანტების: ს., ნ., ო. და მ. ა-ების მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, შეტანილ იქნა კერძო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ შეაჩერა რა თ. ა-ისა და მ. ც-ის პირადობის მოწმობების გაცემისა და რეგისტრაციის შესახებ ¹2/870 საქმის წარმოება, ღიად დატოვა სააპელაციო საჩივარში აპელანტთა მიერ დაყენებული მოთხოვნა _ გაეუქმებინა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინებით ფაქტიურად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, ისე რეგისტრაციის შესახებ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად ძალაში დატოვა თ. ა-ესა და მ. ც-ზე უკანონოდ გაცემული რეგისტრაციის მოწმობები, რადგან არEშეაჩერა მათი მოქმედება და არცE ჩამოართვა ისინი.

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივრის მოტივებს, აგრეთვე საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ ს., ნ., ო. და მ. ა-ების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად თ. ა-ესა და მ. ც-ს, აქვთ „საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება კანონიერი გზით». ისინი თვლიდნენ, რომ მოპასუხეთა სახლში ცხოვრობენ კანონიერად და მოპოვებული აქვთ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის უფლება, მოპაუხეები კი, პირიქით, თვლიან, რომ თ. ა-ე და მ. ც-ი უკანონოდ მიიჩნევენ თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად სახლს, რომელიც მათი საკუთრებაა და შესაბამისად, უკანონოდ ითხოვენ თბილისში, ..... ქ. ¹6-ში მდებარე სახლში ოფიციალურ რეგისტრაციას. დადგენილია და მოპასუხეებიEადასტურებენ, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში წარმოებაშია და იხილება საქმე თ. ა-ის და მ. ც-ის სარჩელისა გამო ს. ა-ის, ნ. ა-ის, ო. ა-ის და მ. ა-ის მიმართ, თბილისში, ...... ქ. ¹6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ. ამრიგად, სამოქალაქო წესით უნდა გადაწყდეს საკითხი კანონიერად აქვთ თუ არა მოსარჩელეებს არჩეული საცხოვრებელი ადგილი. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სამოქალაქო წესით დავის გადაწყვეტამდე შეუძლებელია სადავო ბინის მისამართზე მოსარჩელეთა რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა, ეს გარემოება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ» პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების უდაო საფუძველია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის განჩინებით ფაქტიურად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება, საქმის წარმოება განახლდება და საქმის განხილვა-გადაწყვეტა მოხდება საერთო წესით.

ამრიგად, სააპელაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევია, მან სწორად გამოიყენა კანონი, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

3. უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. განჩინება დადგენილი წესით გადაეცეთ მხარეებს.