გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-3-კ.ს. 20 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა გ. ს-ის წარმომადგენლის ლ. მ-ას კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 4 იანვრის განჩინებაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1999 წლის 31 დეკემბერს გ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა მის სარჩელზე გამოტანილი ნაწილობრივი გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას. ვადის გაშვების მიზეზად გ. ს-ი ასახელებდა იმას, რომ ვერ მოახერხა წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაგრძელება, იგი არის 84 წლის ხანდაზმული, ავადმყოფი მოხუცი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 04.01.2000 წ. განჩინებით უარი თქვა საკასაციო საჩივრის შეტანას ვადის აღდგენაზე უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინების გაუქმების და გაშვებული საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის მოთხოვნით გ. ს-ის წარმომადგენელმა ლ. მ-ამ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ გ. ს-ის წარმომადგენლის ლ. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1999 წლის 10 ნოემბერს გ. და ნ. ს-ების სარჩელზე გამოტანილი იქნა ნაწილობრივი გადაწყვეტილება. მის გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები, რის შედეგადაE საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო მისი გამოცხადების მომენტიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა წარმოადგენს აღმკვეთი ხასიათის ვადას, რომლის გაგრძელება არ დაიშვება, ამდენად მასზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის აღდგენის წესები, მით უფრო, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით არ მომხდარა. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კერძო საჩივარში გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლად გ. ს-ის მიერ ხანდაზმულობის და ავადმყოფობის გამო წარმომადგენლებთან ხელშეკრულების დადების შეუძლებლობის მოტივს. საქმის მასალებში დაცულია გ. ს-ის მიერ გაცემული რწმუნებულებები (ს.ფ. 24-25), რომლითაც გ. ს-მა თავისი საპროცესო უფლებები მიანიჭა ლ. მ-ას და თ. ს-ს 2000 წლის 16 სექტემბრამდე, რის გამოც მას არ სჭირდებოდა ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კერძო საჩივარს თვლის დაუშვებლად და აშკარად უსაფუძვლოდ. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 397-ე, 390-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ის წარმომადგენლის ლ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.