Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹3გ-/ად-3-კ 10 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. სხირტლაძე

განიხილა თ. რ-ისა და ი. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო პალატამ მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ვაჩაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თ. რ-მა და ი. ი-ემ 1999 წლის 2 აგვისტოს სარჩელი აღძრეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის, მესამე პირების, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მ. და დ. რ-ების მიმართ და მოითხოვეს მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.41.141 დადგენილების მეექვსე პუნქტისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის ¹85 გადაწყვეტილების გაუქმება.

მოსარჩელეებმა სადავო აქტების გაუქმების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:

1. ორივე ადმინისტრაციულ აქტს საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 22 სექტემბრის ¹2/1089 უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც მ. რ-ს (თ. რ-ის ბებიას, ი. ი-ის დედამთილს) სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...... პირველი შესახვევის ¹11ა-ში აწ გარდაცვლილ, მამამთილ ი. რ-ზე რიცხული ლიტერ ა1 და ლიტერ ა2 ნაგებობები, ხოლო დანარჩენი ნაგებობები სარგებლობის უფლებით დარჩა ვ. ბ-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც უკანონო, გაუქმებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით და მითითებულ იქნა, რომ სასამართლომ, ისე განიხილა დავა, რომ საქმეში არ ჩააბა ი. ი-ე და თ. რ-ი, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ და მუდმივად ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, ლიტერ ა1 დ ლიტერ ა2 ნაგებობებში.

2. ლიტერ ა2 ნაგებობა აშენებულია ი. რ-ის გარდაცვალების შემდეგ 1985 წელს (იგი გარდაიცვალა 1973 წელს), შვილის შ. რ-ის (მ. რ-ის მეუღლის) და შვილიშვილის ზ. რ-ის (ი. ი-ის მეუღლისა და თ. რ-ის მამის) სიცოცხლეში, ამდენად, ამ ნაგებობის ი. რ-ზე დაკანონება ნაძალადევის რაიონის გამგეობას კანონის შესაბამისად არ შეეძლო.

3. ამ უკანონო აქტების საფუძველზე ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ლიტერ ა1 და ლიტერ ა2 ნაგებობების მემკვიდრედ ცნო ი. რ-ის მთელი შთამომავლობა, რის გამოც ი. ი-ესა და თ. რ-ს მიეკუთვნა თითოეულს სადავო ფართის მხოლოდ 1/54 იდეალური წილი, რითაც დაირღვია მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ამჟამად, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იხილება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში.

მოპასასუხემ, ქალაქ თბილისის მთავრობამ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის სასამართალმემკვიდრემ, არ ცნო სარჩელი და მიუთითა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.41.141 დადგენილება მიღებულია საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 16 მაისის ¹268-ე გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც არ ითვალისწინებს ყველა მემკვიდრის თანხმობას. სახლთმფლობელობის დაკანონოებით მემკვიდრეთა უფლებები არ ილახება და მათ დაკანონების შემდეგ მიეცემათ სამემკვიდრეო ქონებიდან წილის მიღების საშუალება. დადგენილება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.

არც საქმის მოსამზადებელ სტადიაზე და არც ზეპირი მოსმენის დროს მოპასუხემ, ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობას სარჩელის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

მესამე პირებმა, მ. და დ. რ-ებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს:

1. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ...... პირველი შესახვევის ¹11ა-ში 1941 წლიდან თვითნებურად დაკავებული 1012 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უნებართვო ნაგებობები ქალაქ თბილისის ტექბიუროს საინვენტარიზაციო ჩანაწერებით აღრიცხული იყო ი. რ-სა და ვ. ბ-ზე. 1012 კვ. მეტრიდან 1/3 316 კვ. მეტრი მფლობელობაში ჰქონდა ი. რ-ს და მასზე უნებართვოდ წარმოებული ჰქონდა ლიტერ ა1 მშენებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.41.141 დადგენილებით ი. რ-ზე დაკანონდა 316 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, სახლთმფლობელობითურთ.

ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 23 ივლისის ¹85 გადაწყვეტილებით ი. რ-ის სახელზე დაკანონდა ლიტერ ა1 და ლიტერ ა2 ნაგებობები.

2. მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება კანონიერად ემყარება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილებას, რომლის მიხედვით 1994 წლის 4 სექტემბრამდე მიტაცებული მიწის ნაკვეთები და უნებართვოდ აშენებული სახლები დაექვემდებარა სამართლებრივ რეგისტრაციას.

4. ი. რ-ზე რიცხული სახლთმფლობელობის დაკანონება კანონიერია, არავის ინტერესები არ შელახულა და ამდენად, ორივე სადავო აქტი უნდა დარჩეს ძალაში.

საქმე განსჯადობის წესით განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ და 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

გადაწყვეტილების გამოტანისას საოლქო სასამართლოს კოლეგიამ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1. მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით დაირღვა მათი უფლებები და კანონერი ინტერესები. პირიქით, გასაჩივრებული აქტების მიღება თავად მოსარჩელეთა ინტერესებს ემსახურება, იმდენად, რამდენადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ დაიცვან უძრავ ქონებაზე სადავოდ გამხდარი საკუთრების უფლება.

2. ის გარემოება, რომ სადავო სახლთმფლობელობისა და მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეგისტრაციისას საკითხის განხილვა მოხდა მხოლოდ ერთ-ერთი მფლობელის განცხადების საფუძველზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეორე მფლობელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვად.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული აქტები ემყარება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹ 806 და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილებებს, კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ლახავდნენ მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერსებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლიტერ ა1 ნაგებობა აშენდა ი. რ-ის მიერ და ქალაქ თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროშიE ირიცხებოდა მის სახელზე, როგორც უკანონო ნაგებობა, რაც შეეხება ლიტერ ა2 ნაგებობას, იგი აშენდა ი. რ-ის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, შვილისა და შვილიშვილის _ შ. და ზ. რ-ების სიცოცხლეში, წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას და არსად არ ყოფილა აღრიცხული.

ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის 1997 წლის 22 სექტემბრის ¹2/1089 გადაწყვეტილებით, რომელიც შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით გაუქმდა, ორივემ ლიტერ ა და ლიტერ ბ ნაგებობა გარდაცვლილ ი. რ-ის სახელზე რიცხულად გამოცხადდა და სარგებლობის უფლებით გადაეცა რძალს მ. რ-ს, რადგან ამ დროისათვის გარდაცვლილი იყვნენ შ. და ზ. რ-ები.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე «საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.41.141 დადგენილების მეექვსე პუნქტითა და ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ორივე, ლიტერ ა1 და ლიტერ ა2 ნაგებობა ი. რ-ზე დაკანონდა, როგორც მასზე რიცხული სახლთმფლობელობა და მასვე დაუმაგრდა ამ ნაგებობებით დაკავებული მიწის ნაკვეთი.

ამდენად, ქალაქ თბილისში, ....... პირველი შესახვევის ¹11ა-ში მდებარე ლიტერ ა1 და ლიტერ ა2 ნაგებობებისა და მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეგისტრაცია მოხდა ი. რ-ზე, მაშინ, როცა ლიტერ ა2 ნაგებობის მფლობელი იგი არასოდეს ყოფილა და არც მასზე ყოფილა აღრიცხული ოდესმე ეს ნაგებობა. უძრავი ქონების სამართალდამცავი რეგისტრაციის სისწორის პრეზუმპციიდან გამომდინარე, საქართველის სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ლიტერ ა2 ნაგებობა, ლიტერ ა1 ნაგებობასთან ერთად, ფაქტობრივად, ი. რ-ის სამკვიდრო ქონებად გამოცხადდა და შესაბამისად გაიზარდა მემკვიდრეთა წრე, რის შედეგადაც დაირღვა კასატორების _ ი. ი-ისა და თ. რ-ის უფლებები და კანონიერი ინტერესები, რადგან სწორედ ამ ადმინისტრაციულ აქტებზე დაყრდნობით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. რ-ის ე. წ «სამკვიდრო ქონებიდან» მათ მხოლოდ 1/54 იდეალური წილი მიაკუთვნა, თითოეულს ცალ-ცალკე.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ამჟამად, სააპელაციო წესით იხილება თბილისის საოლქო სასამართლოში.

საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სადავო ადმინიტრაციული აქტები მთლიანად უნდა გაუქმდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ნაგებობები უკანონოდ გამოცხადდება და სამოქალაქო წესით სამემკვიდრეო საქმის შემდგომი სასამართლო განხილვა შეუძლებელი გახდება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეიცვალოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ცვლილებები შევიდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის გასაჩივრებული დადგენილებისა და ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებაში.

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე და 411-ე მუხლებით, საკასაციო პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. ი-ისა და თ. რ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.41.141 დადგენილების მეექვსე პუნქტიდან, ასევე, ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ¹85 გადაწყვეტილებიდან სახლთმფლობელობის დაკანონების ნაწილში ამოირიცხოს ი. რ-ი და სამოქალაქო წესით საქმის საბოლოო განხილვისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოხდეს სახელობითი სამართლებრივი რეგისტრაცია.

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.41.141 დადგენილების მეექვსე პუნქტიდან, ასევე, ამოირიცხოს ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 22 სექტემბრის ¹2/1089 გადაწყვეტილება.

5. სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით წილობრივად გადახდეთ ქალაქ თბილისის მთვარობასა და ქალაქ თბილისის ნაძალადევის გამგეობას, ხოლო 10 ლარის ოდენობით ი. ი-ესა და თ. რ-ს, რაც ჩარიცხულ იქნეს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ანგარიშზე, ¹1151 141 102.

6. გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცეს ქალაქ თბილისის მთავრობას, ქალაქ თბილისის ნაძალადევის გამგეობას და ქალაქ თბილისის სააღსრულებლო ბიუროს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.