გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-2-კს 31 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა საქართველოს ....... პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ი. წ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენების, კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლა-შემოწმების შედეგად გამოარკვია:
1999 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელემ _ საქართველოს ..... პარტიამ მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მე-3 პირის მოპასუხის მხარეზე _ საქართველოს ერთიანი ...... პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმართ აღძრა სარჩელი, რომლითაცE სხვა საფუძვლებთან ერთად, საქართველოს ერთიანი ....... პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა შემდეგი მოტივებით:
ე. წ. «ერთიანი ....... პარტია» შექმნილია უკანონოდ. ძალადობითა და ტერორით; წარმოადგენს ტერორიზმის ორგანიზატორთა ბუდეს, რეაქციული პოლიტიკური ორგანიზაციის «კპკ სკკპ-ს» შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს, რაც ეწინააღმდეგება «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლს, რომლის მიხედვითაც: «საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია სხვა სახელმწიფოთა პოლიტიკური გაერთიანებების, მათი ქვედანაყოფებისა და ორგანიზაციების შექმნა-ფუნქციონირება». ამასთან, «კპკ სკკპ» თავისი პროგრამითა და მიზნებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სახელმწიფო სუვერენიტეტს. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ერთიანი ...... პარტიის მიერ უკანონოდ მითვისებული გაზეთ «......-ისა» და 1600 კგ ქაღალდის დაბრუნებას (ს. ფ. 2-7).
მოპასუხემ _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მესამე პირმა მოპასუხის მხარეზე _ საქართველოს ერთიანმა ...... პარტიამ _ სარჩელი არ ცნო. მესამე პირმა მოსამზადებელ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოში გადაცემისა და საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს. ფ. 207-208).
საოლქო სასამართლოს კოლეგია სარჩელისა და საქმის მასალების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელში ფაქტობრივად დასმული იყო მესამე პირის _ საქართველოს ერთიანი ...... პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი, რომლის განხილვაც «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» კანონის მე-19 მუხლის «გ» პუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლების მიხედვით, განსახილველად ექვემდებარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
კოლეგიამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა» პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება შეწყვიტა. ამასთან განუმარტა მოსარჩელეს, რომ 1600 კგ გაზეთის ქაღალდისა და გაზეთ «.....-ის» დაბრუნების თაობაზე სარჩელი უნდა აღეძრა რაიონულ სასამართლოში (ს.ფ. 209-210).
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმებას სხვა საფუძვლებთან ერთად ითხოვს იმ მოტივით, რომ განჩინება მიღებულია 1999 წლის 22 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელზეც იგი მოწვეული არ ყოფილა (ს. ფ. 215).
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ განიხილა კერძო საჩივარი, მაგრამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თავისი განჩინება 2000 წლის 21 იანვარს დატოვა ძალაში და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლა-შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ ჩათვალა, რომ სარჩელი განსახილველად ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, შეწყვიტა საქმის წარმოება. ამ მუხლის მიხედვით სასამართლოს, როგორც მხარეთა განცხადებით, ასევე თავისი ინიციატივითაც შეეძლო შეეწყვიტა საქმის წარმოება, მაგრამ კოლეგიამ სასამართლო განხილვისათვის საქმის უკეთესად მომზადების მიზნით, 205-ე მუხლის შესაბამისად, მოიწვია მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც მიიღო გასაჩივრებული განჩინება და სადაც, მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს ...... პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ი. წ-ი არ მიუწვევიათ. საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლომ დეპეშით აცნობა მოსარჩელეს მოსამზადებელი სხდომის ჩატარების დრო (ს.ფ. 203), მაგრამ ფოსტის შეტყობინებით ირკვევა, რომ დეპეშა მოსარჩელე ი. წ-ს არ ჩაბარებია მისამართის არასწორად მითითების გამო (ს. ფ. 201).
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლო კოლეგია არ იყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა მოსამზადებელი სხდომა, არამედ მას უნდა გადაედო იგი და მოსარჩელე გამოეძახებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი წესით, ვინაიდან გამოუძახებელი მხარის გარეშე სხდომის ჩატარება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის უხეშ დარღვევას, რომლის მიხედვითაც: «მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები».
მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს თავისი ინიციატივითაE შეეძლო საქმის წარმოების შეწყვეტა, მაგრამ რადგან საჭიროდ ჩათვალა მოსამზადებელი სხდომის ჩატარება, კოლეგიას უნდა უზრუნველეყო სასამართლო უწყების მხარეთათვის სათანადო წესით ჩაბარება და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, მოსარჩელისათვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭება თავისი მოთხოვნების დასასაბუთებლად.
საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ შეჯიბრებითობის პრინციპის დაუცველობით, ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარეთა თანაბარი საპროცესო უფლებები, რომელიც მხარეთა კონსტიტუციური უფლებაა და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპით. სწორედ ამიტომ, მხარის გამოუძახებლად საქმის გადაწყვეტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, საპროცესო სამართლის ნორმების არაარსებითი დარღვევა კი არ არის, რომელიც მხოლოდ მაშინ გახდებოდა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, არამედ კანონმდებლის აზრითაც და 394-ე მუხლის «ბ» პუნქტის მიხედვით ისეთი დარღვევაა, რომელიც ყოველთვის იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას თუნდაEარსებითად საქმე სწორად იყოს გადაწყვეტილი, რასაც ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მულის I ნაწილის «ბ» პუნქტიც, რომლის თანახმადაც უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაE კი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სწორედ ამ საფუძვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს კერძო საჩივრის მოთხოვნას, აუქმებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საოლქო სასამართლოს განჩინებებს და საქმეს არსებითად განსახილველად უბრუნებს თბილისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილითა და მე-7 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ....... პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ი. წ-ის კერძო საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 22 დეკემბრისა და 2000 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. განჩინება დადგენილი წესით დაეგზავნოთ მხარეებს.