გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ\ად-4-კ.ს. 20 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ნ. სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ც-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის არსებითად განსახილველად სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლები და დადგენილად ცნო შემდეგი:
ფიზიკურმა პირმა ი. ც-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში აღძრა სარჩელი და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტორს 1999 წლის 14 ივლისისა და 27 სექტემბრის ¹17-11\929 და ¹17-15-09\4317 წერილების ბათილად ცნობა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 1999 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე, ვინაიდან სარჩელში მითითებული სადავო აქტები _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წერილები არ განეკუთვნებიან სამართლებრივ აქტებს და მათი ბათილად ცნობის საკითხი არ არის სასამართლოს განსჯადი. კოლეგიამ მოსარჩელეს ასევე განუმარტა, რომ შეუძლია მიმართოს სასამართლოს მხოლოდ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შემლახავი ნორმატიული ან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებაზე ი. ც-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და ითხოვს მის გაუქმებას შემდეგი მოტივებით:
განჩინება გამოტანილია უსაფუძვლოდ, სადავო დოკუმენტების არსებითად შესწავლის გარეშე. სადავო წერილი ნამდვილად არ არის სამართლებრივი აქტი, სამართალთან და სამართლიანობასთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნაგულისხმევი დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც «ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს ნებისმიერი დადგენილება, გადაწყვეტილება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია ამა თუ იმ ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივ სფეროში რომელიმე კონკრეტული შემთხვევის მოსაწესრიგებლად. სასარჩელო განცხადებაE შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 360-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით. მოსარჩელის აზრით, სადავო წერილი კოლეგიამ უმართებულად მიიჩნია ფინანსთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივად, რადგან იგი წარმოადგენს „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ 1995 წლის 17 ოქტომბრისა და „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონების არასწორ, დამახინჯებულ განმარტებას, რისი უფლებაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტს, არ ჰქონდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ი. ც-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია, 1999 წლის 15 ნოემბრის განჩინებით უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, საქმის მასალები გადმოგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 1999 წლის 25 ოქტომბრისა და 15 ნოემბრის განჩინებების კანონიერება და კერძო საჩივრის დასაბუთებულობა, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ი. ც-ის მოსაზრებას კოლეგიის მიერ განჩინების დაუსაბუთებლად, სადავო დოკუმენტების არსებითად შესწავლის გარეშე მიღების თაობაზე. პალატის აზრით, კოლეგიამ სადავო წერილების სწორედ არსებითად შესწავლის შედეგად, კანონიერად და საფუძვლიანად არ მიიღო სარჩელი, რადგან შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით სადავო წერილები არ წარმოადგენენ არც ინდივიდუალურ, არც ნორმატიულ აქტს, რის გამოც ისინი განსახილველად არ ექვემდებარებიან სასამართლო უწყებას. კერძოდ:
გასაჩივრებული 1999 წლის 14 ივლისის ¹17-11\929 წერილით (ს. ფ. 70-72) საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მიმართავს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილეს თ. კ-ს, რომელშიE კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ¹296-15; ¹633-40; ¹796-44 დადგენილებები და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის ბრძანებულება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“) გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცნება „სარგოს“ თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 27 სექტემბრის ¹17-15-09\4317 წერილი (ს. ფ. 69) წმინდა საინფორმაციო ხასიათისაა, რადგან მინისტრი ატყობინებს ი. ც-ეს, რომ განიხილა მისი საჩივარი, დასმულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან და აკადემიასთან მიმოწერაში. ამასთან, მინისტრი აცნობებს, რომ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტს, არა აქვს კანონის განმარტების უფლება და რომ კანონმდებლობაში არსებული გაურკვევლობის აღმოფხვრის მიზნით, ინიციატივით შევიდა საქართველოს პარლამენტში.
საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული წერილები შინაარსითა და ბუნებით არ წარმოადგენენ სასამართლოს განსჯად სამართლებრივ აქტებს, რადგან „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით: „სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი“. ორივე გასაჩივრებული წერილი, მართალია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერაა ხელმოწერილი, მაგრამ არ არის მიღებული კანონის III თავის _ «ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების ზოგადი წესები“ _ მოთხოვნების გათვალისწინებით, არ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული (კანონის 54-55 მუხლები) და შესაბამისად, შესასრულებლად სავალდებულოE არ არის, ვინაიდან არ განსაზღვრავს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ამდენად, ფინანსთა მინისტრის გასაჩივრებული წერილები არ წარმოადგენენ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ისინი არც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია, რადგან არ აწესებენ, არ ცვლიან, არ წყვეტენ და არ ადასტურებენ პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლება-მოვალეობებს. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, თბილისის საოლქო სასამართლოს შეფასება მართებულია, ფინანსთა მინისტრის გასაჩივრებული წერილები არ წარმოადგენდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს, რომელშიც იგულისხმება საჯარო-სამართლებრივ სფეროში უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონით დადგენილ წესით მიღებული და გამქვეყნებული დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება და ბრძანებულება, მაგრამ არა წერილი. საქართველოს ახალი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“ პუნქტების მიხედვითაE წერილი არ წარმოადგნს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ასევე ახალი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად იქნებოდა სასამართლოს განსჯადი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლის II ნაწილი, ასევე მართებულად შეაფასა ფინანსთა მინისტრის სადავო წერილები და საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, კანონიერად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე. ამრიგად, კოლეგიას საპროცესო ნორმები არ დაურღვევია, ამიტომ მისი განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 408-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვას მოსარჩელეს _ ი. ც-ეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 25 ოქტომბრისა და 15 ნოემბრის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
4. განჩინება კანოით დადგენილი წესით გადაეცეს ი. ც-ეს, საქმე დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.